მხოლოდ წელს, ოფიციალური მონაცემებით, ათასობით ლიტრი სადეზინფექციო ხსნარია ფალსიფიცირებული. რადგან სადეზინფექციო ხსნარის პირველადი ნიმუშის შესწავლის შემდეგ ხსნარების ხარისხი აღარ მოწმდება, ძნელია ან თითქმის შეუძლებელი იმის თქმა, საქართველოში წარმოებული ხსნარები გვიცავს თუ არა ბაქტერიებისგან.
მხოლოდ წელს სამედიცინო ხსნარის ფალსიფიცირებაზე ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჯამში, ფალსიფიცირებულია „ათასობით ლიტრი“ სადეზინფექციო ხსნარი, უთხრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რადიო თავისუფლებას. გამოძიების თანახმად, ფალსიფიცირებულ ხსნარს ზოგიერთ შემთხვევაში სარდაფშიც კი ამზადებდნენ.
პანდემიის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში სადეზინფექციო ხსნარის წარმოება მომგებიანი ბიზნესი გახდა. დღეს ათობით კომპანია აწარმოებს, აფასოებს და ყიდის სადეზინფექციო ხსნარს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის მიღების შემდეგ მწარმოებელს აღარავინ ამოწმებს. როდესაც ფინანსთა სამინისტრომ გაყალბების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მიუთითა, რომ გამყალბებელი კომპანიების პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა იარლიყზე მითითებულს, ანუ სადეზინფექციო საშუალებები არ აკმაყოფილებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებს.
როგორი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარი
რანაირიც არ უნდა იყოს ხსნარი, მთავარი ყოველთვის მადეზინფიცირებელი კომპონენტია - სპირტი ან აქტიური ქლორი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს სადეზინფექციო ხსნარის დამზადების წესებს, რომელიც საკმაოდ მარტივია - საჭიროა 96 %-ანი სამედიცინო სპირტი, გლიცერინი, წყალბადის ზეჟანგი და გამოხდილი წყალი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებაში „ზოგიერთი სამედიცინო ხსნარის შესახებ“ ვკითხულობთ, რომ სადეზინფექციო ხსნარებისთვის 70 % სპირტიც საკმარისია.
ერთ-ერთ გამყალბებელ კომპანიას, „სიდოს“, ეტიკეტზე 80 % სპირტის შემცველობა ჰქონდა მითითებული. გამოძიება ამბობს, რომ ხსნარში ამდენი სპირტი არ იყო, თუმც არც იმას ამხელს, რამდენი აკლდა 80 %-ს.
სადეზინფექციო ხსნარი ქართულ ბაზარზე
საქართველოს ბაზარზე სადეზინფექციო ხსნარი ან უცხოეთიდან შემოდის, ან ადგილზე იწარმოება. თუ პრეპარატი იმ ქვეყნიდან შემოდის, რომლის სერტიფიცირების სისტემას საქართველო ცნობს, მაშინ ადგილობრივი მეწარმეები მზა პრეპარატს ყიდულობენ, რომელსაც ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც მოჰყვება. ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში დოკუმენტაცია საქართველოში მზადდება. სპეციალურ ფორმაში მწარმოებელმა უნდა მიუთითოს, ზედაპირისთვის არის მისი ხსნარი თუ ხელებისთვის, მიკროორგანიზმების რა ჯგუფზე მოქმედებს და ა. შ.
სატესტო ნიმუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაში მოწმდება. თუ ხსნარი ეფექტური აღმოჩნდა, მას ხარისხის შესაბამის სერტიფიკატს ანიჭებენ. პერიოდულად დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმეორებით იგზავნება პრეპარატის ნიმუშები, თუმცა წარმოება ადგილზე არასდროს მოწმდება.
„კანონი ძალიან ლიბერალურია. პრეპარატი როცა დამზადდა, არავინ არ მოდის და არ ამოწმებს, სად კეთდება და რა პირობებში. უბრალოდ, ამოწმებენ ნიმუშს - სადაც გინდა, როგორ ოთახშიც გინდა, ისე გააკეთე. [შემდგომი წარმოება] იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კეთილსინდისიერი იქნება მწარმოებელი. თუ გააყალბებ, არავინ გიშლის ხელს, სპირტი კიდევ ხელმისაწვდომი საშუალებაა“, - ჩივის თენგიზ ცეცხლაძე, შპს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე აწარმოებს სადეზინფექციო ხსნარს.
„ძალიან მომრავლებულია კომპანიები, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ და ატყუებენ ხალხს. ფაქტობრივად, ასეთი წარმოება კაპიკები ჯდება“.
სადეზინფექციო ხსნარების დამზადებაში ჩაერთნენ ალკოჰოლის მწარმოებლებიც. რადიო თავისუფლება ქართული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანია „გომს“ ესაუბრა, რომელიც, უკვე ერთი წელია, სადეზინფექციო ხსნარ „სუფთა სამყაროს“ უშვებს.
“სამედიცინო სპირტის წარმოების უფლებაც მივიღეთ და მის ბაზაზე ვაწარმოებთ სადეზინფექციო ხსნარს. 70 % სპირტი პლუს წყალი და გლიცერინია. გვაქვს ლუგარის ნებართვა - მიგვაქვს ნიმუში ყოველ გასაყიდ პარტიაზე და გვეძლევა სერტიფიკატი ხელახლა. ჩვენთან წარმოებაში არავინ მოსულა და არ შეუმოწმებია“, - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა ეკატერინე იოსელიანმა.
სადეზინფექციო ხსნარის ყიდვა ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.
„უბრალოდ, ზედმეტად ბევრი ხსნარი ვიყიდე და ახლა ვყიდი“, - გვითხრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
ვინ აყალბებდა სადეზინფექციო ხსნარს
ფინანსური პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით შესაძლებელია ოთხი დადანაშაულებული კომპანიიდან სამი სადეზინფექციო ხსნარის დასახელების დადგენა. ესენია შპს სიდოს წარმოებული „სიდო“, შპს ა ჯგუფის „სუფთა ხელები“ და მესამე, უცნობი კომპანიის ხსნარი „De Flore Orchard“. მიმდინარე გამოძიების გამო, კომპანიების შესახებ დამატებით ინფორმაციაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა უარი გვითხრა. რაც დააზუსტეს, ისაა, რომ სადეზინფექციო ხსნარი სისტემატიურად ყალბდებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანსა და თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებსა და საამქროებში, ხოლო ხსნარი „სუფთა ხელები“ თბილისში, სარდაფში, მზადდებოდა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1971-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან 3 წლამდე ვადით.
გაყალბებაში დადანაშაულებული კომპანიები უკვე წელიწადზე მეტია, რაც ბაზარზე არიან - მაგალითად, შპს სიდო, ან შპს ა ჯგუფი, რომელიც სადეზინფექციო ხსნარ „სუფთა ხელებს“ აწარმოებს. ორივე ამ კომპანიას აქვს ფეისბუკ-გვერდები, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს და სადეზინფექციო ხსნარი შეიძინოს. გარდა ამისა, კომპანიებმა გამარტივებული შესყიდვის წესითაც გაყიდეს პროდუქცია.
შპს სიდოსგან ჯანდაცვის სამინისტრომ 84 000 ლარის ღირებულების 1400 ცალი ხუთლიტრიანი ბალონი სადეზინფექციო ხსნარი 2020 წლის მაისში შეიძინა. შპს ა ჯგუფმა 2020 წლის განმავლობაში სადეზინფექციო ხსნარი რამდენიმე საჯარო დაწესებულებას მიჰყიდა - მათ შორის თბილისის ოთხ საჯარო სკოლას.
გარდა სადეზინფექციო ხსნარისა, ეს კომპანია დაკავებულია სხვადასხვა დამცავი პროდუქციის რეალიზაციითაც - ხალათები, რეზინის ხელთათმანები, პირბადე.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ამ სადეზინფექციო ხსნარების შეძენა ონლაინ გაყიდვის პლატფორმებზე მაინც შესაძლებელია.
მომხმარებლის სახელით რადიო თავისუფლება გაყალბებაში ბრალდებულ კომპანია შპს ა ჯგუფსაც დაუკავშირდა სადეზინფექციო ხსნარ „სუფთა ხელების“ შესაძენად.
„ამჟამად კონკრეტულად ამ ხსნარის გაყიდვა შეჩერებულია, რადგან მოთხოვნა არ იყო მაღალი“, - გვითხრეს კომპანიაში, თუმცა შემოგვთავაზეს რამდენიმე სხვა დასახელების როგორც იმპორტირებული, ასევე საქართველოში წარმოებული ხსნარები.
ამოწმებენ თუ არა სადეზინფექციო ხსნარებს სამედიცინო დაწესებულებებში, სკოლებში?
არა, არ ამოწმებენ, - ჩვენს კითხვას ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა პასუხი.
„როდესაც სადეზინფექციო ხსნარი შემოდის ბაზარზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს სარეგისტრაციო საბუთს. ჩვენგან, როცა რეგულირების სააგენტო შემოდის სამედიცინო დაწესებულებაში პირობების შესამოწმებლად, ამოწმებენ სწორედ მაგას - თუ აქვს სადეზინფექციო ხსნარს შესაბამისი დოკუმენტაცია. ფიზიკურად შემადგენლობა არ მოწმდება“, - გვითხრა ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მხოლოდ დოკუმენტაცია მოწმდება ხსნარის სკოლებში შემოტანის დროსაც. განათლების სამინისტროს სამსახურში გვითხრეს, რომ სკოლებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ამარაგებს - ის შეძენის დროს ამოწმებს შესყიდვით მოთხოვნილ დოკუმენტაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. სკოლებმა სადეზინფექციო საშუალებები რესურს-ცენტრებიდან თებერვალში მიიღეს და ამ მარაგით ახლაც სარგებლობენ.