მართალია, ფსიქოლოგიამ აღიარებულ მოცემულობად აქცია ეს მოსაზრება, მაგრამ, როგორც ჩანს, გამეორება მაინც საჭიროა:
ადამიანები ხშირად გარეთ ეძებენ იმ გამოგონილ "მტერს", რომელიც შიგნით ჰყავთ და ან ამის აღიარება არ უნდათ, ან ამ გარე-ბრძოლით ცდილობენ მის ჩამალვა-ჩაწიხლვას...
უკვე რამდენჯერ ითქვა და დაიწერა, რომ რიგი ფობია არა ღირებულებრივი აკვიატება, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, ავადმყოფობა და ფსიქიკური აშლილობის ნაირსახეობაა. ვთქვათ, ანტისემიტიზმი. ან, გნებავთ, ჰომოფობია, რომლის მაგალითებიც სამწუხაროდ მრავლად არის ჩვენთან.
იქ, სადაც მძვინვარე ანტისემიტი გვხვდება, მოგვიანებით ისტორიას ფარული ებრაელობის კომპლექსით გატანჯული პასიური ან აქტიური ფსიქოპათი აღმოუჩენია. ასე, მაგალითად, გენიალურ კომპოზიტორ და ბანალურ ანტისემიტ რიხარდ ვაგნერს სიცოცხლის ბოლომდე ღრღნიდა ეჭვი, რომ შესაძლოა ებრაელი მამობილის შვილი ყოფილიყო და არა ოფიციალური მამის, ვინც მისი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. და ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ "კომპლექსის" გამო დაიწერა მისი უკიდეგანო გენიისთვის შეუფერებელად ბრიყვულ-აგრესიული სტატია "იუდეველობა მუსიკაში"?!
თუმცა ანტისემიტიზმი, გენიოსი და მით უმეტეს ვაგნერი რთული, კომპლექსური და ღრმა თემაა, ჩვენ კი სჯობს ისევ ჩვენს შინნაზარდ, მყვირალა და ჭკუით არცთუ გამორჩეულ კაცთმოძულეებზე დავფიქრდეთ.
ძალიან კი მინდა დელიკატური ვიყო, მაგრამ როცა ამ მუშტებ, კომბალ და ტაბურეტ-მქნეველი ჰომოფობების შეგონებებს ვისმენთ და მათ ზრიალ-ტრიალს ვუყურებთ, აბა, როგორ არ უნდა გაგვიჩნდეს ეჭვი, რომ ცნობილი ფსიქოლოგიური დაკვირვების თანახმად, შესაძლოა ამ შემთხვევაშიც იმგვარ კომპლექსთან თუ "დანაშაულთან" გვქონდეს საქმე, რომელიც სადღაც გარეთ კი არა, არამედ მათსავე შიგნითაა დავანებული?!
განა არ გვახსოვს, როგორ დაირაზმნენ 2013 წლის 17 მაისს "ცოდვილთა" შესამუსრად ტაბურეტიანი თუ უტაბურეტო ფიზიკური პირები (სასულიერო პირებს რომ ვუწოდებთ რატომღაც) და იმდენი სდიეს "მამათმავლებს", სანამ წლების შემდეგ სინოდის სხდომაზე არ მოუხდათ ამ "ცოდვის" მხილება თავისსავე წიაღში (ან, ყოველ შემთხვევაში, ბრალდებების ამოყვირება მაინც ამის შესახებ).
ეს ხმაური და მუშტების ქნევა ცალსახად თვალთმაქცობა, მავნე პოპულიზმი, ანდა სილაჩრეა, რადგან ეს ხომ ცნობილია, რომ ყველაზე ხმამაღლა "კურტიზანები მორალისტობენ".
სად ეძებენ ამ მტერს? ვის ებრძვიან, როცა საკუთარი თავი ვერ მოუხელთებიათ? საკუთარ თავთან ვერ გამოუძებნიათ საერთო ენა და მტრად კი ის უქცევიათ, ვინც არ თვალთმაქცობს, ვინც თავს არავის ესხმის და მათგან განსხვავებით, ის კი იცის, რომ თუკი რაიმეს შეიძლებოდა ეწოდოს "ავადმყოფობა", არა განსხვავებულობას, არამედ მსგავსში განსხვავებულის აღმოჩენის და მისი შეძულების დაუკოკებელ ვნებას... თუ სამკურნალოა რამე, ვშიშობ, სწორედ ეს.