ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეს ტერიტორიები UNESCO-ს ყურადღების ცენტრში მოექცა, არის ის, რომ კოლხეთის დაბლობი ლეფუგიუმია, ანუ ტერიტორია, სადაც რომელიღაც უძველესი სახეობა არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდში გადარჩა და დღესაც შემორჩენილია. კოლხეთის დაბლობზე ის მცენარეებია გადარჩენილი, რომლებიც ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდამდე არსებობდა.
„ისინი რამდენიმე მილიონი წლის წინ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იყო გავრცელებული. გამყინვარების დროს იქ ეს სახეობები განადგურდა, მაგრამ კოლხეთის დაბლობზე ზღვისა და მთების გამო გადარჩა“, - ამბობს ირაკლი გორაძე, გაეროს დაცული ტერიტორიების პროექტის კოორდინატორი.
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ აღიარებული ტერიტორიები, დაახლოებით, 60 ათას ჰექტარს მოიცავს, მასში შედის კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.
ტყეთმცოდნე ზურაბ მანველიძის თქმით, ის, რომ აქ შემორჩენილი სახეობები 20 მილიონი წლის წინათ არსებობდა, ნამარხებში ნაპოვნი ნიმუშებით მტკიცდება.
„ეს აღმოჩენილია ნატანების გათხრებში, გოდერძის უღელტეხილთან გათხრებში... წაბლი, წიფელი, ნეკერჩხლის გარკვეული სახეობები... ესენი იმ დროიდან შემორჩნენ.
გარდა ამისა, ეს ტერიტორიები განსაკუთრებულია იმით, რომ აქ იზრდება ენდემური სახეობები და, ამასთან, მცენარეების დიდი მრავალფეროვნებაა. მაგალითად, ნამწვავისწყლის ხეობა ერთადერთი ადგილია დედამიწის ზომიერ სარტყელში, სადაც ერთ ჰექტარზე 30-35 სახეობის მერქნიანი მცენარე გვხვდება, მაშინ როცა სანკტ-პეტერბურგის ან მოსკოვის ოლქი რომ ავიღოთ, იქ ერთ ჰექტარზე მხოლოდ 12 მერქნიანი სახეობა თუ იზრდება“.
UNESCO-ს მიერ მინიჭებული სტატუსი ნიშნავს, რომ საქართველოს ეს უნიკალური ეკოსისტემა საერთაშორისო დაცვის ქვეშ ექცევა, ქვეყანა კი მიიღებს დახმარებას ტექნიკის თუ კონსულტაციების სახით.
ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი იზოლდა მაჭუტაძე ამბობს, რომ როდესაც ქვეყანა საკუთარ ბუნებას ამ ნომინაციაზე წარადგენს, უნდა დაამტკიცოს, რომ მსგავსი ეკოსისტემა უნიკალურია და საქართველომ ეს შეძლო.
„კოლხეთის ტორფნარების მსგავსი მსოფლიოში არსად არის. ტყე და ტორფნარი ერთადაა, ტყე ძალიან ძველია, ტორფნარი - ახალგაზრდა, მხოლოდ 1700 წლისა. ამასთან, ტორფნარი ისე ჩამოყალიბდა, რომ ტყე არსად წასულა. ეს ჭაობები განსაკუთრებულია იმითაც, რომ ისინი წვიმის წყლით საზრდოობენ. ასევე, ძალიან მაღალია ტორფის წარმოქმნის სიჩქარე, წელიწადში 4 მილიმეტრი. ტორფნარის წარმომქმნელ სფაგნუმსაც [იგივე ტორფის ხავსი] მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი ახასიათებს, მათი სიგრძე 33 სმ-ს აღწევს“, - ამბობს იზოლდა მაჭუტაძე, ბათუმის უნივერსიტეტის, კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების განყოფილების უფროსი.
რა დამატებით პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას აკისრებს UNESCO-ს აღიარება საქართველოს?
„ვალდებულებას რაც შეეხება, თვითონ დაცული ტერიტორიების შესახებ კანონი გვავალდებულებს, დავიცვათ, მოვუაროთ და შევინარჩუნოთ, ასევე საზოგადოებას ვაჩვენოთ ის ბუნებრივი ფასეულობები, რაც ამ ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. დამატებითი ვალდებულებები UNESCO-ს ჩვენს შემთხვევაში არ დაუკისრებია, უბრალოდ, შეიძლება 5-10 წლის შემდეგ UNESCO-მ ხელახალი მონიტორიგის ჩატარება გადაწყვიტოს“, - ამბობს თომა დეკანოიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.
დღეს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი დედამიწაზე სულ 215-მდე უბანს აქვს მინიჭებული, მათ შორის - ამაზონის ტყეს, მთა ეტნას, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკსა და შვეიცარიის ალპებს.