Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწყობს თუ არა ხელისუფლება მორალურ სასამართლოს ივერი მელაშვილს?


სხვადასხვა აქტორები, მათ შორის, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, კრემლისტური, ულტრანაციონალისტური აქტორები, ქლიქბაიტ-საიტები რუსეთში რეგისტრირებული IP მისამართებით, ერთდროულად, უმეტესად კოორდინირებულად მონაწილეობდნენ კარტოგრაფების სამშობლოს მოღალატეებად წარმოსაჩენად.

ამ დასკვნით კვლევა, მედიის განვითარების ფონდმა 1 თებერვალს გამოაქვეყნა. ონლაინ წარმოებულ სიძულვილის კამპანიას პირველი ხილული შედეგიც მალევე მოჰყვა - საჯარო სივრცეში, ტექნიკის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცმა ივერი ლელაშვილს სამშობლოს მოღალატე და გამყიდველი ეძახა. ვიდეო მალევე გავრცელდა ხელისუფლების მხარდამჭერების და ულტრანაციონალისტების ჯგუფებში, ახალგაზრდა კაცს, ბაქარ ადამიას მადლობას უხდიდნენ ამ საქციელისთვის. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ უდანაშაულო ადამიანისთვის „მორალური სასამართლოს” მოწყობისთვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. შემთხვევიდან მეორე დღეს, პარლამენტის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ თქვა, რომ ივერი მელაშვილს სპეციალურად „ატარებენ” ხალხმრავალ ადგილებში იმ მიზნით, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს და მერე ეს ფაქტები, თუკი სასამართლო გაამტყუნებს, მისი დაცვის მხარემ გამოიყენოს.

„დღის გმირი ბექარ ადამია. მან მოღალატე მელაშვილს უწოდა გამყიდველი და მოღალატე, აბსოლიტურად ყველა უნდა მოიქცეს, როგორც ეს ბიჭი”, - წერდნენ კახა კალაძის მხარდამჭერთა ჯგუფში.

„აი გმირი!

სამშობლოს გამყიდველებს ყველა ქართველ ასე უნდა მოექცეს!

დღეს, ლგბტ გიგა მაქარაშვილის მიერ შეგროვებული, ფულით სავსე ჯიბეებით, ელექტრონიკის მაღაზია “ალტაოკეიში” სავაჭროდ შესულ ივერი მელაშვილს უცნობმა ქართველმა ახალგაზრდამ სახალხოდ “ქვეყნის გამყიდველი” და “მოღალატე” ეძახა!“ - ეს გამოხმაურება „ქართული მარშის” მხარდამჭერების ჯგუფში მოჰყვა ივერი მელაშვილის საჯარო შეურაცხყოფას.

„გარეჯის გამყიდველ ივერი მელაშვილს ალტას მაღაზიაში უთხრეს რომ მოღალატეა და როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება კიდევ შეახსენებენ, რომ ნაძირალაა” - ეს პოსტი „ნამდვილების კლანი/ქართული ოცნების” ჯგუფიდანაა.

ის, რასაც ხელისუფლების მხარდამჭერები და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები იწონებენ, სამართლებრივად შეიძლება ხულიგნობად დაკვალიფიცირდეს. პირისპირ შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ისევე როგორც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ველოდებით პასუხს კითხვაზე, დაიწყეს თუ არა გამოძიება მომხდარზე.

კამპანია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ ფაქტობრივად იმავე დღეს დაიწყო, როცა ისინი წინასწარი პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმ დღეს მოქალაქეებმა კარტოგრაფებს გირაოსათვის საჭირო 40 000 ლარი 2 საათში შეუგროვეს.

იმავე დღეს ივერი მელაშვილის TV პირველის ეთერში ნათქვამი ფრაზა დავით გარეჯთან დაკავშირებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ვირუსულად გავრცელდა ფეისბუკში. ინგა გრიგოლიას ეთერში სტუმრობისას ივერი მელაშვილი სხვა საკითხებთან ერთად საზღვრის სადავო მონაკვეთების დადგენის პროცესზეც ლაპარაკობდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მიზანმიმართულად ხდება თუ არა მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, ივერი მელაშვილმა ვრცლად ისაუბრა, ფეისქბუკზე კი ამ საუბრიდან მხოლოდ ერთი ფრაგმენტი გავრცელდა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, „როგორ არის შენი, როცა არ არის შენი”, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მელაშვილი გარეჯის საქართველოსთვის კუთვნილებას სრულად უარყოფს.

ივერი მელაშვილის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზის გავრცელება, მითების დეტექტორის კვლევის თანახმად, პირველად ულტრანაციონალისტურმა და პროსახელისუფლებო ჯგუფებმა დაიწყეს, რომელსაც მალევე შეუერთდნენ სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები და პრორუსი აქტორები. გარდა იმისა, რომ ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ივერი მელაშვილი დავით გარეჯს, როგორც ქართულ ისტორიულ ძეგლს, არ ცნობს, ოპონენტები ეჭვქვეშ აყენებდნენ მის პროფესიულ განათლებას, ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას ოჯახური ურთიერთობების შესახებ ჭორის გავრცელებით, ამავე კონტექსტში ხდებოდა ნატალია ილიჩოვას დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით.

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება საჭიროდ ჩათვალეს მოქმედმა პარლამენტის წევრმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პროკურორებმა, მაღალი და დაბალი იერარქიის სასულიერო პირებმა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვასილ მაღლაფერიძემ.

ივერი მელაშვილის გათავისუფლებიდან მალევე თეა წულუკიანმა თქვა, რომ „საზოგადოება შოკშია” იმის გამო, რომ „უკვე მეორე დღეა ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარაფერი დარჩა”. საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლებას შეახსენა, რომ მან სიტყვა საქმედ უნდა აქციოს და „დაამტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები, გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ, მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს”. დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარმა მოითხოვა, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ივერი მელაშვილის განცხადებებს დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს, ეპისკოპოსმა იაკობმა კი თქვა, რომ ყველა, ვინც მათ მხარს დაუჭერდა, გასარიყები იქნებოდნენ. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებები “ბრალის აღიარებად” მიიჩნია. მან თქვა, რომ აპირებენ, იყვნენ უკომპრომისოები და ბრალდებულებს შეახსენა, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესები და ჯერ კიდევ ემუქრებათ 15 წლამდე სასჯელი.

ისტორიული ტრავმების გაღვივება პრორუსული და ულტრანაციონალისტური ჯგუფების აპრობირებული ტაქტიკაა ანტიდასვლური და პოლარიზაციისკენ მიმართული კამპანიებისთვის. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერზე აჭარაში, თურქეთი ოკუპანტად იყო გამოყვანილი, აჭარა კი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიად მონიშნული.

ამჯერად, ულრანაციონალისტურმა ჯგუფებმა ოკუპანტად აზერბაიჯანი დახატეს და ჰეშთეგიც კი აამოქმედეს ამ შინაარსის კონტენტის გამაერთიანებლად ფეისბუკში - აზერბაიჯანიოკუპანტია - ამ პოსტების და სტატიების გამაერთიანებელი ჰერეთის გახსენება და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული პრეტენზიების წაყენების მოთხოვნა იყო.

  • იბერიულ-კავკასიური მოძრაობის ლიდერმა ბესარიონ მიქავამ განაცხადა, რომ „ილჰამ ალიევის აზერბაიჯანი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტია!”. მიქავას პოსტი, სადაც საუბარია ჰერეთის ანექსიასა და თურქულ ოკუპაციაზე, გამოაქვეყნეს კრემლისტურმა გამოცემებმა tvalsazrisi.ge-მ და News-front-მა.
  • აზერბაიჯანული ოკუპაციის გზავნილი გვხვდება ულტრანაციონალისტური მედიასაშუალება „ალტ-ინფოს” ეთერშიც, რომელიც ავითარებს მოსაზრებას, რომ საქართველომ ტერიტორიული პრეტენზიები არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა მეზობლებსაც, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსაც უნდა წაუყენოს.
  • პრიმაკოვის რუსულ-ქართული ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის ფეისბუკპოსტი, რომელიც 1996 წლის აზერბაიჯან-საქართველოს სასაზღვრო კომისიების შეთანხმების ოქმს შეიცავს, ლორთქიფანიძის აზრით, ილიჩოვა-მელაშვილის ბრალეულობას ადასტურებს. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტვ Imedi-მა და კრემლისტურმა NEWS-Front-მა ლორთქიფანიძის ეს პოსტი გააშუქეს, თუმცა პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციის ნაცვლად, მისი როგორც ყოფილი დეპუტატის რეპრეზენტაცია მოახდინეს.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების დისკრედიტაციის კამპანიაში ქლიქბეით-საიტებიც ჩართვნენ, ntv.ge, ambavi.club, Footbal.ge, wwww.ge, giftsat.ge „ალიას” ავტორის ირა გოგოსაშვილის პოსტს ავრცელებენ, სადაც ივერი მელაშვილის პირად ცხოვრებაზე ჭორაობენ. ხუთი ქლიქბეით-საიტიდან ოთხის (ntv.ge, ambavi.club, footbal.ge, gifsat.com) IP მისამართი რუსეთშია, ერთის (wwww.ge) - საფრანგეთში.

იყო თუ არა ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებში სადავო ან აღიარებითი განცხადებები?

ივერი მელაშვილი ინტერვიუებში საუბრობს არა დავით გარეჯის მონასტრის ისტორიულ კუთვნილებაზე, არამედ მისი ადგილმდებარეობის სამართლებრივად დაკანონების პროცესზე, რაც დღემდე ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებელი საკითხია.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მონასტრებიდან, ერთ-ერთი, ბერთუბნის მონასტერი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადავოა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების სამართლებრივი მდებარეობა - ეს მოცემულობა საქართველოსთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც საბჭოთა მემკვიდრეობაა.

დავით მერკვილაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტიდან, 2014 წელს წერდა, რომ ისტორიული გეოგრაფიის უგულებელყოფით საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გავლებული საზღვარი, რომელიც არც კულტურულ-არქიტექტორულ მემკვიდრეობას ცნობდა, ათეისტურ-ბოლშევიკური ხელისუფლებისგან გასაკვირი არ იყო, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, სადაც საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვარი ერთი დიდი საბჭოთა იმპერიის ლამის უბრალო ადმინისტრაციული საზღვრის დონეზე განიხილებოდა. სხვადასხვა ეროვნების „მოძმე მშრომელთა” მიერ „საერთო-სახალხო მიწა-წყლისათვის ერთმანეთთან ცილობა” კი დაუშვებელ „ვიწრონაციონალისტურ გამოხდომად” მიიჩნეოდა.

„თუმცა ბოლშევიკურ-კომუნისტური ხელისუფლების ზედა ეშელონებში საზღვრების მანიპულირებით ნაციონალური ნიშნით გარკვეულ წახალისებას ან პირიქით, დასჯასაც არცთუ იშვიათად მიმართავდნენ ხოლმე“, - აღნიშნავს მკვლევარი და იქვე დასძენს, რომ ტერიტორიული პრობლემები, რომელმაც თავი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იჩინა, ლოგიკური და მოსალოდნელი იყო.

დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტრები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს. ისტორიულად საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანის მფლობელობაში de facto 1921 წლის 8 ნოემბერს, ხოლო de jure - 1924 წლის 20 ნოემბერს გადავიდა მაშინდელი საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობით. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოლაპარაკებებზე საქართველო სასაზღვრო ტერიტორიის ამ მონაკვეთის სხვა ტერიტორიაზე გაცვლის შესაძლებლობას ითხოვს, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამ წინადადებას არ თანხმდება, მათ შორის იმ საბაბით, რომ დავით გარეჯის მონასტრებს ალბანური კულტურის ძეგლებად მიიჩნევს.

ქართველ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის საკითხის გადაწყვეტამდე, ყველაზე სწორი მიდგომა დავით გარეჯის ლავრის კომპლექსის ტერიტორიის ნეიტრალურ ზონად გამოცხადება იქნებოდა. დავით გარეჯის კომპლექსის სრულად საქართველოს შემადგენლობაში მოსაქცევად კი, ისტორიკოსები ოთხი ძირითადი ფაქტორის გამოყენებას ურჩევენ ხელისუფლებას მთავრობათაშორის მოლაპარაკებებში: ისტორიულს, კონფესიურს, სამართლებრივსა და პოლიტიკურს. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები კარტოგრაფიულ არგუმენტებს არც ახსენებენ და არც დასაყრდენად განიხილავენ.

ის, რომ დავით გარეჯი დამარხული ნაღმია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, და საქართველოს მთავრობას არ აქვს მწყობრი სტრატეგია საზღვრის დელიმიტაციის პროცესში - ისტორიკოსმა ლადო მირიანაშვილმა რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში უთხრა. ის დავით გარეჯის კომპლექსს 30 წელზე მეტია სწავლობს. მაშინ ჩიჩხიტურთან მისასვლელი გზა ქართული მხარისთვის უკვე ჩაკეტილი იყო და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ორივე ქვეყნიდან აქტივისტები აქცია-მსვლელობის გამართვას აპირებდნენ ამ ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობდა, რომ კომისიის მუშაობის განახლების მიუხედავად, საბოლოო შედეგამდე წინ მოლაპარაკების არაერთი რაუნდი იყო დარჩენილი.

ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები რომ წინააღმდეგობაში არ მოდის ისტორიასა და ქართველი მეცნიერების კვლევებთან, იმითაც მყარდება, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საზღვარი ამ დრომდე შეუთანხმებელია. სწორედ შეთანხმების მიღწევაში მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და დაძაბულ ვითარებაში წარმატებული მოლაპარაკების შეუძლებლობაზე ლაპარაკობდა ივერი მელაშვილი 28 იანვარს, მას შემდეგ, რაც მისი განცხადების მანუპულაციურად გავრცელების გამო, მან 29 იანვარს თავადვე განმარტა, რომ ისტორიული და სამართლებრივი კუთვნილება განსხვავებული ცნებებია და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლის თითოეული ნაწილის დასაბრუნებლად მეზობელ სახელმწიფოსთან სამართლებრივ-პოლიტიური მოლაპარაკება ერთადერთი გზაა, პოპულიზმი კი ამ პროცესს მხოლოდ ვნებს.

„დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, ჩვენი რელიგიის. ამაზე ვერც შემოგვედავება ვერავინ. აქ პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილია გარკვეული საზღვარი. ეს საზღვარი მოქმედებს. თუ ვინმეს მაინცდამაინც პოპულისტური განცხადება უნდა ჩემგან, რა თქმა უნდა, დავიწყებ გულში ხელების ბრახუნს და ვიტყვი, სულ ჩვენია ყველაფერი იქით, ფოილოს ხიდამდე ჩვენია, მაგრამ არის ასე? არ არის. იყო ერთ დროს, კი, ბატონო. იყო საზღვარი ფოილოს ხიდზე, არ არის დღეს. ამოვდივართ სამართლებრივად. უნდა თქვა, კი, ბატონო, შენია, კულტურული, რელიგიური, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენია, მაგრამ თუ გინდა, რომ მიზანს მიაღწიო მოლაპარაკებებზე, უნდა მოიქცე სწორად. ზედმეტ და პოპულისტურ განცხადებებს თავი უნდა დაანებო”.

ივერი მელაშვილი, 29 იანვარი

ივერი მელაშვილის სადავოდ ქცეული ფრაგმენტები ტელეეთერიდან მოხვდა რუსული მედიის ყურადღების ცენტრშიც.

კონკრეტულად ვინ დგას ორგანიზებული სიძულვილის კამპანიის უკან?

გარდა ხელისუფლებისა და სასულიერო პირების საჯარო განცხადებებისა, კარტოგრაფების წინააღმდეგ სავარაუდოდ შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებდა ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი.

ივერი მელაშვილის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ კოორდინირებულ და ორგანიზებულ კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართულობის დასადასტურებლად, ელენე ხოშტარიამ 30 იანვარს 100-ზე მეტი „სქრინი” გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ვიდეო, რომელსაც ისინი ავრცელებენ, იდენტურია - „ერთი ადამიანის მოჭრილი და ინსტრუქციად გაგზავნილი ასატვირთად“.

კოორდინირებული კამპანიის ეჭვი გაამყარა ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულმა კიდევ ერთმა „სქრინმა, სადაც ჩანს „ქართული ოცნების“ აქტივისტი შაკო კუჭაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერებს მოუწოდებს, გაავრცელონ კონკრეტული „მარტივი” მესიჯები, მათ შორის, „ივერი მელაშვილი არის მტერი”, „ივერი მელაშვილი არის არაპროფესიონალი კარტოგრაფი” და სხვა.

რადიო თავისუფლებამ ნახა ათობით ჯგუფი, სადაც ხელისუფლების მხარდამჭერები, ულტრანაციონალისტური და რადიკალური ჯგუფები ერთმანეთის მსგავს გზავნილებს აზიარებენ - ყველა მათგანის მიზანი კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების დისკრედიტაცია, ფაქტების უგულებელყოფა და სიძულვილის ტირაჟირებაა, რიგ შემთხვევებში - მეზობელი ქვეყნისადმი მტრული განწყობების გაჩენა და გაღრმავება. იმის მიუხედავად, რომ, მაგალითად, მამუკა მდინარაძემ ივერი მელაშვილზე თავდასხმის შემდეგ თქვა, „ჩვენი ხელწერა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის რაიმე თავდასხმის და ადამიანის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების წახალისება”, მეორე დღეს უფრო ლოიალური გახდა ძალადობის მიმართ და აღნიშნა, რომ ივერი მელაშვილზე თავდასხმა სასიამოვნო არ იყო, თუმცა არც ისეთი შემაშფოთებელი, როგორც, მაგალითად, ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერმა ნაგვის ურნა დააცალა თავზე უზენაესი საბჭოს დეპუტატს.

ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები და კონტენტი, რომელსაც „ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფეისბუკზე ქმნიან და საკუთარ თემატურ ჯგუფებში აზიარებენ, ადასტურებს ეჭვს კოორდინირებული მოქმედების შესახებ.

გარდა იმისა, რომ საჯარო და დახურულ ჯგუფებში კოორდინირებულად ვრცელდებოდა კონკრეტული გზავნილები, ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკის ბაზა გვიჩვენებს, რომ ფაქტობრივად იმავე გზავნილების გასავრცელებლად მედიასაშუალებები რეკლამასაც ყიდულობდნენ მეტ აუდიტორიაზე გასასვლელად.

ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია ამავე ტაქტიკით მოქმედებდა გამოძიების საწყის ეტაპზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

XS
SM
MD
LG