Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადუმდით და ძალა მოიკრიბეთ!


ინგებორგ ბახმანი წერს ერთგან, რომ როცა კატასტროფა ხდება, პირველადი ინსტინქტი იმის დადგენაა, სად გაჩნდა შეცდომა და, როგორც წესი, შეცდომის სათავე ყოველთვის ბანალურია.

ახლა ეს ჩვენს პოლიტიკურ რეალობაზე მოვთარგმნოთ.

ბევრს, გადაუჭარბებლად, კატასტროფად მიაჩნია არსებული ხელისუფლების ვერდამარცხება მოახლოვებულ არჩევნებზე და, არ დავმალავ, ერთ-ერთი ასეთი მეც ვარ.

მაგრამ ოლიგარქატის თვალსაჩინოდ ვერდამარცხების პრობლემა შესაძლოა ბანალურ მიზეზში იმალებოდეს:

სახელდობრ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის სისუსტეში.

პოლიტიკური კლასის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებაში, რომლის დაძლევაც სწორედ პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობის სიბრტყეს განეკუთვნება.

არიან გამოცდილი, საინტერესო და განვითარების პოტენციის მაჩვენებელი ინდივიდები, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური კლასი მოსაწყენ უღონობას და სისუსტეს ასხივებს.

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკმაყოფილო, დათრგუნული, აპათიური და გაბრაზებულიც კია, უმრავლესობა უკვე კარგა ხანია დაღლილი და გაავებულია ოლიგარქზე და მის მარიონეტებზე, მაგრამ ვერც რისხვის და ვერც იმედის კაპიტალიზებას ვერ ახდენს ოპოზიციურ პარტიებში.

ნიჰილისტი დღეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე აქტიური მოქალაქე და ეს ნამდვილად არაა ნიჰილისტების ბრალი. ნურც ნიჰილიზმის მიზეზებს გავარკვევთ, ამისათვის უამრავი მიზეზი მოიძებნება და საინტერესოც აღარაა უკვე.

პოლიტიკური ცხოვრება არასდროს ყოფილა ასეთი "გაბრტყელებული", ზერელე და სიტუაციური.

ცხადია, პოლიტიკის გაბრტყელებულობა ჩვენი ეპოქის მახასიათებელია, მაგრამ ოლიგარქიულმა ავტორიტარიზმმა ის კიდევ უფრო ერთგვაროვანი გახადა.

ოლიგაქრქატის მზაკვრულობას და მოხერხებულობას უმეტესად მხოლოდ ემოცია, უღონო აგრესიულობა და მოსაწყენი ტელე-ანალიტიკა უპირისპირდება ოპოზიციური სპექტრიდან.

ამ დროს, პოლიტიკოსებს ქმედება მართებთ და არა გაუთავებელი ანალიზი მომხდარი თუ მოსახდენი ამბების.

თუ მაინც და მაინც, მომხდარზე და შეცდომებზე რეფლექსია, რომელიც, სულ მცირე, ძველი შეცდომების გამეორების დაზღვევისკენ იქნება მიმართული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა აბსოლუტურად უაზროდ ფლანგავს დროს გაუთავებელ პოლიტიკურ დებატებში ერთმანეთთან, რაც ნამდვილად არ ასუსტებს მთავარ "მოთამაშეს" ხელისუფლებიდან.

ეს იმას გავს, ფეხბურთს არ თამაშობდნენ და ფეხბურთელები კი დაუსრულებლად არჩევდნენ უბურთო მოედანზე ვერმომხდარ მოვლენას.

პოლიტიკოსებო! გამოდით ტელე-ეთერებიდან, დადუმდით, კონცენტრირდით და უშუალოდ (!) ეურთიერთეთ ადამიანებს, უშუალოდ შეხვდით ხალხს!

აგვისტო და სექტემბერი დუმილის და მოქმედების თვეები უნდა იყოს და არა დაუსრულებელი ქაქანის ტელეეკრანებზე!

შეიძლება ვიღაცას გულს ფხანდეს მავანის მოხდენილი ტავტოლოგია ან პარლამენტის მაგიდაზე ვაჟკაცური შეხტომა ოლიგარქიის ჯინაზე, მაგრამ ეს ძალას არ გმატებთ, ფაქტია, პირიქით, შესაძლოა გასუსტებდეთ კიდეც!

რადგან ხალხს ძალა სჭირდება და არა ისტერიკა.

ემოციას თავისი დრო და ადგილი აქვს.

ჟურნალისტის სამყაროსავით ძველ შეკითხვაზე, რა გეგმა გაქვთ, უპრიანი იქნება, ის მოყვეთ, რას აპირებთ გამარჯვების შემთხვევაში. და თუკი შინაარსობრივად არაფერი გაქვთ სათქმელი, სჯობს მარტივად გასცეთ პასუხი, ანალიტიკური წიაღსვლების გარეშე: გამარჯვებას!

მიწიდან ფესვებიანად ამოგლეჯილ ხეზე ოლიგარქატის დამპალი ნაყოფი კიდია, სადაცაა უნდა ჩამოვარდეს და ძალა კი არავის აქვს, რომ ხე შეარხიოს.

თქვენი პარტიული (პოლიტიკური "კვალიფიკაციის") კრიზისები შესაძლოა ისტორიული კრიზისის საფასურად დაუჯდეს ქვეყანას.

ოლიგარქი არ არის ძლიერი, სამწუხაროდ თქვენ ხართ სუსტები. და, შესაბამისად, ჩვენც, ვინც ხმას გაძლევთ, მხარს გიჭერთ და ძალების მობილიზებას და სწორად მართვას ველით თქვენგან.

ამიტომ დადუმდით, იფიქრეთ და ძალა მოიკრიბეთ!

ყოველ დღეს - და "დუმილს" - ოქროს ფასი აქვს.

დადუმდით და ძალა მოიკრიბეთ!
please wait

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG