Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომდევდნენ და თან მირტყამდნენ - რადიო თავისუფლების რეპორტიორი ჟურნალისტებზე თავდასხმას აღწერს


თამუნა ჩქარეული
თამუნა ჩქარეული

რადიო თავისუფლების რეპორტიორი თამუნა ჩქარეული იმ ორმოცზე მეტ ჟურნალისტს შორისაა, ვინც დღეს დაშავდა. ის „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ საპატრიარქოსა და სხვადასხვა რადიკალური ორგანიზაციის მოწოდებების შედეგად ქუჩაში გამოსულ სიძულვილის ჯგუფებს აშუქებდა.

თამუნა ჩქარეული ჰყვება, სად და როგორ შეესწრო ძალადობას და როგორ დააღწია თავი საფრთხეს.

ანი ბურდული: თამუნა, შენ დღეს პარლამენტთან მუშაობისას დაშავდი. რატომ აღმოჩნდი საფრთხის ქვეშ, შეიძლებოდა თუ არა უცხოებისთვის იმის გაგება, რომ ჟურნალისტი იყავი?

რეპორტაჟზე წასვლამდე ჩავიცვი რადიო თავისუფლების მაისური და დავიხურე დამცავი ჩაფხუტი. მეგონა, თუ დაინახავდნენ, რომ მედიის წარმომადგენელი ვიყავი, უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი, მე არ დამესხმებოდნენ თავს და პოლიციაც უფრო მობილიზებული იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

რუსთაველზე, სადაც ხალხი იყო შეკრებილი, დაახლოებით ისეთივე სიტუაცია იყო, როგორიც „ოჯახის სიწმინდის დღეს”: ქალები, ბავშვები, სასულიერო პირები, ჩოხოსნები ცეკვავდნენ და სეირნობდნენ.

ანი ბურდული: როდის დაიწყო აგრესია?

გამოიარა მოპედიანმა გოგომ, რომელიც, ერთი შეხედვით, გამოირჩეოდა აქციის მონაწილეების მასისგან. აგრესიულად განწყობილი მამაკაცები გოგოს ირგვლივ შემოიკრიბნენ. მე მაშინ მივედი, როცა გავიგონე გოგოს ყვირილი, მესმოდა გინება, დავინახე, რომ იქვე იყო პოლიციაც. ამ სცენას ვიღებდი, როცა ბიჭმა ჩამარტყა ხელში და ტელეფონი გამივარდა, მაგრამ სწრაფად ავიღე და გავეკიდე გოგოს სხვა რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად.

ანი ბურდული: როდის წამოვიდა აგრესია უშუალოდ ჟურნალისტებზე?

სკუტერიანი გოგო, რომელიც შეშინებული ტიროდა, პოლიციამ გაარიდა ტერიტორიას. ჩაიყვანეს ქაშუეთის ეკლესიის უკანა მხარეს, თუმცა 50-მდე ადამიანი მაინც მისდევდა მას და პოლიციას ეჯაჯგურებოდნენ, თუმცა მერე თქვეს, თავი დავანებოთო. რაღაც მომენტში ეს აგრესია ჩემი და TV პირველის ჟურნალისტების მისამართით წამოვიდა, როცა აქციის მონაწილე კაცმა კამერის დანახვაზე დაიწყო ყვირილი, გადაიღეთ, გადაიღეთო. დაიწყეს ბოთლების სროლა, მსხვრევის ხმა გავიგე და შემდეგ დავინახე შუშის ნამსხვრევები. ამიტომ ჩავთვალე, რომ შუშის ბოთლი ისროლეს. ისროდნენ პლასტმასის ბოთლებსაც. მე, TV პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი ლიტერატურის მუზეუმთან ვიყავით. ჩავირბინეთ ქვევით, ალექსანდრეს ბაღისკენ გზების კვეთაზე. TV პირველის ჯგუფი თაბუკაშვილის მიმართულებით წავიდა, მე თავი მანქანებს შევაფარე, რადგან რაღაცები მოფრინავდა და თავზეხელაფარებული მოვრბოდი, უკან მომყვებოდნენ ეს კაცები და თან მირტყამდნენ ხელებს, რაღაც მომენტში თავი დამანებეს და TV პირველის ჟურნალისტებს მიუბრუნდნენ.

ანი ბურდული: გქონდა იმის განცდა, რომ ჟურნალისტი ხარ და იმიტომ გერჩიან?

ყველა ეპიზოდში მესმოდა: „რადიო თავისუფლება“! „რადიო თავისუფლება“! ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იცოდნენ, ვინ ვარ.

მინდოდა მეც თაბუკაშვილისკენ წავსულიყავი და გადამეღო, რა დაემართათ TV პირველის ჟურნალისტებს, მაგრამ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავად მითხრა, რომ იქით აღარ წავსულიყავი, რადგან „ეს ხალხი გაგიჟებულია და რომ დაგინახავენ, შენზეც გამოიწევენო”.

პოლიციაც არ ჩანდა ჩემს მახლობლად და მარტო დარჩენილს იმის შიში მქონდა, რომ ვიღაცას შეეძლო ჩემი მიმართულებით წამოსულიყო.

ჩემმა კოლეგა ჟურნალისტმა, მარი ნიკურაძემ, მითხრა, რომ სასწრაფოდ გამომეცვალა მაისური, რომელზეც რადიო თავისუფლება ეწერა, რადგან რადიო თავისუფლებას არიან ჩასაფრებულიო. მაისურის გამოსაცვლელად იქვე მეგობართან ავედი.

თამუნასთან ერთად აგრესიულად განწყობილი ჯგუფები დღეს 40-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, თორნიკე მანდარიას, ცხვირი გაუტეხეს და კბილები ჩაუმტვრიეს, დათო ქორიძეს კი სახესა და თავში ჩაარტყეს.

სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადება, რომლის თანახმად, არამიზანშეწონილი იყო დღეს მარშის გამართვა რუსთაველის გამზირზე.

ამ დრომდე შსს-სგან არაფერია ცნობილი დაკავებულების შესახებ.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG