22 აპრილს ბრალი წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს. ისინი - გამოძიების მტკიცებით - წვევამდელებს სისტემურად, მძიმე ეკიპირებით, ზოგჯერ 10-11 საათის განმავლობაში, კბილის ჯაგრისებით ახეხინებდნენ საპირფარეშოს იატაკებსა და უნიტაზებს, რითიც შელახეს მათი ღირსება და გადაამეტეს საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
„ჯარისკაცებს და სამხედროებს ძალიან არ უყვართ საუბარი ზოგადად ასეთ საკითხებზე. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ჩაკეტილია [სისტემა], სუბკულტურაა გარკვეულწილად. ინფორმაციის მიღება ყოველთვის ჭირს. მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ასეთ შემთხვევას ბევრჯერ ჰქონია ადგილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე.
დასჯის აკრძალული მეთოდები
2020 წლის ზაფხულში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება ქალაქ რუსთავთან ახლოს მდებარე „იაღლუჯის“ ბაზაზე, ზემდგომების მხრიდან წვევამდელების მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე.
თითქმის 9-თვიანი გამოძიების თანახმად, შსს-ს თანამშრომლებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, შელახეს მათი პირადი ღირსება, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
ინსპექტორის ინფორმაციით, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსმა დიმიტრი დევდარიანმა:
- 2020 წლის 14 მარტს - ერთ წვევამდელს, 1-2 საათით, 10 კგ-ზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი.
- 2020 წლის 25 მაისს - ერთი წვევამდელი აღჭურვა 10 კგ-ზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და 10-12 საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა.
- 2020 წლის 03 ივლისს - წვევამდელს, რომელიც პირადი შემადგენლობის სხვა ჯარისკაცებთან ერთად იდგა მწყობრში ყაზარმის სიახლოვეს, ხელი დაარტყა ყელის არეში და თავი ჩაარტყა შუბლში.
დევდარიანს ბრალად ედება პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის, მისი ადვოკატის თქმით, ინარჩუნებს დუმილის უფლებას. ის უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას და მიაწვდის გამოძიებას.
ინსპექტორის ინფორმაციით, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის კიდევ ერთმა უფროსმა გიორგი ბიჩინაშვილმა:
- 2020 წლის 28 იანვარს - წვევამდელს 0,5-1 საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები.
- 2020 წლის 24 მაისს - 2 წვევამდელს, 2-4 საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილებს, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, პირსაბანი ოთახის იატაკი და საპირფარეშოს კარი.
- 2020 წლის 17 ივნისს - წვევამდელს, დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახი, პირსაბანი ოთახის სივრცე და საპირფარეშოს კარი.
ბიჩინაშვილს ბრალი ედება პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ის, მისივე ადვოკატის თქმით, ასევე დუმილის უფლებას იყენებს.
ინსპექტორის სამსახური კი აცხადებს, რომ დაკავებულთა დანაშაული დასტურდება ფოტო-მტკიცებულებებით, ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით.
აზიდვები, ბუქნები, სირბილი - მსუბუქი, მაგრამ არასაწესდებო სასჯელი
წვევამდელების მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა აღმოაჩინეს 2017 წელს, ტაბელური იარაღის გავარდნის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ჯარისკაცის, ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში. პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა მიმართვის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო ინფორმაცია, რა დაადგინა პროკურატურამ.
„ძალიან ხშირი რომ იყოს [ასეთი მძიმე შემთხვევები], მომართვიანობა ალბათ ხშირად გვექნებოდა. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ხშირი არ არის. ჩვენ ყოველწლიურად გვესმის არაფორმალურად დასჯის, ოღონდ უფრო მსუბუქი შემთხვევების შესახებ“, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
სახალხო დამცველი, თავის ყოველწლიურ ანგარიშებში, მუდმივად აღნიშნავს, რომ თავდაცვის ძალების სხვადასხვა სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს სჯიან ბუქნებით, აზიდვებით, სირბილით. მათ შორის, გამოიყენება ჯგუფური დასჯის პრაქტიკაც - როცა ერთი ჯარისკაცის დისციპლინური გადაცდომის გამო მთელ ჯგუფს აკისრებენ დამატებით ფიზიკური აქტივობებს. ასეთი აქტივობები კი არაა განსაზღვრული სპეციალური წესდებით.
მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს სისტემის წესდებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
- შენიშვნა;
- საყვედური;
- რიგგარეშე განწესში დანიშვნა;
- ხელფასიდან დაქვითვა;
- საკრედიტო ქულის დაკლება;
- სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;
- სასწავლებლიდან გარიცხვა;
- სამსახურიდან დათხოვნა.
„როცა ასობით ადამიანი თავს არიდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, უფრო ზრდის ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოებაში“, - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია და განაგრძობს: „სისტემა მოითხოვს რეფორმას. მე არ მესმის, თავდაცვის მიზნებისთვის რატომ უნდა მსახურობდეს ადამიანი ციხეებში თუ შსს-ში“.
დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.