Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დამეგობრდნენ სსრკ და აშშ კინოში?


(6 პროპაგანდისტული ფილმი, რომლებიც თითქმის დაივიწყა ისტორიამ)

ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უკვე დანიშნული იყო, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ისევ დაადანაშაულა ვაშინგტონი რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი რუსული სახელისუფლო მედიის ტონი უაღრესად კონფრონტაციული იყო - საზოგადოებას შეახსენებდნენ, რომ შეერთებული შტატები რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიტანა.

საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის ისტორია საინტერესოდ აისახება კინოში. "ცივი ომის" გავლენას, მაგალითად, ვერც ჰოლივუდი გადაურჩა და ვერც საბჭოთა კინემატოგრაფი. ამავე დროს, როგორც კი ორი ქვეყნის ურთიერთობა დათბობის ფაზაში გადადიოდა, რადიკალურად იცვლებოდა ავტორის პოზიცია - ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილა ხისტი რიტორიკა, თითქოს ეს ორი ქვეყანა ოდითგანვე ერთად ებრძოდა ბოროტებას და უსამართლობას ჩვენს პლანეტაზე. ყველაფერი რადიკალურად შეიძლება გარდაიქმნას პოლიტიკაშიც და ხელოვნებაშიც. ოღონდ აქ, თუკი ხელოვანმა კონიუნქტურას წინააღმდეგობა ვერ გაუწია, კონიუნქტურიდან სრულ დავიწყებამდე ერთი ნაბიჯია ხოლმე - არაფერი ძველდება ისე, როგორც პროპაგანდისტული კინოხელოვნება. ამ შემთხვევაში სულ ერთია, როგორი სახითაა გამოხატული ორი დიდი ქვეყნის ურთიერთობა - მტრული, თუ მეგობრული. თუმცა საბჭოთა (რუსი) და ამერიკელი ხალხის მეგობრობის თემა იმდენად იშვიათად წარმოჩნდება კინოს ისტორიაში, იმდენად ეგზოტიკურია, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრის ფონზე, ვფიქრობ, საინტერესო იქნება რამდენიმე დავიწყებული "მეგობრული ფილმის" გახსენება. მე თქვენთვის 6 სურათი შევარჩიე.

1. "ჩრდილოეთის ვარსკვლავი" ("The North Star" 1943, რეჟისორი ლუის მაილსტოუნი)

"ჩრდილოეთის ვარსკვლავის" ნახვის შემდეგ დავინტერესდი ფილმის გადაღების ისტორიით და, მართალი გითხრათ, სახტად დავრჩი, როცა გავიგე, რომ სცენარის ავტორი, რომელსაც აქამდე ვიცნობდი როგორც ქალთა უფლებებისთვის მებრძოლს ჰოლივუდში, მწერალი ლილიან ჰელმანი, გაქანებული სტალინისტი ყოფილა. მან სიამოვნებით შეასრულა პრეზიდენტ რუზველტის დაკვეთა და დაწერა პროსაბჭოთა სცენარი უკრაინელ გლეხებზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ნაცისტ დამპყრობლებს. მიუხედავად ამისა, სწორედ ლილიან ჰელმანმა უწოდა პირველად ამ ფილმს "უხეირო პროპაგანდა" და მოითხოვა კიდეც მოეხსნათ მისი სახელი ფილმის ტიტრებიდან. მოგვიანებით "ჩრდილოეთის ვარსკვლავი" მაკარტიზმის ეპოქას ემსხვერპლა - სურათის ავტორები ჰოლივუდის "შავ სიაში" მოხვდნენ, როგორც კინემატოგრაფისტები, რომლებიც საბჭოთა პროპაგანდას ემსახურებოდნენ. ფილმი, რომელიც პრემიერის შემდეგ რამდენიმე "ოსკარზე" იყო წარდგენილი, ფაქტობრივად, აიკრძალა და მნიშვნელოვანი კუპიურებით დაუბრუნდა კინოთეატრებს მხოლოდ 50-იანი წლების ბოლოს. საინტერესოა, რომ "ჩრდილოეთის ვარსკვლავი" ჯერ კიდევ 1944 წელს შეიძინეს საბჭოთა კინოთეატრებში საჩვენებლად, თუმცა საკმაოდ შეზღუდული გაქირავებით. არ არის გამორიცხული, რომ აქაური ცხოვრების ამ მეტისმეტმა იდეალიზაციამ და კარიკატურულმა პერსონაჟებმა საბჭოთა იდეოლოგებიც კი გააღიზიანა.

2. "მისია მოსკოვში" (Mission to Moscow, 1943, რეჟისორი მაიკლ კიორტისი)

პრეზიდენტი რუზველტი არ არის მოხსენიებული ამ ფილმის ავტორთა შორის, თუმცა კინოს ისტორიაში უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ იგი ლამის პირადად ხელმძღვანელობდა სურათის გადაღებას. ომის დაწყებისთანავე ვაშინგტონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო შეეცვალა ამერიკელების წარმოდგენა საბჭოთა კავშირზე - ქვეყანა, რომელიც აქამდე არსებითად ამერიკის პირველ მტრად ითვლებოდა, ისტორიამ ამერიკის მთავარ თანამებრძოლად და მეგობრად აქცია. ეს სახეცვლილება დამაჯერებელი გახდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი სცენარისტისა და რეჟისორის ხელში. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიმართა ჰოლივუდმა რუზველტის გუნდის წევრს, ამერიკის ყოფილ ელჩს საბჭოთა კავშირში, ურყევ სტალინისტ ჟოზეფ დევისს. სწორედ მის შთაბეჭდილებებს ეყრდნობა მაიკლ კიორტისი ამ ნახევრად დოკუმენტურ სურათში, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი ისტორიული მნიშვნელობა. ამერიკულ კინოგაქირავებაში ფილმი ჩავარდა - სტალინის შესახებ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი უკვე ჩამოყალიბებული იყო და მას ვერანაირი ფილმი ვერ შეცვლიდა. მაგრამ თავად სტალინს სურათი ძალიან მოეწონა. მისი განკარგულებით "მისია მოსკოვში" კუპიურების გარეშე გამოუშვეს საბჭოთა ეკრანებზე. გრანდიოზული პრემიერის შემდეგ დევისი ლენინის ორდენით დააჯილდოეს. ეს პრემია მას ვიშინსკიმ გადასცა.

3. "კონტრშეტევა"( "Counter-Attack". 1945, რეჟისორი ზოლტან კორდა)

პარაშუტისტ-დივერსანტს, გვარად კულკოვს, რომელმაც ნაცისტების ტყვედ აყვანა მოახერხა, ლეგენდარული პოლ მუნი ასრულებს. იმ პროსაბჭოთა ფილმებს შორის, რომლებიც ჰოლივუდში მეორე მსოფლიო ომის წლებში გადაიღეს, "კონტრშეტევა" ყველაზე ნაკლებად სცოდავს პროპაგანდისტული კლიშეებით - ფილმში იგრძნობა ზოლტან კორდას ხელი, დაძაბული ატმოსფეროს შექმნის მისი უნარი. მიუხედავად ამისა, "კონტრშეტევა" მხოლოდ რამდენიმე დღე უჩვენეს ამერიკის კინოთეატრებში ცარიელი დარბაზების გამო. "კონტრშეტევის" წარუმატებლობას იმით ხსნიან, რომ იმხანად მაყურებელი აშკარად გადაიღალა ომის თემაზე გადაღებული ფილმებით. თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუმალეს ეს სურათი საბჭოთა მაყურებელს - აქ ჭკუას კარგავდნენ ამერიკულ ფილმებზე, რომლებშიც რუსების როლებს ამერიკელი მსახიობები ასრულებდნენ.

4. "შეხვედრა ელბაზე" («Встреча на Эльбе», 1949, რეჟისორი გრიგორი ალექსანდროვი)

სტალინის საყვარელი რეჟისორის ამ ფილმს მთლად "მეგობრულს" ვერ უწოდებ - ავტორი განუწყვეტლივ მიმართავს შედარებას - ვინ უფრო ჰუმანურია და ვინ უფრო "უანგაროდ" ათავისუფლებს ნაცისტებისგან ევროპას - საბჭოთა თუ ამერიკელი ჯარისკაცი. მიუხედავად ამისა, "შეხვედრა ელბაზე" ერთადერთი მხატვრული დოკუმენტია, რომელიც მოკავშირეთა შეხვედრას ასახავს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. საბჭოთა და ამერიკელი ჯარისკაცი (ამერიკელის როლს რუსი მსახიობი ასრულებს) ერთმანეთს მდინარე ელბაზე ემშვიდობებიან - ხელს ჩამოართმევენ, თუმცა ეს ჟესტი გაიყინება - იწყება "ცივი ომის" ეპოქა. გადაღების პროცესში ალექსანდროვმა რამდენჯერმე გადააკეთა ფილმის სიუჟეტი იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლებოდა საერთაშორისო ვითარება. კორეაში ომის დაწყებასთან ერთად "შეხვედრა ელბაზე" თაროზე შემოდეს, თუმცა ქვეყნის სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ რამდენიმე ეპიზოდი ამოიღეს (სადაც სტალინი იყო ნახსენები) და ფილმი ხელახლა გამოუშვეს.

5. "ლურჯი ფრინველი" («Синяя птица» 1976, რეჟისორი ჯორჯ კიუკორი)

მორის მეტერლინკის პიესის მიხედვით გადაღებული ეს მუსიკალური ზღაპარი, ფაქტობრივად, ერთადერთი ფილმია ამერიკული და საბჭოთა კინოს ისტორიაში, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ "ერთობლივი": ჰოლივუდის ვარსკვლავების, ავა გარდნერის, ჯეინ ფონდას, ელიზაბეტ ტეილორის ჰონორარები გაისტუმრა სტუდიამ 20th Century Fox, ხოლო საბჭოთა მხარემ თავის თავზე აიღო ამერიკელი კინემატოგრაფისტების მგზავრობა და გადაღებები ყირიმში, ასევე ხარჯები დეკორაციებისა და კოსტიუმებისთვის , რომლითაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკმაყოფილო დარჩა ჯორჯ კიუკორი. საერთოდ, ამერიკული კინოს იმხანად ცოცხალ კლასიკოსს კრიტიკოსების წინაშე თავის მართლება მოუხდა - მეტერლინკის ეს ეკრანიზაცია, ეს რუსულ-ამერიკული "ფაქტურების" ნაზავი მეტისმეტად ყალბი გამოვიდა... და ეკრანებიდანაც მალე მოიხსნა. "ლურჯი ფრინველი" დაამთხვიეს საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვას, რომელიც, თავის მხრივ, ხანმოკლე აღმოჩნდა - 1979 წელს მოსკოვმა ჯარები შეიყვანა ავღანეთში.

6. "მოსკოვური სიცხე" ("Moscow heat", 2004, რეჟისორი ჯეფ ჩელენტანო)

ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს "რუსი შვარცენეგერი" ალექსანდრე კურიცინი, იმდენად უხარისხოა მხატვრული თვალსაზრისით, რომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოტოვოთ. თუ გაერთობით მხოლოდ იმიტომ, რომ სასაცილოა ეს უმწეობა და კარიკატურული პერსონაჟები (ჩემი საყვარელი მაიკლ იორკიც ვერ შველის რეჟისორს). მაგრამ ამ სიცილ-სიცილში შეიძლება სევდა შემოგაწვეთ და გაიაზროთ, რომ არ გამოდის არა მარტო პროპაგანდა, არამედ კონტრპროპაგანდაც. სურათის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ სურდათ თანამედროვე რუსეთის რეალური სახე შეექმნათ, რომ მათი მიზანი იყო ამერიკელი მაყურებელი განთავისუფლებულიყო სტერეოტიპებისგან, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში დაუგროვდა. ყველაფერი პირიქით მოხდა. უნიჭობა რომ მავნებელია, ამაში, მგონი, მეთანხმებით. და თუ გაინტერესებთ რამდენადაა მავნებელი, მაშინ ცოტა ხნით მაინც შეხედეთ "მოსკოვურ სიცხეს“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG