Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა სინამდვილეში რუის-ურბნისის კრებაზე


დავით აღმაშენებლის ეპოქაში ჩატარებული რუის-ურბნისის კრება დღეს ერთგვარ მეტაფორად იქცა, რომლის ქვეტექსტად ეკლესიის რეფორმა, უღირსი სასულიერო პირებისგან ეკლესიის გაწმენდა იგულისხმება. კონკრეტულად რა მოხდა რუის-ურბნისის კრებაზე? რადიო თავისუფლება ისტორიკოს მიხეილ ბახტაძესა და მკვლევარ თინათინ ქავთარაძეს ესაუბრა.

გარდაიცვალა კათალიკოზი გაბრიელ საფარელი და დაჯდა კათალიკოზად იოანე, - ასე იწყებს დავითის ისტორიკოსი იმ წინაპირობების აღწერას, რომლესაც რუის-ურბნისის მოვლენები მოჰყვა. მემატიანე წერს, რომ წმინდა ეკლესიები ავაზაკების თავშესაფრად იყო ქცეული, მათ საეპისკოპოსოების მმართველობა არა ღირსების, არამედ წარმომავლობის გამო ჰქონდათ მიღებული და სჯულის ნაცვლად ხალხს, პირიქით, უსჯულოებას ასწავლიდნენ, - „და თჳთ სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა“.

თსუ-ს პროფესორი, ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე ამბობს, რომ პროცესები, რომელთა გამო რუის-ურბნისის კრების ჩატარება გახდა საჭირო, ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში დაიწყო. მაშინ ბაგრატ მეოთხემ ეკლესიაში წესრიგის დასამყარებლად საქართველოში ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი გიორგი მთაწმინდელიც კი ჩამოიყვანა, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო.

დავით აღმაშენებლის ფრესკა გელათში
დავით აღმაშენებლის ფრესკა გელათში

წესრიგის დამყარებაში იგულისხმებოდა საეკლესიო წესების მოგვარება და უღირსი სასულიერო პირების ეკლესიიდან განკვეთა - მათი, ვინც მაღალი საეკლესიო თანამდებობები არა ღირსების, არამედ წარმომავლობის გამო დაიკავა. ფეოდალურ საქართველოში მემკვიდრეობა უფროსი შვილის სახელზე რჩებოდა, უმცროსი შვილებიდან კი რომელიმეს საეკლესიო კარიერა უნდა აერჩია.

ასეთი უღირსი პირები გადააყენეს კრებაზე, მაგრამ ფიზიკურად არ დაუსჯიათ. ბობენ, თითქოს ქუსლები დააჭრა და წვივები დაუმტვრია, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ეს არც ერთ წყაროში არ არის ნახსენები. წერია კიდეც, არც კი დავწყევლეთო. ისინი, უბრალოდ, ეკლესიიდან განკვეთეს, რაც ნიშნავს, რომ დაბრუნდნენ საერო ცხოვრებაში ან მონასტრებში უბრალო ბერებად წავიდნენ“, - ამბობს მიხეილ ბახტაძე.

რუის-ურბნისის კრებას ესწრებოდნენ კათოლიკოს-პატრიარქი იოანე, ეპისკოპოსები, გიორგი მეორე, მისი თანამოსაყდრე დავითი და გიორგის და, მარიამი. აქვეა მწიგნობართუხუცესი გიორგიც. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუის-ურბნისის კრების შემდეგ მეფემ გააერთიანა ორი თანამდებობა - მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი. თუმცა არის აზრი, რომ ორი ტიტული გაერთიანდა კრებამდე და რუის-ურბნისის თავყრილობაზე გიორგის უკვე ჭყონდიდის ეპისკოპოსის სტატუსიც ჰქონდა მინიჭებული.

შეკრებილებიდან საეკლესიო კუთხით ყველაზე მაღალი იერარქი პატრიარქი იოანე იყო. ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე ამბობს, რომ დავით მეფეს, როგორც საერო ხელისუფლების წარმომადგენელს, ეკლესიაზე პირდაპირი ზემოქმედების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მისმა ავტორიტეტმა მაინც ძალიან დიდი როლი ითამაშა. „ქართლის ცხოვრება“ არ აზუსტებს, კონკრეტულად რამდენი სასულიერო პირი განკვეთეს ეკლესიიდან, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი არ იყვნენ უმრავლესობაში, რადგანაც კრებამ მათი ეკლესიისგან ჩამოშორება ძნელად, მაგრამ მაინც მოახერხა.

მაგალითად, ერთ-ერთი კანონი კრძალავს 12 წლამდე გოგოს გათხოვებას, რაც ნიშნავს, რომ ასეთი პრეცედენტები არსებობდა. ასევე მათთვის პრობლემა არ იყო წარმომადგენლობითი ქორწინების ჩატარება, რაც დაუშვებელია
თინათინ ქავთარაძე

რუის-ურბნისის კრებამ ასევე დაადგინა მთელი რიგი კანონები, რომელთაც საეკლესიო და საერო ცხოვრება უნდა დაქვემდებარებოდა. მაგალითად, აიკრძალა სასულიერო პირის ხელდასხმაში საფასურის აღება; დადგინდა, რომ მონასტრებს, უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ ერთი ან ორი წინამძღვარი ეყოლებოდათ. ასევე განისაზღვრა ასაკი, რომლის ქვევითაც გარკვეული სასულიერო წოდების მიღება შეუძლებელი იქნებოდა; აიკრძალა ეკლესიისთვის შეწირული ძვირფასი თუ სხვა ნივთების არარელიგიური დანიშნულებით გამოყენება, მათ შორის ტყვეების გამოსასყიდადაც კი; აიკრძალა ეკლესია-მონასტრების ახლოს ვაჭრობა.

ბოლო მუხლი ეხება სოდომურ ცოდვას, სადაც საუბარია, რომ ამ ცოდვაში მყოფს აღარც აზიარებდნენ და აღარც არაფერი. ძალადობაზე აქაც არ იყო საუბარი, მაგრამ შუა საუკუნეებში როდესაც გეუბნებიან, რომ შენ ეკლესიის წევრი აღარ ხარ, ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობს“, - ამბობს მიხეილ ბახტაძე.

ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი თინათინ ქავთარაძე განმარტავს, რომ რუის-ურბნისის კრების მთავარი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება იყო. ამ ხერხით დავით აღმაშენებელმა რეალურად დაიქვემდებარა ეკლესია, რომელიც იმ პერიოდში კორუფციაში ჩაფლული მაღალი იერარქებით იყო სავსე.

გარდა უღირსი სასულიერო პირების განდევნისა, ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა, ძეგლისწერის ის კანონები, რომლებიც ამ კრებაზე დაადგინეს. მაგალითად, ერთ-ერთი კანონი კრძალავს 12 წლამდე გოგოს გათხოვებას, რაც ნიშნავს, რომ ასეთი პრეცედენტები არსებობდა. ასევე მათთვის პრობლემა არ იყო წარმომადგენლობითი ქორწინების ჩატარება, რაც დაუშვებელია, ეს მხოლოდ ისლამში გვხვდება. ქრისტიანულ კანონიკას მუდმივად არღვევდნენ“, - ამბობს თინათინ ქავთარაძე.

წარმომადგენლობითი ქორწინების შემთხვევაში, თუ წყვილიდან რომელიმე (უმეტესად მამაკაცი) ჯვრისწერისას ომის ან სხვა მიზეზის გამო ადგილზე არ იყო, მისი გვირგვინი დაუსწრებლად იკურთხებოდა, ანუ ნეფეს ჯვრისწერაზე სხვა მამაკაცი ანაცვლებდა. ეს პრაქტიკა, რუის-ურბნისის ძეგლისწერის შეფასებით, არა მხოლოდ არასწორი, არამედ სასაცილოც კი იყო.

გელათის მინასტერი
გელათის მინასტერი

მიხეილ ბახტაძე ამბობს, რომ რუის-ურბნისის კრების სახით მაშინ დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გასაძლიერებლად კიდევ ერთი აგური დადო.

დავითი ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ქვეყნის ძლიერება ეფუძნებოდა ორ რამეს: სამეფო ხელისუფლებას და საეკლესიოს. როდესაც ერთი ტორტმანებდა და მეორე მყარად იდგა, ქვეყანას კიდევ არა უჭირდა, მაგრამ როდესაც ორივე ტორტმანებდა, მაშინ საქმე ძალიან ცუდად იყო“, - ამბობს ისტორიკოსი. მისი თქმით, აღმაშენებლის განზრახვა სწორედ ის იყო, რომ ქვეყანაში მონარქიაც და ეკლესიაც ძლიერი და გამართული ინსტიტუციები ყოფილიყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG