Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნილი ნაწილი და ისევ შეუსრულებელი პირობა - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 სექტემბერს


„ოცნებამ“ გენპროკურორის არჩევის წესზე საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო - არის თუ არა ეს მიშელის დოკუმენტის მორიგი დარღვევა?

საშემოდგომო სესია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრით გაიხსნა.

პარლამენტს სამი ცვლილებისთვის უნდა ეყარა კენჭი:

  • მომდევნო ორ არჩევნებში 2%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ;
  • ფრაქციების წევრების რაოდენობაში ქვედა ზღვრის ოთხამდე შემცირების შესახებ;
  • გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ.

„ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ მესამე საკითხს არ დაუჭირა მხარი. ჩაგდებული კანონპროექტის მიხედვით, გენერალური პროკურორის ასარჩევად პირველი ორი მცდელობის დროს პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდებოდა, ხოლო შემდგომ მცდელობებს - ხმების უბრალო უმრავლესობა. უბრალო უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა კი ერთი წლით უნდა განსაზღვრულიყო.

პარტიის თავმჯდომარემ მას „სამართლებრივი სიმახინჯე“ უწოდა და მისი რეკომენდირების გამო ვენეციის კომისიის ექსპერტებიც კი გააკრიტიკა.

„ვენეციის კომისიაც არის ინსტიტუცია და მასაც აქვს თავისი ცოდვები სამართლებრივი, ასე რომ ვთქვათ. ესეც იყო ერთ-ერთი არაკორექტული რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე წარმოგვიდგინეს. ასეთები სხვებიც იყო წლების განმავლობაში, თუმცა ესეც იყო, სადაც ექსპერტებიც ცდებიან ხოლმე და ისინი ამ შემთხვევაში შეცდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩაგდებულ კანონპროექტს დღის ბოლოს აშშ-ის საელჩოს განცხადება მოჰყვა. გამოდის, რომ ამ გადაწყვეტილებით „ოცნებამ“ არა მხოლოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უგულვებელყო, არამედ „შარლ მიშელის შეთანხმების“ კიდევ ერთი ვალდებულებაც.

„"ქართული ოცნების" უარი, მხარი დაეჭირა გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის, ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კეზერაშვილის განაჩენის შესახებ პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-ის მესაკუთრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გენერალური პროკურატურა. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის, დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა აღწერს საქმის გარემოებებს. ბრალდების მხარის ვერსიით, „2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მასთან დაკავშირებული პირის - მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მანვე, სიტყვიერად დაავალა მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება.

აღნიშნული დავალება შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურების საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რას და როგორ მოიგებთ ვაქცინაციის ლატარიაში?

ორშაბათიდან დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

„შემთხვევით შერჩევის პრინციპით „ლატარიის კომპანია“ ყოველდღიურად გაათამაშებს ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ლატარია ყოველდღე გათამაშდება წლის ბოლომდე, კვირაში ერთხელ იქნება შემაჯამებელი გათამაშება, ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო, აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვინც უკვე აცრილია ან მომავალში აიცრება. გათამაშებაში ჩაერთვებიან როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერ აცრილებიც.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს 8-9 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $286 მლნ-ის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ 286 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

პანდემიის დროს წევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) მიმდინარე წელს ნასესხობის სპეციალური უფლების განაწილების ახალი წესი დაამტკიცა და ქვეყნებს შორის 650 მლრდ აშშ დოლარის (დაახლოებით 456 მლრდ SDR) ოდენობის გადანაწილება გააკეთა. ეს წესი ძალაში 23 აგვისტოდან შევიდა.

650 მლრდ აშშ დოლარიდან დაახლოებით 275 მლრდ აშშ დოლარი (დაახლოებით 193 მლრდ SDR) განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის დაბალშემოსავლიან ქვეყნებში განთავსდა. აღნიშნულ განაწილებაში საქართველოს 202 მლნ SDR ერგო, რაც დაახლოებით 286 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია.

წაიკითხე მეტი.

ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის დასაწყებად ეროვნული მუზეუმი 630 700 ლარის ავეჯს ყიდულობს

ეროვნული მუზეუმი სტელაჟებს, ხარაჩოებს, საოფისე თაოებსა და კარადებს ყიდულობს იმისათვის, რომ დაიწყოს მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე მყოფი ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გამოყვანა და ექსპონატების გატანა. ეროვნული მუზეუმი ხელოვნების მუზეუმიდან ფონდების ევაკუაცას გეგმავს მუზეუმის ახალ კორპუსში მდებარე რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრში, რომელიც ლადო გუდიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარეობს და მის "გ" კორპუსში (მდებარე გუდიაშვილის ქ. 3; მანჯგალაძის ქ. #1). შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, სად განთავსდება ხელოვნების მუზეუმის ექსპონანტები "ოქროს ფონდიდან", მიღებული ჯერაც არ არის.

მოხსენებით ბარათზე, რომელსაც ხელს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის მოადგილე, გია მარსაგიშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს აქვს სურვილი, ოქროს ფონდი განთავსდეს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, მუზეუმის ხელმძღვანელობის პოზიციით კი, ყველა ფონდი რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრში უნდა განთავსდეს.

წაიკითხე მეტი.

როგორ გამოიჭირა პუტინი მეათეკლასელმა

1 სექტემბერს, როცა რუსეთში ცოდნის დღე აღინიშნებოდა, ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკის საბავშვო ცენტრ „ოკეანეში“ სკოლის მოსწავლეებს ისტორიის ღია გაკვეთილი ჩაუტარა.

როგორც ეს ხდება ხოლმე ფაქტობრივად ყველა გამოსვლის დროს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აუდიტორიას კვლავ შესთავაზა ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია, „მართალი ხედვა“, თუმცა ამჯერად აუდიტორიაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ვლადიმირ პუტინს მოურიდებლად მიუთითა ტყუილზე. საუბარია ღია გაკვეთილის ერთ-ერთ მონაწილეზე, ქალაქ ვორკუტის 35-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ნიკანორ ტოლსტიხზე.

ღია გაკვეთილის მსვლელობისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება შეაჩერა პოლტავასთან ბრძოლაზე.

„რისთვის წამოიწყო პეტრე I-მა შვიდწლიანი ომი? რისთვის ომობდა შვიდი წელი შვედებთან? საერთოდაც პოლტავასთან ბრძოლა... ხომ წარმოგიდგენიათ, სად არის პოლტავა? სად შვედეთი და სად პოლტავა! არადა, გადამწყვეტი ბრძოლა პეტრე I-სა და კარლოს XII-ს შორის გაიმართა პოლტავასთან. ბოდიში და, სად შვედები და სად პოლტავა... არა, მაინც რას აკეთებდნენ ეს ყველანი ამ პოლტავასთან?!“ - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით იკითხა პუტინმა, რომელსაც, ყველასათვის მოულოდნელად, დარბაზში მჯდომმა სკოლის მოსწავლემ, ნიკანორ ტოლსტიხმა დაშვებულ უზუსტობაზე მიუთითა.

„არ ჩამითვალოთ... - ბოდიშის მოხდა დააპირა ნიკანორმა, მაგრამ რატომღაც მალევე გადაიფიქრა, - მოკლედ, ეს იყო არა შვიდწლიანი ომი, არამედ ჩრდილოეთის ომი და რადგანაც ისტორიის გაკვეთილია, მოკლედ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთის ომი გრძელდებოდა 1700 წლიდან 1721 წლამდე“.

ვლადივოსტოკში გამართული ღია გაკვეთილის ეს ეპიზოდი უმალ აიტაცეს სოციალურმა ქსელებმა. გამოითქვა ირონიანარევი მოსაზრებები, რომ მალე საჭირო გახდება ისტორიის სახელმძღვანელოების სერიოზული რედაქტირება.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

14 აგვისტოდან ამოქმედებულმა ახალმა კოვიდრეგულაციებმა მცირე ზომის კაფეების, ბარების მფლობელები ისევ დააფიქრა ობიექტების დახურვასა და თანამშრომლების დათხოვნაზე. რას აპირებს ეს ხალხი იმ შემთხვევაში, თუკი რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება? ჩვენი სტუმარია ბარ "მოზაიკის" მფლობელი და მენეჯერი ირაკლი არეშიძე.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG