Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე მძიმე დღე გორის უახლეს ისტორიაში


გორის დაბომბვა, 9 აგვისტო, 2008 წ.
გორის დაბომბვა, 9 აგვისტო, 2008 წ.

11 საათი სრულდებოდა. გორის თავზე რამდენიმე ბომბდამშენი გამოჩნდა. ჯერ წითელ მანათობელ მაშხალებს ისროდნენ, მერე მოულოდნელად დაბლა დაეშვნენ და ქალაქის დაბომბვა დაიწყეს.

ზუსტად 13 წლის წინ ქალაქი გორი რუსეთის საბრძოლო ავიაციის სამიზნე გახდა. ქალაქში ბოლის, მტვრისა და სისხლის სუნი იდგა. ჯერ ვერხვების დასახლებაში არსებული კორპუსები დაბომბეს. მსხვერპლი დიდი იყო. ქართველი ექიმები, ჯარისკაცები და რეზერვისტები დაჭრილების გაყვანას ვერ ასწრებდნენ.

გორის დაბომბვამდე ერთი დღით ადრე მაკა მესროფაშვილი, ქმართან, ზვიად რაზმაძესთან ერთად მშობლებთან სოფელ ხელთუბანში სტუმრად იმყოფებოდა. ისინი გორში 9 აგვისტოს დილით დაბრუნდნენ. მაკა ფეხმძიმედ იყო. ცოტა ხანში დაბომბვა დაიწყო. მაკას ტელეფონი გაითიშა. მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. გორში ჩამოსულმა მესროფაშვილებმა კორპუსთან ახლოს ჯერ დაღუპული სიძე იპოვეს, მოგვიანებით დაჭრილ შვილს გორის ჰოსპიტალში მიაგნეს, მაგრამ მაკაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დაღუპული ზვიად რაზმაძის ფოტომ, ძმა, ზაზა რაზმაძე, რომ დასტირის, მსოფლიო მოიარა. მაგრამ რაზმაძეების ტრაგედია წლების შემდეგ ისევ გაგრძელდა, 2014 წელს ზაზა რაზმაძე უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. 2019 წელს ნაოსნობაში წასული მისი შვილი, 23 წლის დავით რაზმაძეც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ზვიადის შვილი, დიტო ახლა მესროფაშვილების სახლში იზრდება. მაკას დედა, ნინო მესროფაშვილი ყოველი წლის 9 აგვისტოს იმ ადგილზე მიდის, სადაც სიძე დაიღუპა და შვილი მძიმედ დაიჭრა.

გორის დაბომბვა, 9 აგვისტო, 2008 წ.
გორის დაბომბვა, 9 აგვისტო, 2008 წ.

13 წლის წინ ჯანგულ ოქროპირიძეს ცოლის ნათესავები ჰყავდა სტუმრად. კომბინატის დასახლებაში, ორსართულიანი კორპუსის ერთ ბინაში, სტუმრები სადილობდნენ. ჯანგული პროდუქტების მისამატებლად ბაზარში გადავიდა, უკან დაბრუნებულმა კი დაინახა, როგორ მოხაზა ერთმა ბომბდამშენმა მისი კორპუსის თავზე წრე, მერე ცხვირი დაწია და დაბომბვა დაიწყო. სულ 4 ბომბი ჩამოაგდო. აქედან ერთი მის კორპუსს დაეცა. იმ დღეს ჯანგულმა ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა. მერე სახლის ნანგრევებში დიდხანს ეძებდა მათი სხეულის ნაწილებს. როგორც იქნა, შეაგროვა, ზეწარში გაახვია და იქვე, ეზოში, ნაძვის ძირში სახელდახელოდ გათხრილ საფლავში დამარხა. ამ ტერიტორიას არ სცილდებოდა. ეშინოდა, რომ ძაღლები სუნის გამო საფლავს ამოთხრიდნენ. იმ დღით კომბინატის დასახლებაში საავიაციო დაბომბვას 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

7 აგვისტოდან, რამდენიმე დღის განმავლობაში იბომბებოდა სოფელი ერგნეთიც, რომელიც ცხინვალის გვერდით მდებარეობს. იქ 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე იმ დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ ომმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა მშვიდობის ფასი.

9 აგვისტოს, გორისა და მიმდებარე სოფლების დაბომბვისას, 25 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 138. რუსული ავიაციის მიერ ზუსტად 13 წლის წინ 48 ქართული სოფელი დაიბომბა.

XS
SM
MD
LG