Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ვაქცინირებულებს რუსეთში არ აღიარებენ. „ცხინვალში ვაქცინაციამ აზრი დაკარგა“


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობას რუსული წარმოების ვაქცინით "Sputnik V"-ით ცრიან, თუმცა, ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, ტემპი იმაზე ნელია, ვიდრე მოლოდინი არსებობდა. მაისიდან დღემდე მხოლოდ 860 ადამიანია აცრილი.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს რუსეთიდან ცხინვალში 1000 დოზა ვაქცინა შეიტანეს, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინაციას არ ენდობა. ამას კი ისიც დაემატა, რომ რუსეთი არ ცნობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ვაქცინაციის პროცესს.

ვითარება სტაბილური ხდება. ახლა საავადმყოფოში შემოყვანილი პაციენტების  რაოდენობა არ აჭარბებს გაწერილების რაოდენობას...
ალექსანდრ პლიევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევას განცხადებით, გასულ ორ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ასამდე შემთხვევა გამოვლინდა, რაც პატარა რეგიონისთვის დიდი მაჩვენებელია.

ცხინვალის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ალექსანდრ პლიევის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში COVID-19 ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოში 75-დან 95-მდე მერყეობდა. პლიევის თქმით, ბოლო დღეებში ვითარება შედარებით სტაბილური ხდება.

ახლა საავადმყოფოში შემოყვანილი პაციენტების რაოდენობა არ აჭარბებს გაწერილების რაოდენობას. ეს მაჩვენებლები თანაბარია. ფაქტობრივად, ჩვენ უკვე პლატოზე ვართ. ექიმებმა ამოისუნთქეს. ახლა მთავარი ის არის, რომ აღარ არის ისეთი შემოდინება "წითელ ზონაში", როდესაც ერთდროულად 10-15 ადამიანი იყო მოსათავსებელი. ადრე დღეში ერთ ან ორ მძიმე პაციენტს ვაგზავნიდით ჩრდილოეთ ოსეთში. ახლა ამ რაოდენობის მოქალაქეებს კვირაში ერთხელ ვაგზავნით“, - უთხრა ალექსანდრ პლიევმა „ეხო კავკაზას“.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ვაქცინაციის მსურველებს რუსული ვაქცინით უფასოდ ცრიან, თუმცა, როგორც პლიევი ამბობს, მოსკოვი არ ცნობს ცხინვალის ვაქცინაციას. ანუ, ადგილობრივი სერტიფიკატების გამოყენება და მათ საფუძველზე QR კოდების მოპოვება რუსეთში შეუძლებელია.

„ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს ტატიანა გოლიკოვას, ხოლო მთავრობამ მიმართა პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს თხოვნით, რომ ჩვენს ვაქცინაციებს მიეღოთ რუსული სერტიფიკატები და QR კოდი. მათგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია, მე ახლა მოსკოვში წასვლა მიწევს. ამავდროულად, მოსკოვში QR კოდის გარეშე წასვლა დისკომფორტს შემიქმნის, მათ შეიძლება სადმე არ შემიშვან, ან ვინმესთან შეხვედრა შეიძლება ვერ მოვახერხო, ამიტომ, ცხინვალში არ ავცრილვარ, შევარჩევ დროს და ვლადიკავკაზში წავალ ვაქცინაციისთვის“, - ამბობს ალექსანდრ პლიევი.

აქ ჩვენთან ანტივაქსერები მრავლად არიან, რომლებიც სოციალური ქსელებით ათას შეთქმულების თეორიას ავრცელებენ. ახლა ისინი ამ საკითხითაც ისარგებლებენ და ვაქცინაციის ანტიპროპაგანდას უფრო გააძლიერებენ. თუმცა აქვე ჩვენი მთავრობის უნიათობაც უნდა აღვნიშნოთ...

21 ივლისს, ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე, დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, სოსლან ნანიევმა თქვა, რომ რუსეთთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. თუ ეს ამბავი გაჭიანურდა, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებიან, არაერთ უხერხულობას შეუქმნის. მაგალითად, რუსეთის ოცდაათზე მეტ რეგიონში ვაქცინაცია სავალდებულოა. მათ შორის - ჩრდილოეთ კავკასიაშიც. ბოლოს სავალდებულო აცრის რეგიონებს ყარაჩაი-ჩერქეზეთი და დაღესტანი დაემატა.

სავალდებულო ვაქცინაციას ექვემდებარებიან ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, კვების, სილამაზის სალონების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში. თუმცა შეზღუდვები ამით არ სრულდება. თითოეულ რეგიონში სტუმრობისას ვიზიტორი შეიძლება წააწყდეს ადგილობრივ ანტიეპიდემიოლოგიურ რეგულაციებს, რამაც შეიძლება გაართულოს მისი იქ ყოფნა. მაგალითად, კრასნოდარის მხარეში სასტუმროში ვერ შევა სტუმარი, ვაქცინაციის სერტიფიკატის ან QR კოდის გარეშე. რუსეთში კი ცხინვალურ სერტიფიკატებს არ აღიარებენ და ეს დამატებით პრობლემას უქმნის ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

„აქ ჩვენთან ანტივაქსერები მრავლად არიან, რომლებიც სოციალური ქსელებით ათას შეთქმულების თეორიას ავრცელებენ. ახლა ისინი ამ საკითხითაც ისარგებლებენ და ვაქცინაციის ანტიპროპაგანდას უფრო გააძლიერებენ. თუმცა აქვე ჩვენი მთავრობის უნიათობაც უნდა აღვნიშნოთ. ვაქცინა შემოიტანეს და იმას ვერ მიაღწიეს, რომ ჩვენი ვაქცინირებულების საბუთები რუსეთმა აღიაროს. მაისიდან ვაქცინაცია მიდის და ჯანდაცვის სამინისტრო ახლა აპირებს მოლაპარაკების დაწყებას. გარდა ამისა, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს უნდობლად უყურებს, კრემლი ამით გვეუბნება, ვაქცინას კი გაძლევთ, მაგრამ აცერით თუ გადააქციეთ ვაქცინა, ეს ჩვენ არ ვიცით და არც გვჯერაო. აქ კორუფციის იმხელა მასშტაბებია, რომ რუსეთშიც კი უკვირთ და ფულით ნებისმიერი საბუთის, მათ შორის, ვაქცინირებულის საბუთის ყიდვაც შეიძლება. აქ რუსეთს აქვს საელჩო და ყველაფერი იციან, ეჭვები რომ არ ჰქონდეთ, აქამდე აღიარებდნენ ჩვენს საბუთებს, ახლა კი ცხინვალში ვაქცინაციამ საერთოდ აზრი დაკარგა, რადგან მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთში მუდმივად მიდის და იქ მაინც პრობლემები შეხვდებათ. აქ ხომ აცრეს რუსული ბაზის ჯარისკაცები, მათი საბუთები ხომ აღიარებულია, მაშინ რატომ არ აღიარებენ სხვა აქაური რუსეთის მოქალაქეების აცრის დოკუმენტს?“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა აქტივისტმა.

ექიმ ალექსანდრ პლიევის თქმით, ვინც ჯერ არ არის აცრილი, მაგრამ უახლოეს მომავალში რუსეთში მიემგზავრება, უმჯობესია, ჩრდილოეთ ოსეთში აიცრას. ხოლო ვინც უკვე ცხინვალში აიცრა, მანამდე მოუწევს ლოდინი, სანამ მოსკოვი და ცხინვალი დოკუმენტების ურთიერთაღიარებაზე არ შეთანხმდებიან.

XS
SM
MD
LG