Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი მერი და მწვანე მასწავლებელი


“ხე, მერი და მედიათეკა” (1993, საფრანგეთი, რეჟისორი ერიკ რომერი)

26 მაისს "რიონის ხეობის მცველებმა" თბილისში საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და გამოაცხადეს, რომ ამიერიდან ბრძოლას უშუალოდ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე გააგრძელებენ. აქციის მხარდამჭერების ერთი ნაწილი უკმაყოფილო იყო დედაქალაქელთა პასიურობით, იმით, რომ დასავლეთ საქართველოდან საგანგებოდ აქციის ჩასატარებლად ჩამოსულ "ხეობის მცველებს" თბილისელებმა ისე ვერ დაუჭირეს მხარი, როგორც მოელოდნენ. აი, თბილისელთა, საბედნიეროდ, ასევე ერთმა ნაწილმა გაბრაზება ვერ დამალა, როცა აქციის ორგანიზატორებმა დედაქალაქის ქუჩები გადაკეტეს. სხვებიც იყვნენ, ვინც სასწრაფოდ განაზოგადა ეს ამბავი და რეგიონების მოსახლეობის იდეალიზაცია დაიწყო. ეს უკანასკნელი რაღაც ახალია, უფრო სწორად, დავიწყებული ძველია; "ჩამოსულის" ეგზოტიზაციამ, რაც აშკარად იგრძნობოდა იმ დღეებში, პირადად მე გასული საუკუნის 80-იანი წლების რუსული მწერლობა გამახსენა - "დერევენსკაია პროზა", მწერლები, რომლებმაც იმის მტკიცება დაიწყეს, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ტემპმა ვერ დააზიანა მხოლოდ სოფლის მოსახლეობის სულიერება, რომ "ხალხი იქაა და არა აქ", რომ ზნეობრივი კატასტროფისგან გადასარჩენად, პირველ რიგში, ეკოლოგიური კატასტროფა უნდა ავიცილოთ თავიდან. ამ მწერლების უმრავლესობა, მოგეხსენებათ,

ცოტა ხანში რუს შავრაზმელებს შეუერთდება და შოვინისტურ ლიტერატურულ ჟურნალებში დაიწყებს ბეჭდვას, ნაწილი კი, უბრალოდ, გაწითლდება... პამიდორივით, რომელიც თავიდან ასევე მწვანე იყო.

"ხე, მერი და მედიათეკის" გადაღებამდე ერიკ რომერის შემოქმედებაში დაპირისპირება "ქალაქი-სოფელი" თითქმის არასდროს გადაზრდილა გარემოს დაცვის აუცილებლობაზე მსჯელობაში. მემარცხენე მოძრაობისგან დემინსტრაციულად გამიჯნულ, კონსერვატორ, კათოლიკე ერიკ რომერს ყოველთვის აინტერესებდა არა იმდენად რეგიონების და სოფლების მოსახლეობა, რამდენადაც იმ ტერიტორიაზე დროებით ჩასული პარიზელები, ანდა ის ხალხი, ვინც პარიზის გარეუბანში დასახლდა და ახლა ვეღარ ნახულობს ადგილს პარიზს, პარიზის გარეუბანსა და ფრანგულ პროვინციას შორის. რომერს აინტერესებს როგორ ცვლის ადამიანს (ქალაქელს) ფონი, თანაც იმგვარად, რომ ეს დაკვირვება მასთან ასევე თითქმის სრულიად მოკლებულია პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ დისკურსებს.

რასაკვირველია, ერიკ რომერს დრო და ისტორია არ აინტერესებსო, ამის თქმას ვერავინ გაბედავს - "ახალი ტალღის" ერთ-ერთი ლიდერია, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ დროს და ისტორიას იგი მხოლოდ იმიტომ იკვლევს, რომ ამ დროსა და ისტორიაში ადამიანზეა კონცენტრირებული. არა მასობრივ მოძრაობზე, არა კლასთა დაპირისპირებაზე, არა სოციალურ სამართლიანობასა თუ უსამართლობაზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც დრო და ისტორია ცვლის.

"ხე, მერი და მედიათეკა" გამონაკლისია დიდი რეჟისორის შემოქმედებაში. თუმცა დაპირისპირება "ქალაქი-სოფელი" აქაც ოდნავ შეცვლილია - პარიზს, საფრანგეთის გულს და გონებას, აქ პატარა დასახლება სენ-ჟუირ-საინჟიონი უპირისპირდება.

ქალაქის მერი აქაურია, მაგრამ პარიზელი მეგობარი ქალი ჰყავს, რომელიც პროვინციაში ცხოვრებაზე უარს ამბობს. მერი სოციალისტური პარტიის წევრია. არჩევნები კარზეა მომდგარი. ფილმის გმირი გეგმავს ააშენოს მედიათეკა და სპორტულ-გასართობი ცენტრი, რათა როგორმე გააცოცხლოს მკვდარი და დაცარიელებული პროვინცია. მაგრამ მას წინააღმდეგობა შეხვდება ფილმის მეორე გმირისგან, სკოლის მასწავლებლისგან, რომელიც ფიქრობს, რომ შენობა გადაფარავს ქალაქის ისტორიულ სამრეკლოს და, რაც მთავარია, გაანადგურებს ასწლოვან ხეს, რომელიც სენ-ჟუირ საინჟიონის თავისებური სიმბოლოა. მერი ამტკიცებს, რომ ხე ისედაც ხმება, რომ მისი არსებობა არაფერს ცვლის და რომ მედიათეკა ამ ნაცრისფერ პროვინციას ნამდვილ თანამედროვე ქალაქად აქცევს.

90-იანი წლების დასაწყისია. ვიდეოკასეტების ბუმია. პარიზის ვიდეოთეკა საფრანგეთის დედაქალაქის ისეთივე ღირსშესანიშნაობა გახდა, როგორიც ლუვრია და პომპიდუს ცენტრი. სწორედ იმხანად რეგიონებშიც დაიწყეს მედიათეკების მასობრივი გახსნა და ბიბლიოთეკების გადაკეთება ვიდეოთეკებად.

ერიკ რომერს ამ დროს ფინანსური პრობლემები აქვს. "გაზაფხულის ზღაპრის" და "ზამთრის ზღაპრის" პრემიერების შემდეგ ვეღარ შოულობს ფულს "წელიწადის დროთა ციკლის" დასრულებაზე. თუმცა ასეთი კრიზისის დაძლევა არ უჭირს, იცის, რომ გამოსავალი არსებობს - უნდა მიმართოს რომელიმე პატარა ქალაქის მერიას წინადადებით ხომ არ სურთ ფრანგული კინოს ცოცხალმა კლასიკოსმა, ერიკ რომერმა, თავისი მომავალი ფილმი მათ ქალაქში გადაიღოს... რომერს ძირითადად უარს არ ეუბნებოდნენ. 70-80-იანი წლების ფრანგულ კინოში მოქმედება, როგორც წესი, პარიზში ხდება ხოლმე, მაგრამ ერიკ რომერის ფილმებში ვხედავთ სულ სხვა საფრანგეთს, ვხედავთ აქამდე ნაკლებად პოპულარულ დასახლებებს, რომლებიც რეჟისორმა ისეთი საინტერესო რაკურსით წარმოგვიდგინა, რომ ხალხმა მოგზაურობა დაიწყო მათ დასათვალიერებლად.

სენ-ჟუირ-საინჟიონის მერია დათანხმდა გამოეყო თანხა ფილმისთვის, ენდო რომერს და კონტრაქტში ხელი მოაწერა პუნქტს, რომელიც შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას ითვალისწინებდა. ქალაქის მერმა, ალბათ, ვერ წარმოიდგინა, რომ ერიკ რომერი ამხელდა იმ ქალაქის ბიუროკრატიულ მმართველობას და პოპულიზმს, რომელმაც მას ფული მისცა ფილმის გადასაღებად. პრემიერის შემდეგ ჩივილი იმიტომაც არ გამოვიდა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, რომერმა სახიერი და მიმზიდველი გახადა სრულიად უსახო ფრანგული დასახლება, წარმოდგენილი ფრანგული კინოს კლასიკოსისთვის დამახასიათებელი "გეომეტრიული ფორმებით", სწორკუთხა მიზანსცენებით და, რაც მთავარია, ლაღი რეჟისურით, შედარებით "ჭუჭყიანი მონტაჟით", რომერისთვის იშვიათად ბევრი მოძრაობით, ცოტა არ იყოს, ბერტოლდ ბრეხტის სტილში, ირონიით და თვითირონიით (განსაკუთრებით მაშინ, როცა სერიოზულ პოლიტიკურ რიტორიკას დიდი "ზონგი" მოჰყვება - ყველა ერთად ასრულებს სიმღერას ახალ თაობაზე, რომელმაც "სიმწვანეში" უნდა იცხოვროს).

ბრეხტის ესთეტიკა, ცხადია, ამბავს, რომელიც გათამაშდება რომერის ფილმში, პოლიტიკურ სიმძაფრეს ანიჭებს. ამიტომაც ითვლება "მედიათეკა" ერიკ რომერის ერთადერთ პოლიტიკურ ფილმად. ოღონდ არ იფიქროთ, რომ პოლიტიკურ რაკურსს ამ სურათს სოციალისტებზე მსუბუქი ქილიკი და "მწვანეების" ასევე მსუბუქი იდეალიზაცია ანიჭებს. არა და არა! ასეთი პოლიტიკა ერიკ რომერს არ აინტერესებს.

“კინორეჟისორი გვიჩვენებს სამყაროს ისეთს, როგორიც არის, არქიტექტორი კი მიმართავს მის მოდიფიკაციას. ბუნებრივი არქიტექტორს აფორიაქებს, რადგან არ შეუძლია აშენოს ნგრევის გარეშე. როცა სოფელში აშენებს, ის მიმართავს აგრესიას ბუნების წინააღმდეგ. ზოგჯერ ცდილობს ჰარმონიულად შეერწყას ბუნებას, მაგრამ მაინც იძულებულია შეცვალოს, “ჩააშენოს” თუნდაც ფრაგმენტი.... კინორეჟისორს კი არ სჭირდება სინემათეკის დაწვა იმისათვის, რომ ფილმი გადაიღოს, მხატვარს არ სჭირდება სხვისი სურათების განადგურება იმისათვის, რომ რაღაც დახატოს”.

ეს ინტერვიუ ერიკ რომერთან "მედიათეკის" პრემიერის შემდეგ ჩაწერეს. არქიტექტურასა და არქიტექტორებზე გაბრაზებას (რომერმა განსაკუთრებით კორბუზიე გააკრიტიკა) მისგან არავინ მოელოდა. ბოლოს და ბოლოს, წიგნი ჰქონდა დაწერილი ფრიდრიხ მურნაუს "ფაუსტის" არქიტექტონიკაზე. შოკივით იმოქმედა ბევრზე ფილმის ერთ სცენაში მასწავლებლის განცხადებამ: ”სიკვდილით დასჯა უნდა გაუქმდეს.. მაგრამ არქიტექტორებს ეს არ უნდა ეხებოდეთ” .

ამ ინტერვიუშიც და "მედიათეკაშიც" ერიკ რომერის "ეკოლოგიზმი" გამომწვევად კონსერვატორულია. შეიძლება ასეც ვთქვათ: რომერი უერთდება მწვანეთა მოძრაობას, ოღონდ არა იმას, "გაწითლებისკენ" რომაა მიდრეკილი. იგი დარწმუნებულია, რომ პროგრესი - ახალ-ახალი მედიათეკებით - შესაძლებელია ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე, რომ არანაირი მედიათეკა არ ღირს თუნდაც ერთ მოჭრილ ხედ - მაშინაც კი, როცა ეს ხე ხმება და, თითქოს, ფუნქცია დაკარგული აქვს.

ვფიქრობ, მომავალში "რიონის ხეობის დამცველთა" რიტორიკაში უფრო მეტი უნდა იყოს ბუნების დაცვის თემა - მეტი, ვიდრე "მიწას გვართმევენ". ცხადია, მიწა "ც" არ არის, მით უმეტეს, ამ ადამიანებისთვის. მათ სხვა მიწა არა აქვთ. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოძრაობა კიდევ უფრო მასობრივი გახდეს, იმისათვის, რომ, მაგალითად, სნობიზმით ყოველთვის გამორჩეულმა თბილისელებმა უფრო ახლოს მიიტანონ გულთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ტკივილი... იმისათვის, რომ მიხვდნენ, ბოლოს და ბოლოს, რომ გარემო, რომლის შენარჩუნებისთვის იბრძვიან ხეობის დამცველები, ყველასია, აუცილებელია მოვუსმინოთ, პირველ რიგში, ბუნების დამცველებს, მათ შორის ყველაზე კონსერვატორ, ყველაზე რეაქციულ ბუნების დამცვლებს, რომლებმაც ერთი ხის ფასი იციან და სჯერათ, რომ ამ სამყაროში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი და როლი აქვს. "ყველაფერი ღვთაებრივიაო", დაუმატებდა ამას ერიკ რომერი, შესაძლებელია, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ევროპულ კინოში ერთადერთი რეჟისორი, რომელიც მემარცხენეთა გარემოში მოღვაწეობდა, მემარცხენეებთან, თანაც, რადიკალ მემარცხენეებთან მეგობრობდა, თუმცა არავისი გადაბირება არ უცდია, ჯიუტად განაგრძობდა თავისას და სჯეროდა, რომ ხელოვანის როლი არა იმდენად ახლის შექმნა და, მით უმეტეს, შეცვლაა, რამდენადაც უკვე შექმნილის ჩვენება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG