Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზა კახეთში - დაპირება, რომელსაც ზურგს ჯერჯერობით არაფერი უმაგრებს


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრები თუ სხვა მაღალჩინოსნები გარკვეული პერიოდულობით ლაპარაკს იწყებენ კახეთის რეგიონში ამორტიზებული სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე. თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში რკინიგზა 1990 წლამდე მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ინფრასტრუქტურა განადგურდა. არაერთი დაპირების მიუხედავად, მისი აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის იდეაზე ილაპარაკა. რამდენად რეალისტურია პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ რკინიგზის ადმინისტრაციასთან სპეციალური შეხვედრა ჰქონდა, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად განიხილეს ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზის შესაძლო მშენებლობის საკითხი. როდის იქნება შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, პრემიერი კონკრეტულ დეტალებზე არ ლაპარაკობს. ამბობს, რომ მიმდინარეობს სავარაუდო ბიუჯეტის დათვლა. ლაგოდეხში სარკინიგზო ხაზი არასდროს ყოფილა.

"მე, როცა მქონდა რკინიგზასთან სამუშაო შეხვედრა, ასევე განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც. სავარაუდო ბიუჯეტის დათლაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიცოდეთ, როდის შეიძლება დავიწყოთ ამაზე მუშაობა. გადაადგილება გახდება კიდევ უფრო მარტივი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადება მოისმინეს ადგილობრივებმა. ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ „პროექტის განხორციელება მთლიანად რეგიონისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.

მათი თქმით, „ფერმერებს საშუალება მიეცემათ ადგილობრივი წარმოება გასაყიდად პირადად, შუამავლების გარეშე გაიტანონ საქართველოს დიდ ქალაქებში და უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ“. ასევე მოლოდინი აქვთ, რომ ლაგოდეხში ტურიზმი უფრო მეტად განვითარდება, თუმცა რესპონდენტები ამბობენ, რომ მათ ამ პროექტის განხორციელების დიდი იმედი არ აქვთ.

„მე მახსოვს, ადრე, როცა წნორის რკინიგზა მუშობა, ლაგოდეხიდან ბოსტნეული გასაყიდად მიგვქონდა სოხუმში! ახლა თუ ლაგოდეხში აშენდება სარკინიგზო ხაზი, ფერმერები მოსავალს უფრო მარტივად და მაღალ ფასში გაყიდიან“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

პრემიერ-მინისტრის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს ოპოზიცია. ლეიბორისტული პარტიის წევრი ნიკოლოზ ვარდოშვილი ამბობს:

„მე საერთოდ სერიოზულად ვერ ვუყურებ ღარიბაშვილის თუ სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებს. ან, საერთოდ, სად უნდა გაიაროს იმ რკინიგზამ? ყოფილ თუ ახლანდელ მაღალჩინოსნებს საკუთრებაში აქვთ ათასობით ჰექტარი მიწა. მაგალითად, ღარიბაშვილის ძმაკაცს, ირაკლი შიოლაშვილს, 400 ჰა მიწის ნაკვეთი აქვს დედოფლისწყაროში. ადრე ირაკლი სესიაშვილი (თელავის ყოფილი დეპუტატი) თელაველებს დაჰპირდა საბაგიროს. მე მისი ინიციატივა მომწონს. ყველაფერი გაყიდულია და ა პუნქტიდან ბ პუნქტში საბაგიროთი ჩაგვიშვებენ ხოლმე, ალბათ“.

რადიო თავისუფლება ლაგოდეხის მერს, ჯონდო მდივნიშვილს, დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა იცის პრემიერის მიერ გაჟღერებულ იდეაზე.

„მე ვერაფერს ვერ გეტყვით იმაზე მეტს, რაც თქვენ მოისმინეთ საპარლამენტო ტრიბუნიდან. მე ვფიქრობ, ალბათ, კოცეფციის დონეზე მუშავდება ეს იდეა“.

რადგან მერმა ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზის შესაძლო მშენებლობის საკითხზე არაფერი იცის, ჩვენ დავუკავშირდით ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ეს იყო პრემიერ- მინისტრის მიერ გაჟღერებული იდეა და ჯერ რეალობასთან ახლოს არ არის“.

ქადაგიშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების (ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი) განცხადებები გაიხსენა, როცა კახელებს მწყობრიდან გამოსული რკინიგზის აღდგენას ჰპირდებოდნენ, თუმცა სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროექტი განხორციელების შემთხვევაში წამგებიანი იქნებოდა.

„ადრე სხვა პრემიერსაც გამოუთქვამს აზრი კახეთში რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით. არსებული რკინიგზის აღდგენაზე იყო უფრო ჩაღრმავებული დისკუსიაც. მის რეაბილიტაციას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება, შეიძლება 150 მილიონ დოლარსაც კი გასცდეს, ამიტომ ჯერჯერობით ის შემოსავალი, რაც შეიძლება რკინიგზას კახეთიდან ჰქონდეს, იმ დანახარჯებთან ვერ არის შესაბამისობაში, რაც ამის ამუშავებას დასჭირდება“.

კახეთის რეგიონში გასული საუკუნის 90-იან წლებიდან განადგურებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ლაპარაკი „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო. 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში, თელავში საარჩევნო კამპანიის დროს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, თქვა, რომ „კახეთისთვის რკინიგზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი საქმე იყო და ყველაფერს გააკეთებდა, რომ რეგიონს ნორმალური ცხოვრების საშუალება მისცემოდა. ივანიშვილის შემდეგ კახელებს რკინიგზის აღდგენას 2018 წელს მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც დაჰპირდა.

რკინიგზის სადგური, თელავი.
რკინიგზის სადგური, თელავი.

რკინიგზის აღდგენაზე რამდენჯერმე ილაპარაკა იმ პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმაც, თუმცა 2020 წლის თებერვალში მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადრინდელი განცხადებები პერსპექტივას ეხებოდა, ეკონომიკურმა გათვლამ სხვა სურათი აჩვენა და კახეთში რკინიგზის აღდგენა არ იგეგმებოდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG