Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლობიანი და სამუხრუჭე ხუნდები ფასდაკლებით


მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე პანდემიას მხოლოდ აცრა შეაჩერებს. სანამ ხელისუფლება ვერ არწმუნებს მოქალაქეებს, რომ აიცრან, კერძო სექტორი მათი წახალისებისთვის სხვადასხვა გზას ეძებს. არის თუ არა აკრძალვები აუცრელებისთვის და ექსკლუზიური შეთავაზებები აცრილთათვის დისკრიმინაცია?

"თვალი გიცრემლდება. გულისცემის ხმას გრძნობ ყურებში და გგონია, ვერ სუნთქავ" - 29 წლის ფრილანსერი ჟურნალისტი რუსუდან ტაველიშვილი ბავშვობიდან ალერგიულია. დაახლოებით ერთი თვის წინ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მან უკვე იცის, როგორია გქონდეს კოვიდი, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, როგორი ალერგიული რეაქცია შეიძლება მისცეს აცრამ.

რუსუდანი გაურკვევლობაშია - ვერცერთმა ექიმმა, ვერცერთმა ალერგოლოგმა ვერ მისცა გარანტია, რომ აცრით გამოწვეული ალერგია მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის. რამდენიმე წლის წინ მძიმე ალერგიული რეაქცია სტომატოლოგის კაბინეტში, ტკივილგამაყუჩებლისგან დაემართა და შიში დღემდე გამოჰყვა. ექიმებისთვის არაერთხელ უკითხავს, მისთვის რომელი აცრა აჯობებს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

რუსუდან ტაველიშვილი
რუსუდან ტაველიშვილი

რუსუდანს კიდევ ერთი პრობლემა აქვს - მისი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეულია.

“ვერც ენდოკრინოლოგი მეუბნება, რომელი ვაქცინაა ჩემთვის მისაღები და, შესაბამისად, ძალიან დაბნეული ვარ. კოვიდი მაქვს გადატანილი, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობ, რომ აცრა გვიცავს ასპროცენტიანი სიზუსტით. ამასთანავე, როგორც ცნობილი გახდა, იგი არ აჩერებს კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებას… [ექიმები] არაფერს არ მირჩევენ, რადგან ვაითუ რამე მომივიდა, ესენი ეხვევიან შარში”.

2020 წლის დეკემბერში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეისწავლა მძიმე ალერგიული რეაქციის, ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები Pfizer-ით აცრილ ადამიანებში. 1 893 360 აცრილიდან, ანაფილაქსიური შოკი მხოლოდ 21 ადამიანს დაემართა. შემთხვევების 71% აცრიდან 15 წუთის განმავლობაში დაფიქსირდა.

ჩავარდნილი გეგმა?


ხელისუფლებაცა და მისი კრიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ აცრა იმთავითვე დაგვიანებით დაიწყო. ახლა ქვეყანაში ვაქცინის ასიათასობით დოზა შემოდის, თუმცა სახელმწიფომ ვერა და ვერ მოახერხა აცრას იმდენი ადამიანი, რამდენიც მისი გეგმის მიხედვითაა საჭირო. 3 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 523,466 აცრა, აქედან ერთი დოზით აცრილია 358,382, ორით კი - 165,084 ადამიანი. ვებგვერდის, stopcov-ის თანახმად, დღიურად საშუალოდ იცრება 11 126 ადამიანი.

"თუ დღიურად 20-30 ათას აცრაზე არ ავედით, ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა 20 ივლისს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს მაჩვენებელი საჭიროა საიმისოდ, რათა შესრულდეს ხელისუფლების გეგმა და წლის ბოლომდე სრულად აიცრას 1.6 მილიონი ადამიანი მაინც. თუმცა საქართველოში პანდემიის დასასრულებლად ესეც კი არ იქნება საკმარისი, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნება - ვირუსის გავრცელება რომ შეჩერდეს, იმუნიტეტი მოახლეობის 70%-ს მაინც უნდა ჰქონდეს.

რატომ არ იცრებიან? ამ კითხვაზე ხელისუფლების ოპონენტებს ბევრი პასუხი აქვთ. დაწყებული სარეგისტრაციო საიტის შეფერხებებით და დამთავრებული იმით, რომ ხელისუფლება არ აწარმოებს ეფექტიან საინფორმაციო კამპანიას და ვერ სთავაზობს დამაჯერებელ, მყარ არგუმენტებს კორონასკეპტიკოსებს.

3 აგვისტოს, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა - აცრას მოსახლეობის 45% არ აპირებს.

ლობიანი და სამუხრუჭე ხუნდები ფასდაკლებით

ივნისის დასაწყისში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იგეგმება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა.

“ბიზნესთან იქნება შეხვედრები და შესაძლოა, ეს იყოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.... ეს ყველაფერი ივლისის პირველ 10 დღეში მზად უნდა იყოს“, - უთხრა მაშინ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა - აცრილი ადამიანები “გარკვეული შეღავათებით” ისარგებლებენ. მაგალითად, მათზე შეიძლება აღარ გავრცელდეს გადაადგილების შეზღუდვა კომენდანტის საათის დროს, ანდაც ისინი მიიღებენ “გარკვეულ ფასდაკლებებს” კერძო სექტორში.

“კომენდანტის საათი” მოიხსნა, თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კი ჯერჯერობით არ დაწყებულა. სხვადასხვა კომპანია საკუთარი ინიციატივით, კორონავირუსისგან აცრილ ადამიანებს უკვე სთავაზობს: ფასდაკლებით ჭამონ ლობიანი, დალიონ ყავა, იყიდონ ავტომობილის აკუმულატორები, სამუხრუჭე ხუნდები… ან ბინა.

ჯერ კიდევ მაისში, ერთ-ერთი პირველი, ვინც აცრილებისთვის ფასდაკლების შეთავაზების იდეით გამოვიდა, საქართველოს რესტორნების ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე იყო. მისი თქმით, ინიციატივას ასოციაციაში გაწევრიანებული თითქმის 300 საკვები ობიექტიდან ნახევარზე მეტი იზიარებს და სახელმწიფოსთან შეთანხმებულ შეღავათების პაკეტს ამზადებენ.

“ვინც იცრება, და გარკვეულწილად თავს ვალდებულად გრძნობს, დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია რაღაც ბენეფიტი ჰქონდეთ, - ამბობს შოთა ბურჯანაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში, - ეს ბენეფიტი შეიძლება იყოს ფასდაკლება, სხვადასხვა ღონისძიება, არა მარტო სტუმრებისთვის, არამედ ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ სფეროში”.

შოთა ბურჯანაძე გეგმავს ფასდაკლებებსა და შეღავათებს, მაგრამ არა აკრძალვებს.

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი [აუცრელი კლიენტები] ვერ მიიღებენ ზოგადად მომსახურებას. საუბარი იმაზეა, რომ ისინი მიიღებენ რეგულარულ მომსახურებას, განსხვავებით იმათგან, ვინც არიან ვაქცინირებულები”.

“მხოლოდ აცრილთათვის”

თუმცა, რესტორნების ასოციაციისგან განსხვავებით, ერთმა დაწესებულებამ გადაწყვიტა, აუცრელი ადამიანები აღარ შეუშვას. 27 ივლისიდან ბარი “ამბავი” მხოლოდ კოვიდისგან აცრილ მომხმარებლებს ემსახურება.

ბარის მენეჯერმა კომენტარზე უარი თქვა. “ამბავის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი მითხრა, რომ მათი კარი ღია იქნება ასევე მათთვისაც, ვისაც ნეგატიური PCR ტესტი იქნება. ბარის ფეისბუკგვერდზე ეს დაზუსტება ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

“ამბავის” გადაწყვეტილებას მომხმარებლები არაერთგვაროვნად შეხვდნენ.

“მგონია, რომ არჩევანის საშუალება უნდა დავუტოვოთ, ვისაც არ უნდა აცრა, მოვთხოვოთ მაშინ PCR ტესტი, ან სწრაფი ტესტი”, - ამბობს ჟურნალისტი თაკო კვაჭანტირაძე, ერთ-ერთი, ვინც ეს ინიციატივა აუცრელი ადამიანების გარიყვად და დისკრიმინაციად შეაფასა. “სოციალურ ქსელშიც შემხვედრია, პირადადაც ვიცნობ ადამიანებს, ვისაც პანიკურად ეშინია და გონია, რო რაღაც დაემართება, და მაინცდამაინც ამ აცრით მოკვდება... და ისეთი იმუნიტეტი აქვს, რომ კორონას უფრო გადაიტანს... თუ კაფეში არ შეუშვი, მერე შეიძლება მაღაზიაში ან მატარებელში არ შეუშვა”.

არის თუ არა ეს მიდგომა დისკრიმინაციული? “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრს, უფლებადამცველ გიორგი მშვენიერაძეს მიაჩნია, რომ არა. მისი შეფასებით, თანასწორობის პრინციპი არ ირღვევა, რადგან ბარის გადაწყვეტილება არა დისკრიმინაცია, არამედ განსხვავებული მოპყრობაა (ანუ ისეთი, რომელიც ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს).

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი გურამ იმნაძე კი მეუბნება - არასწორია ბარის გამტყუნება იმისთვის, რომ იგი ცდილობს, დაიცვას საკუთარი პერსონალისა და სტუმრების ჯანმრთელობა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ვერ უმკლავდება საკუთარ ვალდებულებას და ვერ არწმუნებს ადამიანებს, აიცრან.

მაგრამ ამასთანავე, შესაძლოა, ბარის გადაწყვეტილება მართლაც აყენებდეს უთანასწორო მდგომარეობაში მათ, ვისაც აცრა სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლია, - ამბობს გურამ იმნაძე.

***

რუსუდანი ხალხმრავალ ადგილებს ერიდება, იშვიათად დადის ბარებშიც. კოვიდი გადატანილი აქვს, მაგრამ იცის - ანტისხეულები რომ გაუქრება, კორონავირუსის დელტა შტამი აცრილმაც კი შეძლება გადასდოს. ეს კი მას, როგორც აუცრელს, კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ჩააგდებს.

ყველაფრის მიუხედავად, ბარ “ამბავის” გადაწყვეტილება უსამართლობის განცდას უჩენს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვერავინ უპასუხა კითხვაზე - უსაფრთხოა თუ არა მისთვის აცრის გაკეთება?

რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის აპარატში უთხრეს, რომ ომბუდსმენი სწავლობს ბარ “ამბავის” გადაწყვეტილებას, იმის დასადგენად, “მოდის თუ არა შესაბამისობაში თანასწორობის პრინციპთან სხვადასხვა წამახალისებელი თუ სავალდებულო რეგულაციის დაწესება”.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG