17 ივნისს, ოკუპირებული ახალგორი მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა დატოვა. მათ შორის იყო ისტორიკოსი ვლადიმერ ღუნაშვილი, ახალგორის მუზეუმ-ნაკრძალის ყოფილი დირექტორი. ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და ეს ამბავი მის დირექტორობას და მუზეუმის გარშემო შექმნილ პრობლემებსაც უკავშირდება. დე ფაქტო ხელისუფლებამ ის თანამდებობიდან მოხსნა და მის ადგილას სკოლის დირექტორი ზალინა ჩერტკოევა დანიშნა. ისტორიკოსი ვლადიმერ ღუნაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა მისთვის მთავარი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაა და არ იცის, დაბაში ისევ დაბრუნდება თუ არა. ოკუპირებული დაბიდან მუზეუმის ყოფილი დირექტორის გამოსვლამდე კი დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მუზეუმის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
აქ ოსური და ალანური არაფერი არ არის. ოსები საქართველოში და ქსნის ხეობაში ჩამოვიდნენ 1737-38 წლებში...ვალო ღუნაშვილი
სააგენტო „რესის“ ცნობით, შეიქმნა ახალი საბიუჯეტო ორგანიზაცია „ისტორიული მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმი“. დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქსნის ერისთავების სასახლე და მუზეუმი დე ფაქტო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. დე ფაქტო კულტურის მინისტრ ჟანა ზასეევას განცხადებით, „მუზეუმი წარმოადგენს განსაკუთრებულ ფასეულობას, იქ ინახება ოსების ისტორიის შუა საუკუნეების მასალები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს“.
ის, რაც ზასეევასთვის ოსური ისტორია და კულტურული მემკვიდრეობაა, ისტორიკოს ღუნაშვილისთვის არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. მუზეუმის ყოფილი დირექტორი ამას ხმამაღლაც ამბობდა და მისი თანამდებობაც ამას შეეწირა. ვალო ღუნაშვილი აცხადებს, რომ მისი ისტორიულ-იდეოლოგიურად განსხვავებული პოზიცია მიუღებელი იყო დე ფაქტო ხელისუფლებისთვის და ეს ბოლო წლების რეპრესიებშიც გამოიხატებოდა.
„მე რატომ მომხსნეს და მანდ არის იდეოლოგიური განსხვავება. ისინი ამბობდნენ, რომ რაც აქ არის, ყველაფერი არის ოსური. მე ეს ძალიან მაშფოთებდა და ახლაც მაშფოთებს. აქ ოსური და ალანური არაფერი არ არის. ოსები საქართველოში და ქსნის ხეობაში ჩამოვიდნენ 1737-38 წლებში და ამას ოსი მეცნიერი ვასო აბაევი წერს. აბაევზე დიდი მეცნიერი მათ არ ჰყავთ. ამ პოზიციის გამო, მუზეუმის თანამშრომლებზე და ჩემზე ზეწოლა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი პრესის ქვეშ ვართ“.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში კულტურის სფეროს მუშაკებსა და პედაგოგებზე განხორციელებული რეპრესიების შესახებ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა.
„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ბოლო პერიოდში დაინტერესდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებითაც. ამ შემთხვევაში საქმე ეხება კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტების თითქოსდა სამხრეთ ოსეთიდან გატანას, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს კულტურის გამოცდილი მუშაკი.
მუშაობა მიმდინარეობდა იმაზე, რომ გარკვეული კულტურული ძეგლები გამოცხადებულიყო ოსურ კულტურულ მემკვიდრეობად...უჩა ნანუაშვილი
დევნის და ზეწოლის ფაქტები, რომლებიც ბოლო კვირებში ახალგორში მოხდა, დამაფიქრებელია იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება ისინი განვიხილოთ „წერტილოვანი“ ტერორის ტენდენციად, რომელიც ადგილობრივი ქართველი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული“, - წერია ინსტიტუტის განცხადებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მუზეუმის ხელმძღვანელი და თანამშრომლები მუდმივი რეპრესიების პირობებში ცხოვრობდნენ. ყოფილი სახალხო დამცველის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ახალგორის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და პედაგოგებს.
„ეს ნაბიჯი წლების განმავლობაში მზადდებოდა. ამას წინ უძღოდა იქაურ კულტურის მუშაკებზე საკმაოდ სერიოზული ზეწოლა, მათ შორის მუზეუმის ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომლებზე. მუშაობა მიმდინარეობდა იმაზე, რომ გარკვეული კულტურული ძეგლები გამოცხადებულიყო ოსურ კულტურულ მემკვიდრეობად. იდენტობის შეცვლის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამიტომ იყო გარკვეული ზეწოლა. ბრალს სდებდნენ ადამიანებს, რომ თითქოს ისინი სხვადასხვა კულტურული არტეფაქტების გატანაში იყვნენ ჩართული. რამდენჯერმე იყო დაკითხვა. წლების განმავლობაში ამზადებდა დე ფაქტო ხელისუფლება ნიადაგს იმისთვის, რომ მთლიანად შეიცვალოს რეგიონის იდენტობა. აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, აუცილებელია, რომ ამ სფეროში პოლიტიკური პროცესები არ გავრცელდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ სფეროში მიმდინარეობს ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია. მინიმუმ კულტურის სფერო მაინც უნდა დარჩენილიყო იმ სფეროდ, სადაც სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ სფეროს მაინც მიაქციოს ყურადღება“.
ყველგან ვაწყდებით თუნდაც ტოპონიმების ცვლილებას და გადაკეთებას. მთელი პროცესია ეს, რომელიც, წლებია, მიმდინარეობს. უკვე გუგლის რუკაზეც ასახულია ოსური სახელები...მანანა თევზაძე
ახალგორის მუზეუმის პრობლემები კარგადაა ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელის მანანა თევზაძისთვის. ორგანიზაცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მონიტორინგის მიმართულებით მუშაობს, ამიტომ „ლურჯი ფარისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და ქართლის ოკუპირებულ ნაწილში არსებული ძეგლების მდგომარეობის შესწავლა. მანანა თევზაძე ინფორმირებულია ახალგორის მუზეუმის თანამშრომლების პრობლემების შესახებაც. მისი აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება ამ ნაბიჯით სრულ კონტროლს მოიპოვებს მუზეუმზე და საფრთხეში ვარდება ის ექსპონატები, რომლებიც იქაა დაცული. გარდა ამისა, მას არ გაჰკვირვებია დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ისტორიის ფალსიფიკაციის მორიგი მცდელობა.
„არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ ექსპონატებს თვითნებურად ხელი მოჰკიდოს და გადაწყვიტოს სხვა მუზეუმში გაშვება. ეს კონტროლი ყოფილ დირექტორს უკვე დაკარგული ჰქონდა. ყველგან ვაწყდებით თუნდაც ტოპონიმების ცვლილებას და გადაკეთებას. მთელი პროცესია ეს, რომელიც, წლებია, მიმდინარეობს. უკვე გუგლის რუკაზეც ასახულია ოსური სახელები. მე პირადად არ გამკვირვებია, რადგან აფხაზეთშიც და შიდა ქართლშიც ვხვდებით ისტორიის ფალსიფიკაციის შემთხვევებს“.
ახალგორში ქსნის ერისთავების სასახლეში განთავსებული მუზეუმი 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი და მუზეუმის ყოფილ ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს ამ მუზეუმ-ნაკრძალის იდენტობის შენარჩუნება დიდი ძალისხმევის ფასად უწევდათ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მითვისებით არის დაკავებული. პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობს.
ახალგორის მუზეუმი განთავსებულია ქსნის ერისთავთა სასახლეში (XVII ს.). ქსნის ხეობა მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ჯერ კიდევ ვახუშტის ცნობებში მოიხსენიება მცირე ქალაქი ახალგორი, რომელიც ქსნისა და არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ახალგორის რეგიონში მდებარე საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშებთან ერთად, თავისი ისტორიულ-მხატვრული ღირებულებით მნიშვნელოვანი ძეგლია XVII ს-ის I ნახევრის ქსნის ერისთავთა ციხე-დარბაზი და რეზიდენცია. მასში განთავსებულია მუზეუმი - არქეოლოგიური არტეფაქტების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, ეთნოგრაფიული მასალის ექსპოზიციით. ეს ყველაფერი კი ახლა საფრთხეშია, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასაყიდად გატანილ ექსპონატებს. ყველაზე ხმაურიან მაგალითად ოქონის ხატიც გამოდგება. ოქონის ხატი-ტრიპტიქონი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 1991 წელს, ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა. ხატი ცხინვალის მუზეუმში 1925 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გადაიტანეს. ოქონის ტრიპტიქონი ხელახლა ჩნდება 2001 წელს. იგი კრისტის აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს რუსეთის მოქალაქე ოლეგ ზემლიანიკოვს. სპეციალურმა კომისიამ მისი საწყისი ფასი 2 მილიონი აშშ დოლარით განსაზღვრა. ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 3 წელი გრძელდებოდა კვლევა და, საბოლოოდ, ტრიპტიქონი საქართველოს 2004 წელს დაუბრუნდა. ექსპონატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.