Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეუერთდეს "ღირსების მარშს"


რომან გოცირიძე, სალომე ზურაბიშვილი
რომან გოცირიძე, სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 5 ივლისს „ღირსების მარშზე“ მისვლისკენ მოუწოდებს. საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უმცირესობების ჩაგვრა უნდა შეწყდეს, პრეზიდენტმა კი ყველას უფლებები უნდა დაიცვას:

"კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, 5 ივლისს მივიდეს პრაიდზე - ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომა ხარ პრეზიდენტი, რომ დაიცვა ყველას უფლებები და უნდა იყო კონსტიტუციის დაცვის გარანტი. ხოლო ის შავბნელი ძალები, რომლებიც მოინდომებენ ან ვითარების არევას, ან ძალადობას, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად და დასჯის, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური და ექსკლუზიური უფლება აქვს ხელისუფლებას. მოხდება რაიმე ექსცესი? პასუხს აგებს საქართველოს მთავრობა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ძალადობის პირდაპირი წახალისება და აგრესიული ჯგუფების წახალისებაა მმართველი პარტიის თავმჯდომარისა თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მხრიდან იმის თქმა, რომ ქვეყანაში არსებული "რაღაც" ვითარებიდან გამომდინარე "ღირსების მარში" არ უნდა ჩატარდეს.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

პრაიდის ორგანიზატორების პარალელურად მობილიზაციისთვის ემზადებიან საქართველოში არსებული პრორუსი, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები - ისინი აპირებენ, ხელი შეუშალონ პრაიდის ჩატარებას.

„თბილისი პრაიდი“ არ აპირებს გეგმების შეცვლას და ლგბტქ ღირსების მარშის გაუქმებას, სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად.

XS
SM
MD
LG