მიმომხილველების აზრით, თალიბანის მიერ ავღანეთის ორი საკვანძო მნიშვნელობის ქალაქის - ყანდაარისა და ჰერათის - აღება გადამწყვეტი შემოტრიალების წერტილია ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ მათ 20-წლიან ომში.
ყანდაარი ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი და ქვეყნის სამხრეთის ეკონომიკური ცენტრია. სხვათა შორის, 1996-2001 წლებში ის თალიბანის სასტიკი რეჟიმის დედაქალაქი იყო.
უძველესი ქალაქი ჰერათი კი დასავლეთ ავღანეთის მსხვილი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია.
ანალიტიკოსთა აზრით, 12 აგვისტოს ამ ქალაქების დაკავებამ აშკარად თალიბანის სასარგებლოდ გადაწონა პინა.
ახლა მოელიან, რომ თალიბები პირდაპირ დედაქალაქ ქაბულზე დაიძრებიან და საფრთხეს შეუქმნიან ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს.
„ყანდაარის დაცემა ვითარებას რადიკალურად ცვლის“ ამბობს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მრჩეველი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ჯონათან შროდენი.
„ვინაიდან ის ავღანეთის ისლამური საამიროს [თალიბანის რეჟიმის ოფიციალური სახელი 1996-2001 წლებში - რედ.]. ყოფილი დედაქალაქია, თალიბანის მიერ მისი დაკავება ავღანეთში საამიროს აღდგენასავით აღიქმება,“ დასძენს შროდენი.
ძალთა თანაფარდობის ცვლა თალიბანის სასარგებლოდ
თალიბებმა ავღანეთის 34 პროვინციიდან 16-ის დედაქალაქები დაიკავე 13 აგვისტომდე და კონტროლი დააწესა ქვეყნის 400-მდე ოლქის დაახლოებით ნახევარზე. ამას თალიბებმა ელვის სისწრაფით განხორციელებული იერიშის შედეგად მიაღწიეს მას შემდეგ, რაც 1 მაისს ქვეყნიდან უცხოური ჯარების საბოლოოდ გაყვანა დაიწყო.
ყანდაარი და ჰერათი თალიბებმა ქალაქების გარშემო და თავად ქალაქებში მრავალი კვირის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაიკავეს. უკანასკნელ დღეებში სამთავრობო ძალები აშკარად დაჯაბნეს ისლამისტმა რადიკალებმა. სამთავრობო ჯარებიდან ბევრმა უკან დაიხია, დანებდა ან დეზერტირობას მიმართა, ხოლო ზოგი მტრის მხარესაც კი გადავიდა.
ჰერათის აღების შემდეგ, 13 აგვისტოს, თალიბებმა ხელში ჩაიგდეს ისმაილ ხანი, ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი საველე მეთაური. ხანი მთავრობის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ჰერათის დასაცავად.
მეამბოხეებს იმავე დღეს ჩაუვარდათ ხელში ლაშქარგაჰიც, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქი და ამან მათ საშუალება მისცა, გაეძლიერებინათ პოზიციები პუშტუნებით დასახლებულ სამხრეთში. თალიბანი ძირითადად პუშტუნებისგან შედგება.
ასევე 13 აგვისტოს დაეცა სამხრეთში მდებარე ორი მნიშვნელოვანი ქალაქი - პროვინცია ურუზგანის დედაქალაქი ტარინ-კოვტი და პროვინცია ზაბულის დედაქალაქი ყალათი.
სამხრეთში პოზიციების გამყარების შემდეგ თალიბანი მიიწევს ქაბულისკენ. ათიათასობით ადამიანი გაურბის მეამბოხეთა შენაერთებს და 5-მილონიან დედაქალაქს აფარებს თავს.
ქაბულისკენ
12 აგვისტოს თალიბებმა დაიკავეს ღაზნი, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში. ამით მათ პირდაპირი საფრთხე შეუქმნეს ქაბულს. ღაზნი ყანდაარისა და ქაბულის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალზე მდებარეობს და დედაქალაქს 150 კილომეტრი აშორებს.
თალიბანის ყურადღება რომ ახლა ქაბულისკენაა მიპყრობილი, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 13 აგვისტოს მათ აიღეს პროვინცია ლოგარის დედაქალაქი პულ-ე-ალამი, რომელიც ქაბულიდან 70 კილომეტრითაა დაშორებული. ულ-ე-ალამი პრეზიდენტ აშრაფ ღანის მშობლიური ქალაქია.
„ღაზნის, ჰერათისა და ყანდაარის ერთდროულმა დაცემამ ძალთა თანაფარდობა უდავოდ შეცვალა თალიბანის სასარგებლოდ,“ ამბობს ქაბულის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის, ავღანეთის ანალიტიკური ქსელის მკვლევარი ალი ადილი.
„ქაბულის მოსახლეობა გრძნობს იმის გარდაუვალობას, რომ შემდეგი სამიზნე ეს ქალაქი გახდება,“ თქვა ადილმა.
„პოლიტიკანობა“
სისწრაფე, რომლითაც განიცადა ავღანეთის არმიამ კოლაფსი, შემაძრწუნებელია. თალიბანმა 16 პროვინციული დედაქალაქი სულ რაღაც ერთ კვირაში ჩაიგდო ხელში.
ზოგი მიმომხილველი ამ პროცესს ადარებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინსვლას ერაყსა და სირიაში 2014 წელს, როცა მან ე.წ. „ხალიფატი“ გამოაცხადა.
13 აგვისტოს მდგომარეობით მთავრობა მხოლოდ სამ დიდ ქალაქს აკონტროლებს - ქაბულს, ჯალალაბადსა და მაზარ-ი-შარიფს. ეს უკანასკნელი ჩრდილოეთ ავღანეთის კომერციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია. ის მრავალი კვირის განმავლობაში იმყოფება ალყაში.
ავღანეთის სამთავრობო ჯარების მთავარი ყურადღება ახლა მიპყრობილია ქაბულის დაცვაზე, რომლის წინააღმდეგაც თალიბანის დიდმა იერიშმა ჰუმანიტარული კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს. ჯერჯერობით არ არის ნათელი, მეამბოხეები ძალით მის აღებას არჩევენ თუ შეეცდებიან, დანებებაზე დაიყოლიონ მთავრობა. ავღანეთის ხელისუფლება პირობას დებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს თავდამსხმელებს.
აშშ-ის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თალიბანმა შეიძლება იზოლაციაში მოაქციოს ქაბული და სამ თვემდე პერიოდში აიღოს ის.
თალიბანის დაუბრკოლებელი წინსვლის საპასუხოდ აშშ-მა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ დამატებით 3000 ჯარისკაცს გაგზავნის ავღანეთში უახლოესი 48 საათის განმავლობაში, რათა უზრუნველყოს ქაბულიდან აშშ-ის საელჩოს პერსონალის ევაკუაცია. სხვა საელჩოები და ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც აცხადებენ, რომ ქვეყნიდან გაჰყავთ საკუთარი თანამშრომლები.
ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ 31 აგვისტოსთვის ავღანეთიდან ყველა მისი ჯარისკაცი იქნება გაყვანილი - თითქმის 20 წლის შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ დაამხო თალიბანის რეჟიმი.
„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი პოლიტიკანობის მოწმე შეიძლება გავხდეთ თალიბების მიერ ქაბულის სამხედრო ძალით აღების თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოიყურება,“ ამბობს შროდენი.