Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობა დავით-გარეჯში - რა კვებავს სიძულვილს


ივერი მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მეუღლესთან ერთად
ივერი მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მეუღლესთან ერთად

დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე სასულიერო პირები 4 მაისს ფიზიკურად გაუსწორდნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტებს  და “მოღალატე” ეძახეს ივერი მელაშვილს. ხელისუფლება და საპატრიარქო ძალადობის ფაქტს არ აღიარებს და მელაშვილს ადანაშაულებს  პროვოკაციის მოწყობაში. 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ "კარტოგრაფების საქმის" ბრალდებულის ადვოკატები. თავად ივერი მელაშვილი კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დიდი ხანია ის საჯარო სივრცეში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ დაისჯება ყველა, ვინც ივერი მელაშვილსა და “მთავარის” გადამღებ ჯგუფზე იძალადა. ამგვარი რამ ვახტანგ გომელაურსაც და მის კოლეგებსაც არაერთხელ უთქვამთ, თუმცა რთულია ისეთი შემთხვევის გახსენება, როცა სასულიერო პირები კანონის დარღვევისთვის დასჯილიყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინცინდენტში მონაწილე პირების ვინაობას არ ასახელებენ ,არც იმას ამბობენ რამდენი იყვნენ და რომელი ეკლესიებიდან. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ “მიმდინარეობს გამოძიება.” გამოძიება ამ დრომდე არ იძიებს ჟურნალისტებზე თავდასხმის ნაწილს, იმის მიუხედავად რომ გადაღებისას ფიზიკური დაზიანებები მიიღეს “მთავარის” ჟურნალისტმა და ოპერატორმა და დაიმტვრა კამერა - ამგვარი ფაქტებისთვის არსებობს სპეციალური მუხლი, თუმცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებაც იშვიათად თუ დასრულებულა დამნაშავეების დასჯით.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებით არ შეუფასებია ძალადობა, თუმცა საპატრიარქოს პრესპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ სატელევიზიო ინტერვიუში ივერი მელაშვილის დავით-გარეჯის ტერიტორიაზე ჩასვლას პროვოკაცია უწოდა, მოგვიანებით კი ფეისბუქზე დაწერა, რომ ის, რაც გარეჯში მოხდა, ჭიქაში ქარიშხალის ატეხვას გავდა და დამნაშავედ მთავარი არხი გამოცხადა, რომელმაც დამახინჯებული ინფორმაცია გაავრცელა.

ძალადობას არც მმართველი პარტიის წარმომადგენლები გმობენ - დღეს პარლამენტის წევრები ამბობდნენ, რომ გარეჯში “კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულის გამოჩენას გულთბილი დახვედრა რომ არ მოჰყვებოდა ბუნებრივი იყო. გია ვოლსკიმ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც ერთი მხრივ მიზნად ეკლესიის რეპუტაციის შელახვას ილახავდა, მეორე მხრივ კი ხელისუფლების იძულებას დაპირისპირებოდა სასულიერო პირებს.

ხელისუფლების რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების განცხადებების მსგავსია. ისინიც თვლიან, რომ ივერი მელაშვილის და “მთავარის” გადამღები ჯგუფის დავით-გარეჯში ჩასვლა პროვოკაცია იყო - ქართული მარში და სხვა აქტორები პირობას დებენ, რომ ვერავინ გაბედავს გუშინდელის გამო დასაჯოს სასულიერო პირები.

ინტერნეტში გამოჩნდა ერთმანეთის იდენტური სტატიები იმის შესახებ, რომ ივერი მელაშვილი სხვა გვარ-სახელით აზერბაიჯანის დაზვერვის აგენტია და თეორიები იმის შესახებ, რომ გუშინ სპეციალურად დაიძაბა სპეციალურად იყო პროვოცირებული იმისთვის, რომ დაძაბული ვითარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის წინ.

უფრო კონკრეტულად, რა მოხდა 4 მაისს გარეჯის მონასტერთან

ივერი მელაშვილს პირველად გარეჯში არ დასხმიან თავს. არც სასულიერო პირებს უთქვამთ მისთვის პირველად, რომ მოღალატეა. კარტოგრაფების საქმის” გამოძიების პირველ ეტაპზე, რაც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს დაემთხვა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იგივეს ამბობდნენ საჯაროდ. რამდენიმე თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილს სატელევიზიო ინტერვიუების გამო ფაქტობრივად მორალური სასამართლო მოუწყვეს ხელისუფლების მხარდამჭერმა და პრორუსულმა ჯგუფებმა, პროკურატურამ კი მისი სატელევიზიო გამოსვლები სისხლის სამართლის საქმეს მის საწინააღმდეგო მტკიცებულებებად დაურთო.

იმის მიუხედავად, რომ “კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულებისთვის წარდგენილ ბრალში დავით-გარეჯის მონასტერი საერთოდ არ ფიგურირებს, ვინაიდან საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე შეუთანხმებელია, სახელისუფლებო პროპაგანდა მას და მეორე ბრალდებულს, ნატალია ილიჩოვას სწორედ “დავით-გარეჯის გამყიდველად” წარმოაჩენდა გამოძიების დაწყების პირველი დღეებიდანვე. ნატალია ილიჩოვა საჯარო განცხადებებისა და სოციალური აქტივობებისგან თავს იკავებს, შესაბამისად აგრესიისა და სიძულვილის ნაკადი მის მიმართ თითქოს შესუსტებულია.

“გარეჯში გუშინ "ბერების" მიერ ჩადენილი ძალადობა და ქუჩური გარჩევა, კიდევ ერთი ნათელი დასტურია რომ საქართველოს ეკლესია ავაზაკთა ქვაბად იქცა ისევ და ისეთი ხალხი შეიმოსა ანაფორით, ახლოსაც რომ არ ჩაუვლიათ ქრისტეანობასთან, სახარება არ იციან, ან არ სწამთ. კრიმინალი და კრიმინალური ტიპები აყვავდნენ და "ბლატაობენ" ეკლესიაში. საჭიროა ახალი რუის-ურბნისი!!!” - ასე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე გარეჯში მომხდარ ძალადობის ფაქტს. მისგან განსხვავებით აპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე ბრალდებულ მელაშვილს სასამართლო პროცესის დასრულებამდე მსჯავრდებულად მოიხსნებიებს და მას პროვოკაციის მოწყობაში სდებს ბრალს.

“მთავარი არხი გარეჯის ბერებს გრუ-ს აგენტებად აცხადებს და ივერი მელაშვილს - ეროვნულ გმირად, ეს განსაკუთრებულად ძაბავს იქ სიტუაციას. გუშინდელ დღეს, როდესაც იყო ხსენება გარეჯელი მამებისა, იმ კელიებში სადაც გარეჯელი მამები მსახურობდნენ ვერ გადადიან ჩვენი სასულიერო პირები, იმ დღეს დაიგეგმა ივერი მელაშვილის გარეჯთან ჩასვლა და, მე ვფიქრობ, არ შეიძლება, მათ არ ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ როდესაც მსჯავრდებული არის ქვეყნის მიწების გასხვისების მცდელობაში, ეს ადამიანი უნდა მოერიდოს ამ დაძაბულობას.

ჩვენი პრემიერი არის ბაქოში და ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს. დიიდ იმედი გვაქვს, რომ, მათ შორის, გარეჯის საკითხზეც იქნება საუბარი, ყველაფერი ამის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ არის დაგეგმილი პროვოკაცია. რაც შეეხება ძალადობას, ძალდობას, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით და, რა თქმა უნდა, რომ ეს არ არის სასულიერო პირის საქმე. მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციების დროს, როგორი გამომწვევიც არ უნდა იყოს ეს, რომ როგორმე სასულიერო პირები არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში. მამები, ალბათ, ამას თავადვე გააცნობიერებენ და შეინანებენ". - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. ის არც კი განიხილავს სასულიერო პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.

”გამოდის რომ უნდა დავიმალო? არა! მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მის დამთავრებამდე ხელისუფლებაც და ყველა სხვაც უნდა ერიდებოდეს შეფასებებს. ეს განცხადებებია ზუსტად, რაც ახალისებს ძალადობასაც და პროვოკატორებსაც, თუ სპეციალურად არ უკვეთავენ ამ პროვოკაციებს” - ამბობს ივერი მელაშვილი. მას არ აქვს იმედი, რომ არსებული დაძაბულობის ფონზე ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტისას შეძლებს დავით-გარეჯის საკითხის დაყენებას და მით უმეტეს, საქართველოს სასარგებლოდ მის გადაწყვეტას უიმედოდ უყურებს მოლაპარაკებების სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც სასურველი შედეგისთვის მნიშვნელოვანია მეორე მხარის მოსმენა და მისი პოზიციების პატივისცემა.

ივერი მელაშვილის მონათხრობის მიხედვით, ის სასულიერო პირები, რომელთა ვინაობაც არ იცის, გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არ ცხოვრობენ და იმ დღეს სტუმრად იყვნენ უდაბნოში 6 ათასი მოწამის ხსენების დღის აღსანიშნავად. ჩხუბი და დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს ან ცოტა მეტხანს გაგრძელდა - ჟურნალისტებისგან განსხვავებით თავად ივერი მელაშვილს ხელით არ შეხებიან. ჟურნალისტი ნინუცა კეკელია ყვება, რომ მას ერთ-ერთი სასულიერო პირი ფეხებს ურტყამდა, კადრებში კი, რომელიც ოპერატორმა კამერის დაზიანებამდე გადაიღო, ჩანს როგორ ურტყამენ მასაც და ხელს უშლიან გადაღებაში. შემდეგ კამერაც და ოპერატორიც ორივე ძირს ვარდება.

“მოღალატე”, “გამყიდველი” - უყვიროდნენ ივერი მელაშვილს სასულიერო პირები, რომელიც ნინუცა კეკელიას თქმით, ნასვამები უნდა ყოფილიყვნენ. დაპირისპირებას ჰყავს თვითმხილველები - სასაზღვრო პოლიციის ორ მანქანაში მყოფი ეკიპაჟი, რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა მიუხედავად ჟურნალისტის თხოვნისა, დახმარებოდა ვითარების განმუხტვაში. ივერი მელაშვილი თავდამსხმელებს უხსნიდა, რომ არანაირი მიწა არ გაუყიდია და მათ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ მის შესახებ, სასულიერო პირებს მისი მოსმენა არ სურდათ - ბოლოს მათგან ერთი მოვიდა და მომიბოდიშა მომხდარის გამოო, იხსენებს მელაშვილი.

"ზოგადად, ივერი მელაშვილი რომ ჩაჰყავდათ იმ მონასტერში, სადაც ამ მონასტერმა მთელი მოღვაწეობის ნაწილი შეალია იმას, ემტკიცებინა, რომ ეს არ არის აზერბაიჯანის და არის საქართველოსი და ასე იყო ამა და ამ რუკების მიხედვით, რომელიც უნდა განხილულიყო და რომელიც, სამწუხაროდ, იყო უგულებელყოფილი, ბუნებრივია, იმას იქ გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ მოუწყობდნენ“, - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი გუშინ უდაბნოს მონასტერთან მომხდარ ძალადობის ფაქტს.

„სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, და მეორე, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე - დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავითგარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნეს გამოყენებული ამ პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით“, - განაცხადა კიდევ ერთმა პარლამენტარმა გია ვოლსკიმ, რომელიც ივერი მელაშვილის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას პროვოკაციად მიიჩნევს.

ეს არის საშინელი მიდგომა. თვითონ თავის თავი რომ ჩააყენონ ჩემს მდგომარეობაში: იყვნენ უსამართლოდ დადანაშაულებული რაღაც საშინელებაში და ვიღაც ეუბნებოდეს ჩაძვერი სამალავში და თავი არ ამოწიო. თუ ამოწევ, შეიძლება ვიღაცამ გესროლოს. რა სიბინძურეა, რანაირი არასწორი მიდგომაა. ყველა თავმოყვარე ადამიანი ალბათ ჩემნაირად მოიქცეოდა” - ამბობს ივერი მელაშვილი და გვიყვება, რომ გარდა მის მიმართ გახმაურებული თავდასხმებისა, ყოფილა სხვა, შედარებით უსიამოვნო მომენტები და ინცინდენტებიც საჯარო სივრცეებში, რაც გარკვეულწილად უსპობს მას უსაფრთხოების შეგრძნებას სახლიდან გასვლის დროს.

ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. არაფერი სამარცხვინო არ გამიკეთებია. პირიქით, მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემ სამშობლოს და ვაკეთებდი ჩემ საქმეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები დამაკნინებელია” - ამბობს ივერი მელაშვილი.

ივერი მელაშვილი: გამოძიება ეძებს “ნატვრის თვალს”
please wait

No media source currently available

0:00 0:10:37 0:00

გარეჯთან მომხდარ ძალადობას წინ უსწრებდა გასულ კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული “ჟურნალისტური გამოძიება”, სადაც “დავით-გარეჯის გაყიდვის” თითქმის იგივე სურათი იხატება, როგორსაც ხელისუფლება სთავაზობს საზოგადოებას. წინა წლებში მოღალატე ხელისუფლებამ გაასხვისა საქართველოს კუთვნილი და მიწა და ახლა, მმართველობაში ყოფნის მეცხრე წელს მოქმედი ხელისუფლება ცდილობს გამოასწოროს წინა მთავრობის მიერ დაშვებული ფატალური შეცდომები. ეს საგამოძიებო ფილმიც არ არის პირველი შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას სისტემის მხარეს მსხვერპლის წინააღმდეგ - პოლიციელების მიერ პოეტ ზვიად რატიანის ცემის მომდევნო დღეებში მისი დისკრედიტაციის მიზნით მათ ეთერში გაუშვეს პოლიციელების მიერ გადაღებული ვიდეოფრაგმენტები, სადაც ნაცემი ზვიად რატიანი იგინება, მათ შორის აგინებს პატრიარქ ილია მეორეს. ზვიად რატიანის საქმეზე არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც არსებობდა შს მინისტრის პირობა დამნაშავეების დასჯის შესახებ, ნაცემი პოეტი კი შემთხვევიდან რამდენიმე თვეში ქვეყნიდან წავიდა.

ელენე ხოშტარია, მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წყვეტს ურთიერთობას "კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე."

ხელისუფლებას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ძალადობრივ ფაქტებზე ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, რომელიც თვლის, რომ მომხდარი ოპონენტების წინააღმდეგ მართული სიძულვილის კამპანიის შედეგია. გიგა ბოკერიას შეფასებით, ეს და მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა.

„ყველა შემდგომი ფაქტი იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა მტკიცებულებები, ესა თუ ის თავდამსხმელი დავალებას ასრულებდა თუ არა, არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა და იმ შავრაზმული ძალების, რომელთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმი ამ ამაზრზენ პროპაგანდას ეწევა მთელი ეს პერიოდია. მათ აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ დავით გარეჯის საკითხზე რაიმე სიმართლის დადგენა. ყველამ იცის, ვინც ჩახედულია, რომ ამბავი მთლიანად მოგონილია და მხოლოდ საარჩევნო პროპაგანდის ამოცანებისთვის, პუტინის პროპაგანდის მსგავსად, ნიაღვარისთვის იყო შექმნილი, მოგონილი და შემდეგ ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი” - ამბობს გიგა ბოკერია, რომელიც თვლის რომ შავრაზმული ძალები ივანიშვილის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია. ის შავრაზმულ ძალებში მოაზრებს სასულიერო პირებსაც.

საპარლამენტო კომისია - ბერკეტი სიმართლის დასადგენად

ივერი მელაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელებულ ძველ და ახალ ძალადობის ფაქტებში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ და ოპოზიციას მოუწოდებენ, იაქტიურონ პარლამენტში იმისათვის, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შესასწავლად.

კომისიის შექმნა უნდა თავად ივერი მელაშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა ყველაზე მეტად მას სურს და იმის მიუხედავად, რომ კომისიის დასკვნას ვერ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც მაგალითად სასამართლოს განაჩენს, საზოგადოების ინფორმირებისა და ჭეშმარიტების დასადგენად მაინც მნიშვნელოვანი ბერკეტი შეიძლება იყოს.

დამოუკიდებელი საპარლამენტო კომისიის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა - ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს ამხელა წარმომადგენლობა არ ჰყავთ. კომისიის შექმნის იდეა რეალური მხოლოდ იმ შემთვევაში გახდება, თუკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის შეწყვეტს და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება.

ივერი მელაშვილის დაცვის ინიციატივას ჯერ არც პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები გამოხმაურებიან. მხოლოდ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ იმუშავებს პარლამენტში მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებების დასაცავად, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გარეშე საპარლამენტო კომისიის შექმნა მასაც რთულად წარმოუდგენია.

XS
SM
MD
LG