ენმ-ის ბლოკის დეპუტატები პარლამენტის სხდომათა დარბაზში 17:00 საათისთვის გამოჩნდნენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ნიშნის მოგებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ. მე-10 მოწვევის პარლამენტი თითქმის უკვე ბოლომდე შეივსო, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ჰარმონია არ სუფევს და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პოლიტიკური კრიზისი არ ამოწურულა. ერთ-ერთ მთავარ სადავო თემად 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი რჩება - ჯერჯერობით ვერ ხერხდება არსებული ორი ვერსიის საერთო ვერსიაში შერწყმა.
მოლოდინის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის დეპუტატები 8 ივნისს დილიდან არ გამოცხადდნენ და პლენარულ სხდომაზე შესვენების შემდეგ შევიდნენ. თუმცა დარბაზში ყოფნა მათ სულ რაღაც 10-15 წუთის განმავლობაში მოუწიათ.
„მოქალაქეების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ხანმოკლე განხილვის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გამოაცხადა, რომ ყველა სხვა საკითხის განხილვა 9-10 ივნისისთვის გადაიდო.
სხდომის დღის წესრიგის გრძელი ჩამონათვალის გვერდზე გადადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორედ სხდომათა დარბაზში თავიანთ შესვლას დაუკავშირა. დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ მწვავე დებატების შეეშინდა.
„საპარლამენტო სესიის დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის შესვლისთანავე, 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა სხდომის დარბაზიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“, უმრავლესობა, ჩამოშლილი ხელისუფლება, რომელსაც არა აქვს არანაირი საყრდენი, რეალურად შიშის გამო გაექცა ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ მიეღო მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში... მათ ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას გამოსვლის - ფრაქციის დროის გამოყენებით პოლიტიკური მიმართვის და შეეშინდათ ჩვენი ბლოკის წევრების მნიშვნელოვანი ჩართულობის ამ სესიაზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სხდომის 17:00 საათისთვის დასრულების საკუთარი ვერსია აქვს „ქართულ ოცნებას“. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ენმ-ის დეპუტატებმა დრო გაწელეს და სხდომაზე შესვლა მაინცდამაინც დასრულებისკენ მოინდომეს.
ენმ-ის ბლოკის წარმომადგენლები 8 ივნისს აცხადებდნენ, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხის განხილვაში და „ქართულ ოცნებას“ რეალური საქმის გაკეთებას აიძულებენ.
ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის პოზიცია არ შეცვლილა:
- ენმ-ის ბლოკი მე-10 მოწვევის პარლამენტს კვლავაც გაყალბებული არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ ერთგვარ გარდამავალ ორგანოდ აღიქვამს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესში.
- ენმ-ის ბლოკი ემზადება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იანი ზღვრის გადალახვის საშუალება, რაც „შარლ მიშელის დოკუმენტის“ თანახმად - რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა უნდა გახდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ხანგრძლივი ბჭობისა და კამათის შემდეგ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შევიდა. ბოიკოტის დასრულება მათი არჩევანი არ იყო. როგორც ისინი აცხადებენ, ოპოზიციის ნაწილის მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა, პარლამენტს მიღმა დარჩენის შემთხვევაში, მათ პარტიას საერთაშორისო იზოლაციასაც უქადდა.
8 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ვერსია უკვე მეორე მოსმენით, პუნქტობრივად უნდა განეხილათ. თუმცა ენმ-ის ბლოკის დეპუტატების გამოჩენამდე, პარლამენტის სხდომაზე გადაწყდა, რომ ეს აღარ მოხდებოდა.
ამნისტია ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ, პრინციპული განსხვავებების გამო, ვერაფრით ხერხდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული ვერსიების შეჯერება.
„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი ოპოზიციისთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ვერსია, რომელიც ფართო ამნისტიას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორიოდე მუხლის გამორიცხვითა და ამნისტირებულის მიერ უარის თქმის შესაძლებლობის მკაფიო ხაზგასმით.
- „ქართული ოცნების“ პროექტს იმგვარი ფორმულირება აქვს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პირველ რიგში ვისთვისაც იყო გამიზნული ეს ამნისტია, უარს აცხადებს ამ დოკუმენტით სარგებლობაზე.
- სწორედ ამნისტიის საკითხის კატეგორიული მიუღებლობა დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძირითად მიზეზად, როცა გამოაცხადა, რომ ხელს არ მოაწერდა „შარლ მიშელის შეთანხმებას“.
მხარდამჭერი დეპუტატების რაოდენობით, უმრავლესობას აქვს საშუალება, რომ ამნისტიის პროექტის საკუთარი ვარიანტი ბოლომდე გაიტანოს; მაგრამ, ყველასათვის ცხადია, რომ ამ შემთხვევაში დაირღვევა „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთება, რომ ყველა საკითხი პარტიებმა კონსენსუსის გზით უნდა დაამტკიცონ.
სწორედ კონსენსუსზე დაფუძნებული მუშაობისკენ მოუწოდებენ პარტიებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ეს საკითხი არც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს გამორჩენია 7 ივნისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ქართული ოცნება“ ისევ ლაპარაკობს ამნისტიის კანონის ფართო მხარდაჭერის აუცილებლობაზე, მაგრამ უკან არ იხევს და პოზიციებს არ თმობს.
ამნისტიის საკითხის განხილვა 8 ივნისს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით გადაიდო. მდინარაძემ ძირითად მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ დაგვიანება დაასახელა.
„როგორც ხედავთ, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჯერჯერობით კვლავ არ არიან დარბაზში. არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ აპირებენ... ფაქტია, რომ აქ არ არიან. ჩვენ დღეს ამნისტია უნდა გავიაროთ ძალიან მალე. ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაველოდოთ და მანამდე ჩვენ გვქონდა დანარჩენ ოპოზიციასთან საუბარი გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით - იქნებ შევთანხმებულიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა...
ჩვენ ჩვენი მყარი პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით და არგუმენტები გვაქვს, მაგრამ არგუმენტებსაც თავი რომ დავანებოთ, იმ ხალხის გარეშე, რომლის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავმჯდომარეს მათ შორის ეხება ამნისტიის პროექტი, მათი მონაწილეობის გარეშე არ მგონია განხილვა სწორი იყოს. დაველოდოთ, მათი არგუმენტები მოვისმინოთ და დღეს გადავდოთ საკითხი. ამასობაში, შეიძლება დრო გამოგვადგეს სხვა დანარჩენებთან შეთანხმებისათვის“, - განაცხადა მდინარაძემ.
8 ივნისის სხდომა დეპუტატების განცხადებებით გაიხსნა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დროისთვის სხდომათა დარბაზში არ იყო და ვერ მოისმინა - თუ რას ამბობდნენ მასზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
უმრავლესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ენმ-მა თვეების განმავლობაში, ხელოვნური კრიზისის პირობებში „აჯანჯღარა“ ქვეყანა და ახლა ხელმოცარულებს სხვა გზა აღარ დარჩათ - პარლამენტში შესვლის გარდა.
„ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა დაასრულა საბოტაჟი და პარლამენტში დაბრუნდა... ჯერჯერობით შემოსვლა ერიდებათ, ეტყობა... დარჩა ბოლო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი - რადიკალურმა ძალებმა ხელი უნდა მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას („შარლ მიშელის შეთანხმება“), შეასრულონ მოსახლეობის ნება და დაასრულონ სახელმწიფოსთვის საზიანო პოლიტიკა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა, ხათუნა სამნიძემ უმრავლესობის წარმომადგენლების გამოსვლებში ნიშნის მოგება და წინასწარ მომზადებული ტექსტები შენიშნა. სამნიძე მოუწოდებს მათ, რომ ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემას მიხედონ, რეალისტურად შეასრულონ „შარლ მიშელის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებები და არა ისე, როგორც ეს ამჟამად ხდება და, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ამ დრომდე მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი - „ძალა ერთობაშია“ პარლამენტში 32 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესაძლებლობაც მიეცემა. ამ გაერთიანებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, 36 მანდატი მოიპოვა, თუმცა 4 დეპუტატი ამ ჯგუფს უკვე გაემიჯნა და ესენი არიან:
- სალომე სამადაშვილი - დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანდა ფრაქციაში „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“;
- ხათუნა სამნიძე - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, გაერთიანდა ფრაქციაში „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“;
- გრიგოლ ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, პარტია დატოვა, გაერთიანდა ფრაქციაში „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“;
- თამარ კორძაია - რესპუბლიკური პარტია დატოვა, რჩება დამოუკიდებელ დეპუტატად.
ენმ-ის ბლოკის 32 დეპუტატის შემატების შემდეგ, 150-წევრიანი პარლამენტის სიით შემადგენლობაში 148 დეპუტატი იქნება. მანდატებზე უარი თქვეს „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“.