.... ერთ დღეს გაწყვეტილა ყველა.
დავით კლდიაშვილი
ორიოდე დღის წინ დავიწყებული ხმაური შემომესმა ქუჩიდან: აღმოჩნდა, რომ სწავლა დაიწყო და ბავშვები მათთვის ჩვეული ოპტიმისტური ეგზალტაციით მიიწევდნენ სკოლისკენ.
მივიწყებული ხმაური, რომელიც დილის ხმათა შემადგენელი ნაწილი იყო ყოველთვის, ისე დამაბნევლად და უცხოდ შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში, რომ ისიც კი ვიეჭვე, ხომ არ მესიზმრება-მეთქი, რადგან უკვე ერთი წელია ბავშვების ხმაური აღარ მაღვიძებს.
ხმა, რომელიც ჩემს ძილში იჭრება კვირაობით და ცოტა არ იყოს, დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს უშუალოდ გამოღვიძებისას, ჩემი სახლის მახლობლად (ან შეიძლება არც ისე ახლოს) მდგარი ეკლესიის ხმის გამაძლიერებლით გამომავალი მღვდლის მონოტონური დუდუნია: მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსის, მამისა ჩვენისაა... აწ და მარადიის და უკუნითი უკუნისამდე...
მას შემდეგ, რაც შარშანდელი კოვიდ-რეგულაციების გამო ხმის გამაძლიერებლით აღიჭურვნენ ეკლესია-ციხესიმაგრეები, ძილ-ღვიძილში უკვე ერთი წელია დისტანციურად ვესწრები სეკულარულ ყოფაში შემოსულ წირვებს და დრო და დრო მოწყენილ მგალობელ გოგონებთან ერთად ვმღერი უნებლიეთ:
... ამიიინ.
მოკლედ, გარე-ხმა აქამდე მხოლოდ ეს იყო, ახლა კი, როგორც იქნა, მოსწავლე ახალგაზრდობის მაჟორულ-ქაოტური ჭყიპინიც დამიბრუნდა, რაც, გულწრფელად რომ ვთქვა, ადრე ცოტა მაღიზიანებდა კიდეც, მაგრამ ამჯერად ბედნიერ კამერნატონად გადაეცა მთელ დღეს.
მართალია, ჩემი ასაკის უზომოდ მადლიერი ვარ, რომ კვლავაც სკოლაში არ მიწევს სიარული (ცხოვრება რომ სკოლაა, ეს სხვა საკითხია), მაგრამ დაუჯერებლად, წარმოუდგენლად მიხარია ცოცხალ პროცესში ჩაბმული ბავშვების ხმის გაგონება, რომლებიც დროებით მაინც დააღწევენ თავს მელანქოლიითა და მარტოობით დამძიმებულ უენერგიო ვირტუალურ გაკვეთილს.
მაგრამ მე ახლა ათენში ვარ, საბერძნეთზე ვწერ და არა საქართველოზე: ბავშვები აქ, საბერძნეთში მიდიან სკოლაში და არა ჩემ ქვეყანაში, რადგან ბავშვები კი არა, ზოგადად ჩემი ქვეყანა არ მიდის არსად.
იმის მიუხედავად, რომ აქაც კოვიდია და ეპიდემია არსად წასულა საბერძნეთიდან, ხალხს ნამდვილად არავინ ჩაგრავს. ჩვენგან განსხვავებით, აქ ლოგიკურად, მოცემული სიტუაციისთვის ადეკვატური თანმიმდევრულობით და თვითშეგნებით, გააზრებულად უმკლავდებოდნენ და უმკლავდებიან ეპიდემიას და ამიტომ ჩვენზე ბევრად, ბევრად ბედნიერად ცხოვრობენ ადამიანები...
ყოველ შემთხვევაში, დეპრესიის ნაირსახეობა, რომელიც არა მხოლოდ კოვიდთან დაკავშირებული ტრაგედიებით, არამედ ჩვენი პოლიტიკური თუ ზოგად-ფსიქოლოგიური მდგომარეობით არის გამოწვეული, აქაურობისთვის უცხო და გაუგებარია, რადგან აქ ვერავის გააგებინებ, რატომ უნდა გჩაგრავდეს საკუთარი ხელისუფლება...
რატომ უნდა იხდიდე ამხელა ფასს ხელისუფლების ცნობიერ შეცდომებში?!
ნუ გვგონია, რომ ყველა ისეა, როგორც ჩვენ ვართ ახლა საქართველოში. სხვაგან ცხოვრებაა, ჩვენთან კი - ყოველდღიური კვდომა და უიმედობა, და ეს არანორმალური, არაბუნებრივი და უსამართლოა.
საბჭოთა დროს იმის ბუნდოვანი ცოდნა მაინც იყო, რომ სხვაგან უკეთესად ცხოვრობდნენ, ახლა კი თითქოს ეს რწმენაც შეირყა, რადგან ინტერნეტმა (უფრო სწორად, განწყობამ, რომელსაც სოციალური ქსელების ჩვენეული ხედვის კუთხე აყალიბებს, სადაც მარტო იმას და ისე ვხედავთ, რაც უშუალოდ ჩვენი "წრის" თვალსაწიერში ხვდება), სივრცობრივი ერთგვაროვნების პარადოქსული ილუზია გააჩინა და გვეჩვენება, რომ, არსებითად, სხვაგანაც ისეა, როგორც ჩვენს რეალობაში, და ამ დროს არაა ასე - უბრალოდ ჩვენ ისევ ახლებურ "საბჭოთა კავშირში" აღმოვჩნდით, ჯაჭვებით ფეხებზე და აპათიით სულში, სხვაგან კი თავისუფლება და პასუხისმგებლობა ჯერაც ყოველდღიური მოვლენაა.
ძალიან დაგვჩაგრეს. მეტი რომ არ შეიძლება, ისე.
აქ ბავშვები სკოლაში მიდიან, მომავალი აქვთ, მე კი ისევ მლოცველი ხმის გამაძლიერებლით უნდა დავიწყო დილა...
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ნუთუ ახლა მხოლოდ ესაა საქართველო? დიაკვნის ხმა "დინამიკებში" და ჩვენი დრამატული ყოფისთვის შეუსაბამო, ატომური ბომბის აფეთქების მსგავსი ღამეული "სალუტები" კერძო წვეულებებზე?!
ნუთუ დიდი ხნით ჩაჩუმდა ყველა სხვა ხმაური?