Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიადაური ასაჩივრებს წინასწარ პატიმრობას


ზურაბ ზვიადაური
ზურაბ ზვიადაური

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა დღეს, 20 აგვისტოს გაასაჩივრეს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„ზვიადაურის პოზიციაც ასეთია. ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ავტომატიანი ადამიანებისგან იცავდა ძმის, საკუთარ და ახლობლების სიცოცხლეს“, - ეუბნება ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი რადიო თავისუფლებას.

17 აგვისტოს ზურაბ ზვიადაური პოლიციას თავად ჩაბარდა, მას შემდეგ, რაც წინა დღით სოფელ წინანდალთან მომხდარ სისხლიან გარჩევას 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, „ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისა და ოლიმპიური ჩემპიონის ძმა. თავად ზვიადაურს ბრალი 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება. დაპირისპირება მეზობელ მშენებლობებზე დასაქმებული მუშების უთანხმოებით დაიწყო.

„მე როგორც ვიცი, ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო ჩხუბი, რატომ მოზილეთ ამაზე, ჩვენიაო და ამის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა. იქ ჩემს ბიჭს ახლდა ფირმის წარმომადგენელი ვატო. ვატო იყო ერთ-ერთი, რომელსაც დაარტყეს. შემდეგ ჩაერთო ნიკა ამ პროცესში”, - უთხრა მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამამ, კახა კენჭოშვილმა „ტვ პირველს”.

ზურაბ ზვიადაურის პირადი თავდებობით გათავისუფლებას ითხოვს რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის, ორი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური და ვარლამ ლიპარტელიანი. ზურაბ ზვიადაურს თავდებად უდგება ყოფილი პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილიც:

„მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზურაბ ზვიადაური იცხოვრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე... შეგვიძლია მთელი სახლი დავუთმოთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლესაც იქ მივიყვანთ. თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე, კარებს ჩავკეტავ გასვლისას და გავაღებ მოსვლისას”, - დაწერა მან ფეისბუკზე 18 აგვისტოს, როდესაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ თავდებად დამდგარი სპორტსმენებისა და პოლიტიკოსის თხოვნა არ გაითვალისწინა და ჩათვალა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლება საფრთხეს შეიცავდა.

„...დაპირისპირება, რომელიც მოხდა წინანდალში, ჯერ არ არის განეიტრალებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ახალი არამართლზომიერი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა, ასევე მტკიცებულებების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე“, - ასე დაასაბუთა მან მიღებული გადაწყვეტილება.

თამარ კაპანაძე
თამარ კაპანაძე

მიუხედავად იმისა, რომ პირადი თავდებობის საკითხი სასამართლომ ამ ეტაპზე არ გაითვალისწინა, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება იმათი რიცხვი, ვინც ზვიადაურს თავდებად დაუდგება.

„არიან კიდევ სხვა ადამიანები, ვინც თანახმაა, რომ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგეს... ის თავად ჩაბარდა პოლიციას. გვითხრა, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და როგორ უნდა მივიმალოო. გამოძიებასთან თანამშრომლობს და მის ხელთ არსებული მტკიცებულებებიც გააცნო“, - ამბობს ადვოკატი, რომელიც პირადი თავდებობის ალტერნატივად მეორე ვერსიას, გირაოსაც განიხილავს.

„თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს“ - ასეთი სათაურით ინტერნეტგვერდზე მანიფესტი.ჯი ზვიადაურის გულშემატკივრებმა მის სასარგებლოდ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, რომელმაც ბევრჯერ ასახელა ჩვენი სამშობლო და ბევრჯერ გაგვახარა, ახლა მძიმე დღეები უდგას. ბრალდებულია ძმის მკვლელის მკვლელობის საქმეში .ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მოხდა მძიმე ტრაგედია, ზურას ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე, 17 წელი ელოდა ნანატრ შვილს, გთხოვთ მოაწეროთ ხელი და წარვუდგინოთ ხელმოწერები პროკურატურას და სასამართლოს რათა ზურაბ ზვიადაურს შეუმსუბუქდეს სასჯელი და გათავისუფლდეს, მას ის ტრაგედიაც ეყოფა რაც მის თვალწინ დატრიალდა“, - წერია პეტიციაში, რომელსაც ხელს 3000-მდე ადამიანი აწერს.

ზვიადაური ამბობს, რომ იარაღიდან თავდაცვის მიზნით გაისროლა, იმავეს ამტკიცებს მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამაც.

„ჩემმა შვილმაც დაცვის მიზნით გამოიყენა თავისი იარაღი, რომელიც განვადებით მე თვითონ შევაძენინე”, - ამბობს იგი „ტვ პირველთან" ინტერვიუში.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ მათ საჩივარს თელავის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ორშაბათისთვის ან ზეპირად განიხილავს, ან სხდომას დანიშნავს. ბადრაგის თანხლებით ძმის დაკრძალვაზე ნახევარი საათით მისული ზვიადაური ახლა ისევ თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG