ორგანიზაციამ კვლევისთვის 299 მოსამართლის ფეისბუკზე აქტივობები შეისწავლა და გააანალიზა მათი აქტივობები როგორც მოსამართლედ განწესებამდე, ისე შემდგომ პერიოდში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
- სოციალურ მედიაში, პოლიტიკურ შეხედულებებს მოსამართლეთა მცირე ნაწილი გამოხატავს, რაც ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, აზიანებს სასამართლო სისტემის ავტორიტეტს და შესაძლოა ცალკეულ საქმეებზე აჩენდეს კითხვის ნიშნებს მიუკერძოებლობის კუთხით;
- მოსამართლეთა ნაწილი Facebook-ის პლატფორმას იყენებს რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გასაზიარებლად, რაც ცალკე აღებული წინააღმდეგობაში არ მოდის სამოსამართლო ეთიკის სტანდარტებთან, თუმცა შესაძლებელია, ინდივიდუალურ შემთხვევებში მიკერძოებულობის ნიშნებს შეიცავდეს და გახდეს აცილების/თვითაცილების საფუძველი;
- მოსამართლეთა დიდი ნაწილი სოციალურ ქსელს იყენებს პირადი ინფორმაციის განსათავსებლად;
- ათეულობით მოსამართლე იყენებს თავის ფეისბუკგვერდს აკადემიური, საგანმანათლებლო აქტივობების გასაზიარებლად და მართლმსაჯულების სისტემის პოპულარიზაციისათვის; ავლენს სამოქალაქო აქტივიზმს, ასევე ეხმიანება პატრიოტულ თემებს და ოკუპაციას.
კვლევაში შეფასებულია, რამდენად შეესაბამება მოსამართლეთა ქცევა სოციალურ ქსელში საერთაშორისო სტანდარტებს, რეკომენდაციებს და საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; ასევე, „მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს იმ პოსტების მოწონებისგან ან გაზიარებისგან, რომლებიც ეწევიან რასიზმის, სიძულვილის, ჰომოფობიის, ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის პროპაგანდას”.
კვლევის ფარგლებში ვერ მოხერხდა საერთო სასამართლოების 112 მოსამართლის Facebook-ის პროფილის მოძიება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ისინი არ იყენებენ ამ სოციალურ ქსელს, ან მათი სახელები სოციალურ მედიაში არ ემთხვევა რეალურს. კვლევის საწყის ეტაპზე, პროფილების იდენტიფიცირების დროს პრობლემა შექმნა სწორედ იმ გარემოებამ, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსამართლეთა რეალური სახელი განსხვავდებოდა სოციალურ მედიაში არსებულისაგან (მაგალითად: ეკატერინე ჭინჭველაშვილი - ეკა ტე რინე; ციცინო როხვაძე - Cici Cici; ეკატერინე პართენიშვილი - Catherine Ekaterine; მანანა ნიკაჭაძე - Manana Nik Manana Nik; ნათია მერაბიშვილი - Natia Nati; სოფიო ლეჟავა - Sofi Sofia; თეა ლეონიძე - Teatea Lumagi; გოგა კუპრეიშვილი - გოგა გოგა; ვალერიან ბუგიანიშვილი - Valeri Valeri; ხატია არდაზიშვილი - Kha- tia Khatia; ივერი აბაშიძე - Iva Iva; სოსო ღურწკაია - ალექსანდრე და ანასტასია).
უფრო კონკრეტულად, რას წერენ მოსამართლეები
პოლიტიკური შეფასებები და სიმპატიები
პოლიტიკური შინაარსის სტატუსებს ფეისბუკზე მოსამართლეთა ნაწილი აქვეყნებდა მოსამართლედ დანიშვნამდე, ნაწილი კი მოსამართლედ დანიშვნის შემდეგაც ღიად აფიქსირებს თავის სიმპათიებს.
- მოსამართლე ნანა ჯანხოთელმა 2017 წლის 8 დეკემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდიდან გააზიარა იმდროინდელი მერის ბიოგრაფია. ამავე პოსტის კომენტარში ის წერს: „მჯერა, რომ დამსახურებული მერი იქნები, წარმატებებს გისურვებ!“ 2017 წლის 20 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდიდან მოსამართლე აზიარებს ინფორმაციას, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ჰყავს. 2017 წლის 1 ოქტომბერს კი ნანა ჯანხოთელს გაზიარებული აქვს facebook-გვერდი და ფოტო - ზაზა ონიანი გარდაბნის საკრებულოს მაჟორიტარად. „ეს უკანასკნელი შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა“, - თვლიან კვლევის ავტორები. ნანა ჯანხოთელი 2010 წლიდან ასრულებს მოსამართლის უფლებამოსილებას, 2018 წლის 1 აგვისტოდან არის ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
- მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გამოხატავს პოლიტიკურ დამოკიდებულებას მმართველი პარტიისადმი, როდესაც 2018 წლის 29 ნოემბერს, მაგისტრატ მოსამართლედ დანიშვნის შემდგომ პერიოდში, აზიარებს ალექსანდრე მოწერელიას პოსტს. ამ პოსტში ალექსანდრე მოწერელია აჯამებს საპრეზიდენტო არჩევნებს და სალომე ზურაბიშვილს ულოცავს ორივე ტურში გამარჯვებას. ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
- 2016 წლის 26 ნოემბრის პოსტით მოსამართლე თემურ გოგოხია პოლიტიკურ წარმატებას ულოცავს ვანო ზარდიაშვილს. თემურ გოგოხია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
- მოსამართლე ნინო მამულაშვილს თავისი მეუღლის, დავით მათიკაშვილის facebook-გვერდიდან გაზიარებული აქვს სხვადასხვა პოსტი, მათ შორის ნაწილი შეეხება დავით მათიკაშვილის გამოხმაურებას ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტზე, ხოლო ნაწილი - კონსტიტუციის ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში დავით მათიკაშვილის მესტიაში ყოფნის პერიოდს. ნინო მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
- 2013 წლის 26 თებერვალს მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური facebook-გვერდიდან გიგი უგულავას სურათი გააზიარა, რომელზეც წითელი ასოებით დატანილია სიტყვები: „ამის მერობა ვისაც არ გსურთ გაიზიარეთ ეს სურათი“. სურათს თან ახლდა შემდეგი განცხადება: „ყველამ ნახეთ სასამართლოში რაც მოხდა. გიგი უგულავასთან დაკავშირებით იყო ძალიან კარგად დამუშავებული და მტკიცებულებებით გამყარებული ორი ეპიზოდი. მე მართლაც მებრალება ის მოსამართლეები, რომლებიც მუშაობენ, რომლებსაც უწევდათ და ჯერ კიდევ უწევთ დაკვეთების შესრულება. ძალიან რთულია, როდესაც მოსამართლე გქვია და ყოვლად უკანონო გადაწყვეტილებებს იღებ” - ირაკლი ღარიბაშვილი. მერაბ ღვინიაშვილი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
დისკრიმინაცია, უხამსი ან არაეთიკური ქცევა
კვლევის ავტორების თქმით, მოსამართლეთა მიერ დისკრიმინაციული აზრის გამოხატვა ძირითადად ხორციელდებოდა დანიშვნამდე პერიოდში, რაც, მართალია, ეთიკური ნორმების დარღვევად ვერ შეფასდება, მაგრამ წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას, მოსამართლეთა მხრიდან სხვადასხვა ჯგუფთან, მათ შორის უმცირესობებთან, სავარაუდო მიკერძოებული დამოკიდებულების დასადგენად.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოსამართლეები ხშირად აზიარებენ სხვადასხვა სახის რელიგიურ პოსტებს: ხატებს, პატრიარქის სურათებს, ქადაგებებს, მართლმადიდებლური დღესასწაულების მილოცვებს და ა.შ. მათ შორის გამოკვეთილია მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის აქტიურობა - გოგა კუპრეიშვილი გორის საქალაქო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლეა. მას პანდემიის დროს, 2020 წლის 18 მარტს, ალექსანდრე ფალავანდიშვილის გვერდიდან გაზიარებული აქვს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ერქვანიას საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის ამსახველი ვიდეო, სადაც ის აღნიშნავს, რამდენად უსუსურია საზოგადოება, რომელიც მეცნიერების იმედადაა; მათ ღმერთი უარყვეს და გარყვნილებას მიეცნენ. პარლამენტარი ასევე წინააღმდეგია ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლის. მოსამართლედ დანიშვნამდე გოგა კუპრეიშვილის ფეისბუკზე არაერთი ჰომოფობიური პოსტი გაზიარებულა.
კვლევის თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა ძალიან მცირე ნაწილი სოციალურ მედიაში აქტიურობისას ავლენს საზოგადოებრივად არაეთიკურ ქცევას, რაც როგორც მოსამართლის მაღალ სტატუსს და პიროვნებას აყენებს ეჭვქვეშ, ასევე ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს. მაგალითად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, იოსებ აბრამიძეს მოსამართლედ გამწესებამდე პერიოდში, 2016 წლის 20 ივლისს, გაზიარებული აქვს ძაღლისა და ცხვრის სექსუალური აქტის ამსახველი ფოტო, რომელზეც დატანილია წარწერა „სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“. მასვე გაზიარებული აქვს ძროხის და ბუღის სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეო, რომელსაც ხელს შეუშლის სხვა ბუღა. 2018 წლის 19 ნოემბერს მას ასევე გაზიარებული აქვს ვიდეო, რომელშიც სტომატოლოგიურ კლინიკაში მისულ პაციენტს ხვდებიან სტრიპტიზის მოცეკვავეები.