პარლამენტის პლენარული სხდომის ნაადრევად დასრულებას ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. ის ამბობს, რომ პარტია ორი კანონპროექტის განხილვაში აპირებდა მონაწილეობას.
„ხვალ მომეცემა შესაძლებლობა, ხვალ მოვალ, ხვალაც თუ გადადეს, ზეგ მოვალ, ზეგ თუ არ მექნება შესაძლებლობა - მაზეგ, თუ მაზეგ არ მექნება შესაძლებლობა, იმის შემდეგ.
დღეს იყო ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა - ამნისტიის კანონპროექტის და საარჩევნო დაფინანსების. ჯერ საკითხები მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ დატოვეს. დღეს ერთი რამ დადასტურდა, ამ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს, არც არანაირი ლეგიტიმური თანამდებობის პირი „ქართული ოცნების მხრიდან. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ხალხი", - თქვა მელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ პლენარული სხდომის დასრულებულად გამოცხადება გაქცევად შეაფასა დაახლოებით 7-თვიანი ბოიკოტის დასრულების შემდეგ პარლამენტში შესულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ".