Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დავით გარეჯზე დიალოგი დაჩქარდება“ - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას აზერბაიჯანში, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის „ძმურ ურთიერთობას“, თანამშრომლობის გაღრმავებას და დავით გარეჯის კომპლექსის სადავო მონაკვეთზე დიალოგის განახლების აუცილებლობას.

„შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრების შემდეგ. „განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც. შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“.

„ძმური ურთიერთობა“

საქართველოს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ბაქოს ოფიციალური ვიზიტით 5 მაისს ეწვია. მთავრობის მეთაურად დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის თებერვალში, ეს მისი მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ.

ბაქოში ღარიბაშვილი, პირველ რიგში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და ერთობლივი მიმართვის დროს, მისი მამის, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები გაიხსენა - „ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ“.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს „საუკუნოვანი ძმური ურთიერთობები“ აკავშირებთ. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის უმსხვილესი ინვესტორია.

„ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიკურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს“, - თქვა ალიევმა ერთობლივი მიმართვისას და დაამატა: „მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა“.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთო ინტერესების საკითხები, რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობა და თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში.

თუმცა მთავარი, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ვიზიტი დააანონსა პრემიერად დაბრუნების დროს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი იყო.

„დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება“

თებერვალში, საპარლამენტო ტრიბუნიდან ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ბრძენ მმართველ ბატონ ალიევთან“ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოლაპარაკების დროს საერთო ენის გამონახვას შეეცდებოდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დაუდგენელია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მათ შორის, შეუთანხმებელია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მცირე მონაკვეთი, რომელიც როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ღელვის საგანია.

საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობა შეჩერებულია ერთი მხრივ, პანდემიის, მეორე მხრივ კი ქართული მხარის მიერ განხილვის პროცესში ახალი მასალების ჩართვის გამო. ახალი მასალები - 1937-38 წლებში შედგენილი 1:200 000 მასშტაბის რუკები - კი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით გაჩნდა პროცესში.

მასალები აზერბაიჯანულ მხარეს რამდენიმე თვის წინ გადასცეს. მათ შესწავლას კი, სპეციალისტების თქმით, დრო სჭირდება.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაგებით მოეკიდა ჩვენს პოზიციას. ახალი მასალები გადაცემულია მათთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა გასული წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტისას.

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი და კომისიის მუშაობის განახლების შესაძლებლობა, ოფიციალური ინფორმაციით, ზალკალიანმა ბაქოშიც განიხილა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „მინისტრებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი კომისიის მოკლე დროში შეკრების შესახებ და გამოთქვეს იმედი კომისიის ფარგლებში საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკევთების და ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადაჭრის თაობაზე“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო. ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევი თბილისშიც მოიწვია.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG