30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებშიც წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. პანდემიამ, ვკითხულობთ ანგარიშში, გავლენა იქონია არა მხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელობაზე, არამედ მათ შესაძლებლობაზე უსაფრთხოდ ესარგებლათ ადამიანის უფლებებით და ფუნდამენტური თავისუფლებებით. ანგარიშის თანახმად, „ზოგიერთმა მთავრობამ კრიზისი გამოიყენა უფლებების შეზღუდვის და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცების საბაბად. სხვა ხელისუფლებები კი დაეყრდნენ დემოკრატიულ ღირებულებებს და პროცესებს, მათ შორის, თავისუფალ პრესას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, თავიანთი მოქალაქეების ინფორმირებისა და დაცვისთვის“.
საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
საქართველოს შესახებ ანგარიშის თავში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები 2020 წელს მოიცავდა: „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სერიოზულ პრობლემებს, პოლიტიკურად მოტივირებულად ფართოდ მიჩნეული დაკავებების, გამოძიებების და სამართლებრივი დევნის ჩათვლით; უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში, მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციების მიმართ შეზღუდულ პატივისცემას და დანაშაულებს, რომლებიც მოიცავდა ძალადობას ან მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ ქვეთავში წერს, რომ აქტუალური დარჩა შეშფოთება სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო თანამეგობრობა წლის განმავლობაში რამდენიმე პრობლემას გამოყოფდნენ, მათ შორის ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოთა ხელმძღვანელებისგან შემდგარი ჯგუფის გავლენას, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ახშობდა კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ბლოკავდა სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ მიმართულ წინადადებებს. „არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გავლენიანი და არარეფორმატორი მოსამართლეების ჯგუფს "კლანად" მოიხსენიებდნენ. ისინი სხვა პრობლემებზეც საუბრობდნენ, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენაზე ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმეების განაწილების სისტემის მანიპულაციაზე, უმაღლესი საბჭოს მოქმედებაში გამჭვირვალობის ნაკლებობაზე და ნაკლოვანებებზე უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეებისა და სასამართლოთა ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესში“.
„მთავრობამ გადადგა ნაბიჯები გარკვეული ოფიციალური პირების გარშემო, ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად დარჩა - მათ შორის, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა 2019 წლის ივნისში ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ შეუფერებელი საპოლიციო ძალის გამოყენებასთან და საქართველოდან 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან და მისი ქვეყნიდან საიდუმლო ფორმით გამგზავრებასთან მიმართებით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია თემირლან მაჩალიკაშვილის 2018 წლის სიკვდილის გამოძიების შეწყვეტა, რის მიზეზადაც პროკურატურამ „დანაშაულის არარსებობა“ დაასახელა და აღნიშნულია, რომ თავის ყოველწლიურ ანგარიშში ომბუდსმენმა პროკურატურას საქმის განახლების და გამოძიების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებასა და იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.
ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევებზე სამართალდამცავ სისტემაში, ძალადობის გახშირებაზე პატიმრებს შორის, ე.წ. მაყურებლების ფენომენზე ციხეებში.
პოლიტპატიმრების შესახებ ვკითხულობთ, რომ „2019 წლის სექტემბერში 16-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა, მათი ფორმულირებით, "პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების და დევნის რიცხვის გახშირებაზე". ისინი მიანიშნებდნენ TBC ბანკის ორი დამფუძნებლის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის და ტვ პირველის მფლობელის მამის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე და იმ პირების დაპატიმრების რამდენიმე შემთხვევაზე, რომლებიც 2019 წლის ივნისში აპროტესტებდნენ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების რუსეთის მიერ ოკუპაციას, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ჩათვლით“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაისში შეიწყალა და გაათავისუფლა ოპოზიციონერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. „ოპოზიცია აგრძელებდა მოწოდებას ოპოზიციონერი ფიგურის, გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, და მას ახასიათებდა პოლიტიკურ პატიმრად“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები კვლავ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და ადგილზე დე ფაქტო მთავრობებს რუსეთის ძალები უმაგრებდნენ ზურგს. მნიშვნელოვანი დარღვევები ამ რეგიონებში მოიცავდა მკვლელობებს, დაკავებებს, გადაადგილების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის, არჩევნებში და ზოგადად პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის შეზღუდვას და ეთნიკური ქართველების შეზღუდვას საკუთრების ფლობის ან ბიზნესის რეგისტრირების კუთხით. „გაღრმავდა რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების "ბორდერიზაცია", რამაც კიდევ უფრო მეტად შეზღუდა გადაადგილება და ადამიანები დააშორა თავიანთ თემებს და საცხოვრებელ სივრცეებს. რუსეთის და დე ფაქტო მთავრობები ორივე რეგიონში დაუსჯელად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს“.
ადამიანის უფლებები მსოფლიოში
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ბევრი საფრთხის მიუხედავად, გასული ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ხალხი „მთავრობებისგან მოითხოვდა მათი ადამიანის უფლებების და თანდაყოლილი ღირსების დაცვას. ჰონგ-კონგიდან ბელარუსამდე, ნიგერიიდან ვენესუელამდე ხალხი ქუჩებში გადიოდა“.
ბევრ ქვეყანაში 2020 წელს ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება მძიმე იყო. „ჩინეთში, სამთავრობო უწყებებმა განახორციელეს გენოციდი უიღურთა მიმართ, რომლებიც ძირითადად მუსლიმი ხალხია, და ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მათ შორის, პატიმრობა, წამება, იძულებითი სტერილიზაცია და უიღურთა, ისევე, როგორც სხვა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დევნა. უცვლელად გაგრძელდა ასადის სისასტიკე სირიელი ხალხის წინააღმდეგ, და წელს აღინიშნება მეათე წლისთავი მათი ბრძოლისა ღირსეული და თავისუფალი ცხოვრებისთვის. იემენში ომმა მილიონობით ადამიანს შეუქმნა მწვავე ჰუმანიტარული საჭიროებები და არ მისცა ბევრი საბაზისო უფლებით სარგებლობის საშუალება. რუსეთის მთავრობამ მიზანში ამოიღო პოლიტიკური დისიდენტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები, იმ ფონზე, როცა ოფიციალური კორუფცია კვლავ მასშტაბური დარჩა. ნიკოლას მადუროს კორუფციამ გააღრმავა ვენესუელის ხალხის მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი“.
ანგარიშში ადამიანის უფლებების კუთხით განსაკუთრებულად პრობლემურ ქვეყნებად ასევე დასახელებულია ნიკარაგუა, კუბა, ზიმბაბვე და თურქმენეთი.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების ამგვარი ხელყოფა სცდება რომელიმე ერთი ქვეყნის საზღვრებს, რადგან უფლებების შეუზღუდავად დარღვევას შეუძლია დაუსჯელობის განცდა ყველგან გააძლიეროს. „სწორედ ამიტომ, ამ ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები თავისი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხად აქცია. ვაღიარებთ, რომ სამუშაო შინაც გვაქვს ჩასატარებელი, და ამავე დროს ვესწრაფვით ვუპასუხოთ ჩვენს უმაღლეს იდეალებს და პრინციპებს ... სამუშაო ყველას გვაქვს და ყველა არსებული შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ ხელი შევუწყოთ უფრო მშვიდობიან და სამართლიან მსოფლიოს“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ.