„გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება, დამოკიდებულება, ემოციების შეჯახება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა – ადამიანები, მიწათამზომველები არიან თუ არ არიან სპეციალისტები და გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და ხშირად ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ - ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო", - ასე გამოეხმაურა დეპუტატი გია ვოლსკი პარლამენტის ტრიბუნიდან "კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას 1 თებერვალს ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ველოდებით პასუხს კითხვაზე, დაიწყო თუ არა პოლიციამ გამოძიება. გიორგი მშვენიერაძე, ივერი მელაშვილის ადვოკატი, მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციულ და სიძულვილის შემცველ კამპანიას აკისრებს, რომლის მიღმაც სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები და პრორუსი აქტორები დგანან.
"სულ ახლახან გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც 2007 წელს აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი - ისე უნდა გავყოთ საზღვარი მეზობელ ქვეყანასთან, რომ ეს სიმაღლე, რომელიც მას სტრატეგიულად სჭირდება, მისი უნდა იყოს, ხოლო კომპლექსი უნდა იყოს ჩვენიო. ლოგიკურად, მიწათმომწყობიც კი ადვილად გაერკვევა იმაში, რომ ეს არის აბსურდი და თუკი ამ აბსურდს კონკრეტული ადამიანები მიყვებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ერთმა დააშავა, სისტემამ დააშავა და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს.
ეს ხომ იგივეა, რომ თქვა, აგერ, მეზობელ რომელიმე ქვეყანას მთაწმინდას დავუთმობ, სჭირდება და დანარჩენი ტერიტორია ისე შემოიხაზება, რომ ჩვენად უნდა დარჩესო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში ის გულისხმობს 2007 წლის 12 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ვებსაიტზე მთელი ამ დროის განმავლობაში ღიად და საჯაროდ დევს და სადაც ის ამბობს:
"ჩვენს მეგობართან ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განვიხილეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვარის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტარატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს".
ივერი მელაშვილის შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალა "ფორმულას" თანამშრომელმა სოციალური ქსელით 1 თებერვალს გაავრცელა. ვიდეოს ავტორი, სოფო სამუშია ამბობს, რომ ის ინციდენტის მხოლოდ ფრაგმენტს შეესწრო და მისი ყურადღება "ალტას" მაღაზიაში ხმაურმა მიიქცია. მისი თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ კონფლიქტის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ. თავად ივერი მელაშვილმა ფაქტს პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ "რაიმე ისეთი არ მომხდარა, რაღაც მაკადრა და ხმამაღლა მელაპარაკა".
"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება აზერბაიჯანის სასარგებლოდ. არც ივერი მელაშვილი და არც ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. კარტოგრაფების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 10 თებერვალს არის დანიშნული.