Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წერტილოვანი ტერორი“ - უფლებადამცველთა ინფორმაციით, ახალგორში საგანგაშო მდგომარეობაა


ახალგორი
ახალგორი

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ერთ-ერთი პედაგოგი, დაახლოებით ერთი თვის წინ ცდილობდა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ვლადიკავკაზში, წასვლას იქ ნათესავების მოსანახულებლად და შემდეგ, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით, საქართველოში დაბრუნებას. რუსეთში გასასვლელად მას ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდა ხელთ, მაგრამ დე ფაქტო კაგებემ გადაადგილება აუკრძალა. ამის შემდეგ მასწავლებელმა ადგილობრივ ადმინისტრაციას მიმართა და მოითხოვა იმის გარკვევა, თუ რა საფუძველზე ეკრძალებოდა, როგორც „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა. ადმინისტრაციაში შეჰპირდნენ, რომ გაარკვევდნენ და მის წერილს რუსეთშიც გაგზავნიდნენ, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. ეს ყველაფერი რადიო თავისუფლებას თავად პედაგოგმა უამბო, თუმცა ვინაობის დასახელება არ ისურვა, რადგან ოკუპირებულ დაბაში მისი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.

მსგავსი ფაქტების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“. ამ ორგანიზაციამ ახალგორში პედაგოგებისა და კულტურის მუშაკების მიმართ დაწყებულ რეპრესიებს „წერტილოვანი ტერორი“ უწოდა. განცხადებაში ვკითხულობთ:

„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აგრძელებს ახალგორში მცხოვრები განათლებისა და კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლების შევიწროებას და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ცალკეულ შემთხვევებში გადაადგილების აკრძალვა მხოლოდ თბილისის მიმართულებით მგზავრობას არ ეხება და რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთაზეც ვრცელდება. აპრილში რუსეთის მიმართულებით გადაადგილება აუკრძალეს ქართველ მასწავლებელს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა საზოგადოებისთვის უცნობი საფუძვლით მიმდინარეობს“.

თუმცა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ზეწოლის ერთადერთი ფორმა არაა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ბოლო ხანებში კულტურის სფეროს წარმომადგენლებითაც დაინტერესდა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტების თითქოსდა სამხრეთ ოსეთიდან გატანას, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს კულტურის გამოცდილი მუშაკი.

„დევნის და ზეწოლის ეს ორი ფაქტი, რომელიც ბოლო უახლოეს კვირებში ახალგორში მოხდა, დამაფიქრებელია იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება ისინი განვიხილოთ „წერტილოვანი ტერორის“ ტენდენციად, რომელიც ადგილობრივი ქართველი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსი დევნისა და ზეწოლის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია ახალგორელ პედაგოგსა და სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, აქვს, რომლის სასამართლო პროცესი თოთხმეტთვიანი პაუზის შემდეგ წინა თვეში ისევ განახლდა“, - წერია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტების შემდეგ პედაგოგების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დევნის დაწყება შემაშფოთებელი ტენდენციაა.

„დროის მოკლე ინტერვალში რამდენიმე ადამიანზე განხორციელდა ზეწოლა. შერჩევით ხდება საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ ისედაც უმძიმეს პირობებში მყოფ ახალგორს, სადაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ცხოვრობენ, მათზე ასეთი სახის ზეწოლის განხორციელება პირდაპირ დაშინებაა, ეს არის ტერორი, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად შეავიწროონ ადგილზე დარჩენილი ქართული მოსახლეობა და აღარავის ჰქონდეს სურვილი, საკუთარი უფლებების დაცვისთვის იფიქროს. ეს უკვე შემაშფოთებელია, რადგან დარტყმის ქვეშ არის როგორც საგანმანათლებლო სფერო, ასევე კულტურის სფერო“.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაციაც საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღების მისაქცევად გავრცელდა. მისი აზრით, აუცილებელია ქმედითი მექანიზმების გამოყენება დაბაში დარჩენილი ადამიანების უფლებების დასაცავად.

„ჩვენი მიზანია ასეთი ფაქტების მაქსიმალურად შესწავლა, დაფიქსირება და საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების ინფორმირება, იმისთვის რომ მათ უფრო ნათელი სურათი ჰქონდეთ იმ ტენდენციების შესახებ, რომელიც იკვეთება ახალგორში. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში ახალგორი არის ერთგვარი მასირებული შეტევის ობიექტი და მიმდინარეობს ახალგორში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ის გამოწვევა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა გააჩნდეს“.

უჩა ნანუაშვილი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ ასახელებს იმ პირთა ვინაობას, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ზეწოლას განიცდის, თუმცა აცხადებს, რომ ორგანიზაციას დეტალური ინფორმაცია აქვს მათ მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ.

კონკრეტული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია ახალგორის ლეგიტიმურ გამგებელს, ნუგზარ თინიკაშვილს, თუმცა იგი ადასტურებს, რომ ოკუპირებულ დაბაში, უკვე დიდი ხანია, მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები. მათ შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება და სამედიცინო სერვისზე წვდომა. თინიკაშვილის თქმით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ეხსნებათ ადამიანებს გზა.

„დარღვეულია ადამიანის სამართლებრივი და ყველანაირი უფლება. მათ არ შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ელემენტარული სამედიცინო დახმარების მიღება არ შეუძლია ხალხს. იშვიათად, ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში, უშვებენ აქეთ. დანარჩენ დროს ისევ ისეთი შეზღუდვაა და მძიმე მდგომარეობაშია მოსახლეობა“.

2008 წლის ომის შემდეგ ახალგორის ოკუპირებული რაიონი პრაქტიკულად დაიცალა და ადგილზე მოსახლეობის მცირე ნაწილი დარჩა. იქ დარჩენილებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულ იზოლაციაში მოაქცია. მეორე წელია, დაკეტილია მოსაბრუნის ე. წ. გამშვები პუნქტი და ახალგორელებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება. ამ ყველაფერს კი უკვე სამოქალაქო აქტივისტების, პედაგოგებისა და კულტურის სფეროს თანამშრომლების მიმართ „წერტილოვანი ტერორიც“ ემატება.

XS
SM
MD
LG