Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ ციხე, შემდეგ მუზეუმი და სასაფლაო - ამერიკელი ტურისტის ცხინვალური თავგადასავალი


ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ, ჯეკსონ პოლ კრამერმა, 11 დღე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ისე გაატარა, რომ არც საქართველოს ხელისუფლებას და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს მისი პატიმრობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. 

კრამერის სახიფათო თავგადასავალი, დე ფაქტო კაგებეს ცნობით, 26 აგვისტოს დაიწყო, როცა ის ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ ერმანთან რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს. მანამდე ამერიკელმა მოგზაურმა მოიარა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები, თუშეთი, ყაზბეგის რაიონი და იქიდან გადაწყვიტა, რომ კავკასიის მთების სამხრეთ ქედს გაჰყოლოდა და ასე ჩასულიყო შავ ზღვაზე.

რუკაზე ვერ აღმოაჩინა და მხოლოდ დაკავების მერე გაიგო, რომ უხილავი და არარსებული საზღვარი გადაუკვეთავს. ცხინვალის ციხიდან გამოსვლის წინ გამართულ ბრიფინგზე ოს ჟურნალისტებს გულწრფელად უთხრა, თქვენი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდიო. კრამერის ბრიფინგი, რომელიც 18 წუთს გაგრძელდა, ყველა ოსურმა საინფორმაციო სააგენტომ და ტელევიზიამ გააშუქა.

„კავკასიაში ფეხით მოგზაურობა დავიწყე. არ ვიცოდი სამხრეთ ოსეთის არსებობის შესახებ. მინდოდა საქართველოს საზღვრიდან შავი ზღვისკენ წავსულიყავი. ზუსტად არ ვიცი, სად ვიყავი, როცა რუსმა სამხედროებმა დამაკავეს და რუსულ ბაზაზე გადამიყვანეს“, - თქვა კრამერმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე.

დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ კრამერს უამრავი კითხვა დაუსვეს. მას ცხინვალელი ჟურნალისტები უფრო როგორც ტურისტს, ვიდრე პატიმარს ისე ექცეოდნენ. დაინტერესდნენ მისი შთაბეჭდილებებით; ჰკითხეს, ყველაზე გრძელი მარშრუტი სად დაფარა? მექსიკიდან ფეხით კანადამდეო - იყო პასუხი. ცხინვალი როგორ მოეწონა? ისტორია თუ გაიგო? - იზოლატორში ერთი წიგნი მომიტანეს და ცოტა რამ იქიდან გავიგე, ცხინვალში კი ერთი მუზეუმი და მემორიალი მაჩვენესო.

ჟურნალისტებს არაფერი უკითხავთ, რა ხდებოდა იზოლატორში, როგორ დაკითხეს, რატომ გაათავისუფლეს?

არადა, ჯეკსონ კრამერი, ამ დრომდე ცნობილი პირველი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც რუსული ეფესბეს და ოსური კაგებეს თანამშრომლებს ოდესმე ცხინვალში დაუკითხავთ.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების დროს (ყველაზე ხშირად მწყემსებს აკავებენ ხოლმე) რუსული და ოსური სპეცსამსახურები პირველ რიგში იმით ინტერესდებიან, ქართული სპეცსამსახურების მიერ შეგზავნილ პირთან ხომ არა აქვთ საქმე.

მათი დაკითხვის მეთოდების შესახებ რადიო თავისუფლებას რამდენიმე თვის წინ ხვიჩა მღებრიშვილმა უამბო, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული ტალღის ფონზე დააკავეს და აღიარებინეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას სჭირდებოდა.

ხვიჩას კაგებეს და მილიციის თანამშრომლები უმოწყალოდ სცემდნენ. „ღამურების ამბავი უკვე დაწერილი ჰქონდათ, ხელი მომაწერინეს, მერე წამაკითხეს და თან მეუბნებოდნენ, ყველაზე კარგი შენთვის ეს არის, ოღონდ სასამართლოზე სხვა რამე აღარ თქვა, თორემ ცუდად წავა შენი საქმეო და დაიწყეს ვიდეოგადაღება. ბევრჯერ ჩამწერეს და მერე, რომელიც კარგი ვარიანტი გამოვიდა, ის გამოიყენეს“, - უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას ხვიჩა მღებრიშვილმა.

როგორ დაკითხეს ამერიკის მოქალაქე, და როგორ ეპყრობოდნენ მას იზოლატორში? ხომ არ იფიქრეს, რომ სპეცსამსახურების წარმომადგენელია, რომელიც ტერიტორიის და სამხედრო ბაზების დასაზვერად შევიდა რეგიონში? იმოქმედეს თუ არა მასზე ფსიქოლოგიურად? ამის შესახებ კრამერს ბრიფინგზე არაფერი უთქვამს, არც ჟურნალისტები დაინტერესებულან.

ოსებზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩებაო? - ჰკითხა ბოლოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. ძლიერები ჩანხართო, - ღიმილით უპასუხა კრამერმა. ჟურნალისტმა ეს კომპლიმენტად აღიქვა. ამერიკელი 11 დღის განმავლობაში მხოლოდ შეიარაღებულ ხალხს ხედავდა და მხოლოდ გამომგზავრების წინ ნახა მიკროფონიანი ადამიანები.

ყველაფრის მიუხედავად, კრამერი ცხინვალში მაინც ე.წ. საპატიო, პრივილეგირებული პატიმარი აღმოჩნდა. აჩუქეს წიგნი, წაიყვანეს მუზეუმში, ექსკურსია მე-5 სკოლასთან ომში დაღუპულთა მემორიალთან დასრულდა. ამ სასაფლაოს ცხინვალში ქართული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალს უწოდებენ.

კრამერისგან განსხვავებით, ქართველი მწყემსები, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად აკავებენ, "ექსკურსიებზე" არ დაჰყავთ. აქამდე მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც პატიმარს მსგავსად მოექცნენ. ციხიდან გათავისუფლების წინ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძარის გზაზე წაიყვანეს, იქ, სადაც 90-იან წლებში ავტობუსი აფეთქდა. პროპაგანდისტული ექსკურსია ცხინვალის ცენტრში დამწვარი მანქანების და საბრძოლო ტექნიკის ჩვენებით დასრულდა. ციხეში კი 90-იან წლებში გადაღებულ ვიდეოფილმებს უჩვენებდნენ.

„მე, ამერიკელისგან განსხვავებით, ცხინვალის სკოლასთან არსებულ სასაფლაოზე არ მიმიყვანეს. მე წამიყვანეს ძარის გზაზე, ავტობუსი ააფეთქესო და იქ აქვთ მემორიალი გაკეთებული და მერე მაჩვენეს კიდევ ცხინვალის შესასვლელთან, წრეზე არის დამწვარი მანქანები. თავიდან მეგონა, რომ პროფილაქტიკაა და ძველი მანქანები ულაგიათ. მერე ქალაქში, ერთ-ერთ შენობასთან მანახეს ბეტეერის გუმბათი, ასფალტში ლულით ჩარჭობილი. ეს უფრო პროპაგანდისტული იყო, რომ ეჩვენებინათ, რას შვრებოდნენ 90-იან წლებში ე.წ. ქართველი ფაშისტები, თუმცა ამაზე იმის ხსენება შეიძლება, რამდენი სოფელია მიწის პირიდან აღგვილი, იგივე თამარაშენი და სხვა სოფლები. პროპაგანდასაც ვერ ახერხებდნენ წესიერად, ვიდეოებს რომ მაჩვენებდნენ, კომპიუტერი გაეჭედათ და მეორე დღეს გააგრძელეს ჩემი ე.წ. განათლება“.

ჯეკსონ პოლ კრამერი 6 სექტემბრის საღამოს გაათავისუფლეს და, როგორც ეგრეთ წოდებული საზღვრის დამრღვევი, ადმინისტრაციული სასჯელით ცხინვალიდან გამოაძევეს. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელა.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

სუს-ის განცხადებით, მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ინფორმაციის გავრცელება დააგვიანა და ის მუდმივად მალავს ცნობებს დაკავებულების შესახებ.

ჯეკსონ პოლ კრამერი საქართველოდან 14 სექტემბერს გაემგზავრება. საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი, კავკასიის მთების გავლით შავ ზღვამდე ფეხით ჩასულიყო, შეუსრულებელი დარჩა. მისი გეგმები რუსეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა ჩაშალეს და მოგზაურობის ნაცვლად 11 დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარებინეს.

XS
SM
MD
LG