Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიცოცხლე სიცოცხლის წილ“ - როგორ გადაარჩინეს ქართველმა და ოსმა ერთმანეთი სიკვდილს


ვეფხია კასრაძე
ვეფხია კასრაძე

ეს არის ოსი და ქართველი ბიჭის მეგობრობის ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი სიკვდილისგან იხსნეს.

„პირველად ტყვია რომ გავისროლე, თან პირჯვარი გადავისახე, ნეტა არავის მოხვდეს-მეთქი, მაგრამ ადამიანი თანდათან ეჩვევა ყველაფერს. ყველა ომში და კონფლიქტში ვმონაწილეობდი. ვგრძნობდი, რომ სიკვდილი მუდამ გვერდით დამდევდა, მთელი ჩემი ახალგაზრდობა ხელგადახვეული ვიარე სიკვდილთან, ხან ისე გავთამამდებოდი, თვალებშიც კი ჩამხედავდა, მაგრამ მაინც არ მიმეტებდა. ხოდა ასე გათამემებულს სიკვდილის აღარ მეშინოდა“, - მეუბნება ვეფხო და მთანხმდება, თავისი ამბავი მიამბოს.

ტყვედ ჩავარდნილი ოსები. გადარჩენილი სიცოცხლე

დედა პურის გამოსაცხობად ემზადებოდა, ცომი მოზელილი ჰქონდა, თონეც უკვე გახურებული იყო, მაგრამ ვეფხოს სთხოვა, ბაღში ჩაირბინე და ფიჩხი ამოიტანე, ცეცხლს შეიძლება შეშის დამატება დასჭირდესო. ვეფხომ სამხედრო ფორმა გადაიცვა და გარეთ გავიდა. მაშინ სოფელში ყველა სამხედრო ფორმით და იარაღით დადიოდა. როდის დაიწყებოდა მორიგი შემოტევა, არავინ იცოდა.

90-იანი წლების პირველი ომი ცხინვალთან ახალი დასრულებული იყო. სოფლებში შეიარაღებული ახალგაზრდები მორიგეობდნენ. ცხინვალთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელ ერგნეთშიც ასე იყო.

ვეფხო ბაღისკენ წავიდა. ტირიფონის არხის ხიდთან შეიარაღებული თანასოფლელები შეამჩნია. ხიდთან თეთრი ფერის ჟიგული იყო გაჩერებული. მანქანა უკვე ალყაში მოექციათ. თანასოფლელებმა ვეფხოს უთხრეს, მანქანაში შეიარაღებული ოსები სხედან და უნდა დავხოცოთო.

ალყაში მოქცეულ მანქანაში ზედმეტად არავინ ინძრეოდა. ბიჭებს ავტომატები უკვე მზად ჰქონდათ. ვითარება დაძაბული იყო. ერთი არასწორი მოძრაობა და მანქანის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნებოდა. ვეფხომ იკითხა, ოსები სოფელში რატომ შემოვიდნენო? მანქანა გაუფუჭდათ - იყო პასუხი.

იქნებ ეს ხალხი სამტროდ არ არის მოსული, რატომ უნდა დავხოცოთო, დაფიქრდა ვეფხო. ვეფხოს სოფელში სიტყვა ეთქმოდა. თანასოფლელები დაამშვიდა და მინებაწეულ მანქანასთან მარტო, უიარაღოდ მივიდა. იქ მსხდომებს ოსურად დაელაპარაკა და სოფელში გაჩერების მიზეზი ჰკითხა. მანქანიდან ერთ-ერთმა გამართული ქართულით უპასუხა. ღვინის საყიდლად გამოვედით და მანქანა გაგვიფუჭდაო. თუ სამტროდ არ მოსულხართ, დაგეხმარებითო, უთხრა ვეფხომ და ერთ მათგანს წაყოლა შესთავაზა. ოთხნი მანქანაში დარჩნენ. ერთი კი გაჰყვა, ის, ქართული რომ კარგად იცოდა.

სახლში მიიყვანა, საბუქსირე მავთული მოუძებნა, ღვინო და არაყიც ჩამოუსხა და უთხრა, ქართული ტრადიციის მიხედვით ღვინო აქ, სარდაფშივე, კასრაძეებში, კასრის თავზე უნდა გასინჯოო. დალიეს, ერთმანეთი გაიცნეს, ცხინვალელს სერჟიკა ერქვა. ისაუბრეს, ვეფხო თან აკვირდებოდა, ამოწმებდა, იქნებ მაინც სამტროდ არის მოსულიო. ლაპარაკში აღმოაჩინეს, რომ საერთო მეგობრებიც ჰყოლიათ.

80-იანი წლების ბოლოს, ვეფხია კასრაძემ სკოლა ცხინვალში დაამთავრა. შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და პარალელურად ცხინვალის თეატრშიც მუშაობდა. ომის შემდეგ, 20 წლისა იყო, ერგნეთში რომ დაბრუნდა. ცხინვალში კი მისი ნაცნობ-მეგობრები დარჩნენ. ზოგიერთ მათგანს ხელში იარაღი ეჭირა. ჰოდა მარანში ჩაყვანილ სერჟიკასთან ბევრი საერთო ნაცნობი აღმოაჩნდა.

ღვინოს შეყვნენ, რამდენიმე ჭიქა დალიეს და მანქანაში მყოფები დაავიწყდათ. როცა გაახსენდათ, ღვინო, არაყი, პური და საბუქსირე ტროსი აიღეს და მანქანისკენ წავიდნენ. იქ მყოფი ოსი ბიჭები უკვე ოფლში ცურავდნენ. ფიქრობდნენ, რომ მათი მეგობარი უკვე დახვრიტეს. ვეფხომ ბიძაშვილს მანქანა გამოართვა, გაფუჭებული „07“-ს დაუბეს და ცხინვალის შესასვლელამდე მიიყვანეს. იქ დაემშვიდობნენ. მანამდე კი, ვეფხომ, შეიარაღებულ თანასოფლელებს ოსების ტყვედ აყვანა გადააფიქრებინა.

„მე ვუთხარი, ბიჭებო, ჩვენები ჰყავთ დაჭერილი, თამარაშნელი ცოლ-ქმარი. ჩვენ რომ ახლა ესენი დავხოცოთ, იმათაც იმ წუთში დახვრეტენ, როგორც კი ამათი სიკვდილის ამბავს გაიგებენ. ჩვენ აქეთ ვართ, ცხინვალის იქით ქართული სოფლებია მოყოლილი, ხალხი ტყეზე გადადის და გადმოდის და იმათ სოცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე დაემუქრება-მეთქი. ვიცოდით, ერთი ოსი რომ მომკვდარიყო, სამ-ოთხ კაცს გვიკლავდნენ სანაცვლოდ. ტყეზე უსაფრდებოდნენ ხოლმე. სისხლის აღება იციან. ომში რაზეა საუბარი, როცა მოწინააღმდეგე გებრძვის, უნდა იბრძოლო და გაიმარჯვო. მტერი უნდა დაამარცხო, მაგრამ როცა კაცი ღვინოზეა მოსული, საფრთხეს არ გიქმნის, არაა კაცური, მას გაუსწორდე. ჩემთვის ტყვეების წამებაც მიუღებელია და ამის გამო ჩემიანებთანაც არაერთი დაპირისპირება მომსვლია“.

ტყვეობა. გადარჩენილი ვეფხო

გაშვებული ოსების ამბავი ერგნეთში მალე დაავიწყდათ. წელიწადზე მეტი იყო გასული. ვეფხო ნათესავების სანახავად, ერგნეთიდან დიდი ლიახვის ხეობაში ტყით გადავიდა. იქ სუფრა გაიშალა და გვიანობამდე შემორჩა. შემდეგ თამარაშენში (პირველი ქართული სოფელი იყო, ცხინვალის ჩრდილოეთით. 2008 წლის ომის შემდეგ განადგურებულია) მეგობრებთან გადაინაცვლა, იქაც შეიპატიჟეს. უკვე გვიანი იყო. დარჩენა შესთავაზეს, ტყეზე გადასვლა საშიში იყო. ცხინვალის შესასვლელთან რუსები იდგნენ. ვეფხომ აიხირა, ცხინვალი უნდა გავიარო და ერგნეთში ეგრე უნდა გადავიდეო. ვერ გააჩერეს. თეატრი მომენატრა და იქ უნდა გავიაროო, უთხრა მეგობრებს. არ უშვებდნენ, მაგრამ გაიპარა.

ცხინვალის მისადგომთან რუსების სამშვიდობო ჯარს მიადგა. თეატრის გავლით ერგნეთში გამიყვანეთ და ფულსაც მოგცემთ და ღვინოსაცო, შესთავაზა. რუსებმა უარი თქვეს. ცხინვალში მაინც შეიპარა. გვიანი შემოდგომა იყო. ციოდა, ცხინვალში ცრიდა. ხალხი ქუჩაში აღარ იყო. თეატრთან მივიდა, მონატრებულ შენობას დიდხანს უყურა, შემდეგ კი ერგნეთისკენ აღმართს დაადგა. ერთ-ერთ საგუშაგოზე რუსულად იკითხეს - ვინ მოდისო. ვეფხომ ოსურად უპასუხა - გურძიათ ლაპუ (ქართველი ბიჭიო). იარაღის გადატენვის ხმა გაიგო. დაითვალა. რვა კალაშნიკოვში ტყვია გასავარდნად მოემზადა. წრეში მოაქციეს და შტაბში შეიყვანეს. მომენტალურად გამოფხიზლდა. დაკითხეს. თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტური ბილეთი უპოვეს. ვერ დარწმუნდნენ, რომ არ იბრძოდა. უკვე შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„ყველაზე მეტად იმ წუთში რაც ვიგრძენი, ეს იყო სინანული, სინანული იმისა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემი ფეხით მივედი და ტყვედ ჩავვარდი. როცა შეიძლება, რომ ბრძოლაში კაცურად მოვკვდე, უკვე ვიცოდი, რომ აქ წამებით მომკლავდნენ. თუმცა მაშინ გადავწყვიტე, რომ წამებას ბოლომდე გავუძლებდი. ტკივილს მიჩვეული ვიყავი, ბავშვობიდანვე ისე მზრდიდა ჩემი ძმა, რომ ყველაფრის ატანას ვსწავლობდი. შიში არ მიგრძვნია. სიტყვით არაფერს ვუთმობდი, და ალბათ მაგიტომაც შეეპარათ ეჭვი, რომ მხოლოდ სტუდენტი ვიყავი და ნაბრძოლი არა. ვიღაცას რაციით დაუკავშირდნენ და იმან გასცა ბრძანება, ჩემ გარეშე არ მოკლათო. არადა, ერთი 20-25 კაცის ტყვე ვარ და ზოგი ამბობს, გავიყვანოთ და დავხვრიტოთო, ზოგი ამბობს, ვაწამოთო. ვიღაცა ოს ბიჭსაც დაურეკეს, რომელსაც ძმა ახალი მკვდარი ჰყავდა და მასაც ეუბნებოდნენ, წაიყვანე და რაც გინდა, უყავიო. ძელზე ხელებით დამკიდეს, წამება დაიწყეს, ახლაც ვერ ვწევ მარჯვენა ხელს ზევით. გათენებამდე ვეკიდე ასე. ის მეთაურიც არ ჩანდა, ვისაც ელოდებოდნენ. ამასობაში საგუშაგოზე ცვლა შეიცვალა. ვაგონებიდან, რომლებიც კაზარმის ფუნქციას ასრულდებდა, სხვა ხალხი გამოვიდა. ახლა ეს ხალხი ითხოვდა ჩემ დახვრეტას. აუხსნეს, რომ მეთაურს ელოდებოდნენ. უცებ ვიღაცამ დაიძახა - აუ, ამას მე ვიცნობო. იქ კი ვიფიქრე, რომ დავიწვი და ჩემი მებრძოლობის შესახებ ვეღარაფერს დავმალავდი. მომიახლოვდა და მეუბნება - შენ ბიჭო, ის ვეფხო არა ხარო და გადამეხვია. ხელში ამიყვანა და ჩამიხუტა. სერჟიკა აღმოჩნდა. სხვებს მიუბრუნდა და უთხრა, ამ კაცმა ხუთი კაცი სიკვდილს გადაგვარჩინაო. უნდა გავუშვათო, დაიჟინა სერჟიკამ, სხვები უკმაყოფილოები იყვნენ. წოდება არ ჰქონდა ისეთი, რომ გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ყველას ეუბნებოდა არ მოგაკვლევინებთო. ჩერეზ მოი ტრუპო“.

ამის შემდეგ ოსმა მებრძოლებმა ბევრი ითათბირეს, ერთმანეთზეც იწიეს. სერჟიკამ არ დათმო. ჯერ მე მესროლეთო, ამბობდა. საბოლოოდ ვეფხიას ხელები შემოხვია და ერგნეთისკენ წაიყვანა. ქართველების საგუშაგომდე მიაცილა.

„გამომშვიდობებისას ერთი მითხრა - ბიჭო, აქ რამ შემოგიყვანაო. მე რომ არ ვყოფილიყავი, ხომ იცი, აქ რა გელოდებოდაო. მე ვუთხარი, გახსოვს შენი სიტყვები, მაშინ ქართველებმა რომ დაგიჭირეს, რა მიპასუხე, როცა იგივე გკითხე-მეთქი? კტო ნე რისკუეტ, ტოტ ნე პიოტ შამპანსკოვო. ეს ისტორია იცით რატომ მოგიყევით?.. როცა ადამიანი სწორად მოიქცევი, ის აუცილებლად სიკეთით დაგიბრუნდება. როცა შენ სიცოცხლეს არ წაართმევ უდანაშაულო კაცს, ვაჟკაც კაცს. ისინიც მეომრები იყვნენ. იმათაც ისევე უყვართ ცხინვალი, თავისი ერი, როგორც ჩვენ, ჩვენ სხვა რამემ დაგვაპირისპირა ერთმანეთს. ეს ორი ძმა ერი. ეს ჩვენი ამბები რომ მკვლელობებით დასრულებულიყო, უფრო დიდი უფსკრული გაჩნდებოდა... იმ ჩემ თანასოფლელებსაც ვენაცვალე, რომ გამიწიეს ანგარიში და სერჟიკა ცოცხალი დატოვეს და გავუშვით... მაშინ სერჟიკა და ის ოსი ბიჭები რომ გავუშვით, ვინც კი ქართველი ჰყავდათ დაჭერილი, მათაც ყველა გაუშვეს და ის წელიწად-ნახევარიც ტყვია აღარ გავარდნილა. იყო ეგეთი მომენტები, როცა ერთ ან მეორე მხარეს ღირსეულ საქციელს ვინმე ჩაიდენდა, ვითარებაც ჩაწყნარდებოდა ხოლმე“.

რატომ გადაწყვიტა, რომ მოეყოლა?

ვეფხია კასრაძე ახლა ერგნეთში ცხოვრობს, მიწას ამუშავებს, მოსავალი მოჰყავს, თბილისშიც აქვს საქმე. მსახიობს ხანდახან სერიალებშიც იწვევენ. 5 შვილი ჰყავს. ბავშვებისთვის ეს ამბავი ჯერ არ მოუყოლია, ცოლმაც არ იცოდა ამ ისტორიის დეტალები. ჩემთან ერთად მოისმინა. არ უყვარს ვეფხოს ომისდროინდელი ამბების გახსენება.

„ეს ისტორიაც იმიტომ მოგიყევით, რომ ასეთი ადამიანური ისტორიები იქნება გზა ამ ხალხთან, ოსებთან დაკავშირების და დალაპარაკების. რამდენჯერმე მოვიკითხე სერჟიკა. ვიცოდი, რომ ამ ამბების მერე ვლადიკავკაზში წავიდა, მერე აღარ ვიცი მისი ამბები და აუცილებლად მოვძებნი. მე რომ ის მოვიწვიო, დარწმუნებული ვარ, მენდობა და ჩამოვა“.

რომ არა რუსების ვერაგი პოლიტიკა, ჩვენ და ოსები აქამდე შერიგებულები ვიქნებოდითო, ასე დაასრულა თავისი ამბის თხრობა ვეფხომ, თვალი შეავლო სახლის კედლებზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დარჩენილ ნატყვიარებს და იქით გაიხედა, სადაც მავთულხლართები ცხინვალსა და ერგნეთს ერთმანეთისგან ყოფს.

XS
SM
MD
LG