ყოველ წელს ასობით წვევამდელი ხელოვნურად არიდებს თავს სამხედრო სამსახურს, რომელიც საქართველოში სავალდებულოა. თუმცა ამისთვის, მაგალითად, 2019 წელს არავინ დასჯილა. როგორ ახერხებენ წვევამდელები თავი დააღწიონ ვალდებულებას ისე, რომ კანონი არ დაარღვიონ? რადიო თავისუფლება გიჩვენებთ იმ გზებს და ლეგალურ “ხვრელებს”, რომლებსაც წვევამდელები იყენებენ.
“სულ რამდენიმე ვარიანტი მქონდა - თვითდაზიანება, წონაში დაკლება და კიდე ერთხელ ჩაბარება. ჩაბარებას ვეღარ ვასწრებდი. იყო ვარიანტები სხეულის დაზიანების - ამოწვა, ვენების გადაჭრა და ეგეთი რაღაცები, მაგრამ რომელიღაცა საიტზე წავიკითხე, რომ ზედმეტად სუსტებს სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ცნობდნენ. ავიწონე და აღმოჩნდა, რომ 7-8 კილო უნდა დამეკლო, აქ ვიპოვე გამოსავალი”, - უყვება რადიო თავისუფლებას 28 წლის გიორგი, რომელიც ერთ-ერთია იმ ასობით წვევამდელს შორის, ვინც ჯარში არ წავიდა.
სამშობლოს სამსახური თვეში 63 ლარად
18-27 წლამდე ასაკის საქართველოს თითოეული კაცი მოქალაქე ვალდებულია, რომ გაიაროს სამხედრო სამსახური. ეს კანონი ჯერ კიდევ 1997 წლიდან მოქმედებს. გაწვევა, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ხდება.
2020 წლის გაზაფხულზე 4 000-ზე მეტი ახალგაზრდა გაიწვიეს. მათგან ჯარში მხოლოდ მესამედი მოხვდება. წვევამდელების უმრავლესობა, 77% კი ციხეებისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებების დაცვის ფუნქციას შეასრულებენ. მათ სახელმწიფო თვეში 63 ლარს გადაუხდის.
საქართველოში წლებია, მსჯელობენ იმაზე, სამართლიანი და ეფექტიანია თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
“რეფორმა აუცილებელია, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეყო ამის გამბედაობა”, - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია, რომელიც სავალდებულო მოდელს ემხრობა.
ისინი, ვინც სავალდებულო გაწვევას ემხრობიან, მიიჩნევენ, რომ საქართველოს მკაფიო საგარეო საფრთხე ემუქრება; “ყარაული” ზუსტად ისეთივე ნაწილია უსაფრთხოების, როგორც ავტომატიანი ჯარისიკაცი; სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ფული, რომ მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო სამსახურზე.
მოწინააღმდეგეებს კი ორი მთავარი არგუმენტი აქვთ: კონტრაქტზე დაფუძნებული პროფესიული არმია გაცილებით ბრძოლისუნარიანია; და არ შეიძლება ადამიანის იძულება იმსახუროს ჯარში.
“გაწვევებს და ამ ადამიანების ყარაულად წაყვანას, ან ვიშკაზე [ციხის საგუშაგოზე] დგომას, არანაირი შინაარსი არ აქვს გარდა იმისა, რომ მათ ვექცევით არაადამიანურად და ვაწამებთ”, - ამბობს “ბიბლიური თავისუფლების” მთავარი მღვდელთმსახური და პარტია “გირჩის” წევრი ლევან ჯგერენაია, რომელიც წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.
რა შემთხვევაში არ მიდის წვევამდელი ჯარში
კანონი ადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ათამდე პირობას. მათ შორის, ჯარში არ იწვევენ მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან სულაც განსაკუთრებული ნიჭი გაქვს. ამ შემთხვევაში წვევამდელი ჯარში პრემიერ-მინისტრის თანხმობით აღარ მიდის.
ასევე, არსებობს გაწვევის ლეგალურად გადავადების გზები. მაგალითად, თუ წვევამდელი სტუდენტი ხდება, მისი პირველი შვილის შეძენიდან სამი წელი არაა გასული, ჰყავს ორი ან მეტი შვილი, არის მღვდელთმსახური, დედისერთა, მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად, ან იხდის 2000-ლარიან მოსაკრებელს, რისი უფლებაც აქვს მხოლოდ 2-ჯერ და 25 წლამდე.
როგორ “ჩარჩე” უნივერსიტეტში
“2016 წელს მეორედ ჩავაბარე ბაკალავრიატზე, პლუს, მაგისტრატურაზე, გადავიზღვიე თავი. ორივეგან 100%-იანი დაფინანსება ავიღე. არც ერთგან არ მივლია. 2 ბავშვს წავართვი გრანტი იმის გამო, რომ ყარაულად არ წავეყვანე”, - წერს 26 წლის გიორგი გოგოჭური ფეისბუკზე.
უნივერსიტეტში სწავლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა, რომელსაც ახალგაზრდები ჯარისგან თავის დაღწევისთვის იყენებენ. სხვადასხვა ან იგივე საფეხურებზე რამდენჯერმე ჩაბარება, საგნების განზრახ “ჩატოვება” ნაცადი პრაქტიკებია. მთავარია, სტუდენტის სტატუსი 27 წლამდე შეინარჩუნო.
წვევამდელები როგორც წესი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ირჩევენ, რადგან იქ სწავლა, კერძო სასწავლებლებთან შედარებით გაცილებით იაფია - წელიწადში 2 250 ლარი. თუ სტუდენტი ყველა საფეხურზე იხდის სრულ გადასახადს, 18-დან 27 წლამდე სწავლა დაახლოებით 20 000 ლარი უჯდება. არსებობს უფასო ფაკულტეტებიც, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ახალგაზრდების ნაწილი ამ ფაკულტეტებზე ისე აბარებს, რომ პროფესია არ აინტერესებს.
“ხელზე სიგარეტი ჩავიწვი და ‘დამბრაკეს’”
გიორგი ახლა 28 წლისაა და ჯარში წასვლა აღარ “ემუქრება”. რადიო თავისუფლებას ის უყვება, როგორ იპოვა გამოსავალი უიმედო სიტუაციიდან - ამბობს, რომ 3 წლის წინ, სამედიცინო შემოწმებამდე ერთ დღეში 8 კილოგრამი დაიკლო.
კომისარიატში გამოცხადების შემდეგ, წვევამდელები სამედიცინო დათვარიელებას გადიან, სადაც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობას ამოწმებენ. ჯარისთვის თავის არიდების მიზნით, წვევამდელები მზად არიან მკვეთრად მოიმატონ ან დაიკლონ წონაში, სხეული სხვა გზებით დაიზიანონ.
“ინტერნეტში ვნახე ეგეთი ვარიანტი, რომ, რადგან სხეულის მასა შედგება ძირითადად სითხისგან, ერთმა ადამიანმა ერთ დღეში 11 კილოგრამი დაიკლო... და მე თვითონაც ვცადე. ამას ახლა დეტალებში არ მოვყვები, უბრალოდ სითხე გამოვდევნე ორგანიზმიდან. ერთი სრული დღე მქონდა მაგისთვის. მოკლედ, მეორე დღეს წავედი, წავიყოლე მამაჩემი იმიტომ, რომ ძლივს დავდიოდი”, - ამბობს გიორგი.
სამედიცინო კომისიამ ზედმეტად მცირე წონის გამო გიორგი ნახევარი წლით უვარგისად მიიჩნია. მეორე გაწვევაზე, იმავე გზას მიმართა - წონაში დასაკლებად უკვე რამდენიმე თვე ჰქონდა. მიზანს ისევ მიაღწია და მალევე 27 წლის გახდა.
ზოგიერთი წვევამდელი ამბობს, რომ “მცირე” ფიზიკური დაზიანებაც საკმარისია, რომ ჯარში არ წაიყვანონ.
28 წლის დიმიტრი ჯარში 2014 წელს გაიწვიეს, უნივერსიტეტში სწავლის ფულის გადაუხდელობის შემდეგ. ჯარში წასვლა არ უნდოდა: “ეს ერთწლიანი დაკანონებული მონობაა, მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფომ დაზოგოს თანხა თავის მოქალაქეებზე და ამუშაოს ხელფასის გარეშე”.
დიმიტრიმ სხეული დაიზიანა, მარცხენა ხელზე სიგარეტი 7-ჯერ ჩაიწვა და მიზანს მიაღწია - ფსიქიატრის დასკვნით, დიმიტრი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ცნეს... სამი წლით.
სამი წლის შემდეგ დიმიტრი ისევ გაიწვიეს ჯაში. ამჯერად მან რელიგიურ გაერთიანება “ბიბლიურ თავისუფლებას” მიმართა, 50 ლარად მღვდელთმსახურის მოწმობა აიღო და ჯარს მეორედ დაუსხლტა.
მღვდელთმსახურის მოწმობა 50 ლარად
2017 წელს პარტია “გირჩმა” - რომელიც დაარსებიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებისთვის იბრძვის - დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება”. კანონი ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. ამ საკანონდებლო “ხვრელის” წყალობით პარტია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის მოწმობებს გასცემს.
ბიბლიურ თავისუფლებაში ამბობენ, რომ, სამ წელიწადში საერთო ჯამში, 30 000-მდე მღვდელთმსახურის მოწმობა გასცეს. ეს საბუთი მხოლოდ ერთ გაწვევას ჰყოფნის. ყოველ გაწვევაზე წვევამდელმა ახალი მოწმობა უნდა წარადგინოს. ორგანიზაციის დაფუძნების დროს, საბუთი უფასოდ გაიცემოდა. შემდეგ 20 ლარი გახდა, ახლა კი 50 ლარი ღირს. ამ გზით ჯარისთვის თავის არიდება წელიწადში, ორ გაწვევაზე, 100 ლარი ჯდება.
2019 წელს, 24 წლის ახალგაზრდა ავტოავარიაში დაიღუპა. ბიჭი ისე დაკრძალეს, რომ არ მოიძებნა მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომელიც მშობლების თხოვნით, გარდაცვლილს წესს აუგებდა. გარდაცვლილი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” წევრი იყო. მას ერთადერთი ფორმალური მიზეზი ჰქონდა - სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დახსნა.