Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ვაშლიჯვარში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 7 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს


25 მარტს თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა გამარტივებულ შესყიდვაზე, რომლის მიზანიც თბილისში, ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაა. 500 000 ლარი კვლევა-პროექტირებაზე დაიხარჯება, 6,5 მილიონი მშენებლობაზე. 

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთულია პრემიერ-მინისტრის და ქალაქის მერის შესაბამისი განკარგულების პროექტი, განმარტებითი ბარათი და ბრძანება. შესყიდვაზე გადაწყვეტილება 30 მარტს მიიღება.

სატენდერო დოკუმენტაციაში დაზუსტებული არ არის, რა ტიპის კვლევა ჩატარდება ან რა სამუშაოებს ჩაატარებს მეწყრული პროცესების საწინააღმდეგოდ ქალაქის მთავრობა, თუმცა ამ ყველაფრისთვის განსაზღვრულია 150 დღე და არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დაზუსტდება დეტალური კვლევა-პროექტირების დასრულების შემდეგ. არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ამ დრომდე ჩატარებული კვლევა ასეთია:

"ფორმირებული მეწყრული სხეულის შემდგომი დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე ინსტრუმენტალური დაკვირვების წარმოების მიზნით, თბილისის მერიის მიერ ოპერატიულად განხორციელდა მეწყრული სხეულის გასწვრივ ზოლში დასმული რეპერების სახით 11 ჯვარედინი კვეთის მოწყობა".

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მოსაზრება და სამხარაულის დასკვნა. ორივე დოკუმენტი მოიცავს როგორც ვითარების შეფასებას, ასევე რეკომენდაციას.

რას ამბობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და გარემოს ეროვნული სააგენტო

“მეწყრული პროცესი აქტიურ დინამიკაშია (დინამიკა შესამჩნევია დროის მოკლე, ორ დიან მონაკვეთშიც კი), რაც მოცემულ ვითარებაში შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის.” - ეს მირზა მესხის დასკვნა, სადაც ის ამბობს, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივად გეოლოგიურად არამყარო გარემო, ასევე ამ ტერიტორიაზე მიმდინარე საინჟინრო საქმიანობა. მირზა მესხი არის სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტი 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.

ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ კლდოვან ქანებში განვითარებულია მძლავრი კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი.

„დიდი ალბათობით, მეწყრული სხეულის შემდგომი გადაადგილება საავტომობილო გზის მიმართულებით, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებს და საფეხურებს“ – ამბობდა სამხარაულის ბიურო 17 მარტს.

მირზა მესხის რეკომენდაციები ასეთია:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.
  • განხორციელდეს მეწყრული პროცესის უწყვეტი მონიტორინგი;
  • დაიგეგმოს და განხორციელდეს მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის დამცავი საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებასა და მოწყობას შესაბამისი კვლევებისა და გაანგარიშების საფუძველზე. მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისაკენ მიმართულ ღონისძიებად შესაძლებელია განხილული იყოს დინამიკაში მყოფი მეწყრული მასის დაშლა და გატანა, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა, გრუნტების მელიორაცია (ცემენტაცია), ხიმინჯების მოწყობა ქანების სუსტად გამოფიტულ ზონაში ჩაანკერებით და სხვა.

“უკიდურესად გართულებული გეოდინამიკური პირობები” - ასე აფასებს გარემოს ეროვნული სააგენტო ლისის ფერდზე მეწყრულ პროცესებს. მათი რეკომენდაციები დიდწილად მსგავსია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტის რეკომენდაციების:

  • მონაკვეთზე დროებით შეიზღუდოს სატრანსპორტო საშუალებების და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება;
  • მეწყრულ სხეულზე კონტრაქტორის მიერ მოწყობილ მონიტორინგულ ქსელზე დაკვირვების გაგრძელება;
  • დამატებითი ინსტრუმენტალური დაკვირვების ქსელის მოწყობა (მათ შორის ადრეული გაფრთხილების სისტემა) საკუთრივ მეწყრული სხეულის არეალში, აგრეთვე საავტომობილო გზის (მ. მაჭავარიანის ქუჩა) და მაგისტრალური მილსადენის განთავსების დერეფანში;
  • სამიზნე არეალის და მიმდებარე ტერიტორიაზე დეტალური კომპლექსური კვლევების ჩატარება და მის საფუძველზე შედგენილი პროექტის მიხედვით მეწყერდამცავი ღონისძიებების განხორციელება.

რა თქვა ქალაქის მერის მოადგილემ ტენდერის გამოცხადების დღეს

ქალაქის მთავრობას ექსპერტიზის და გარემოს ეროვნული ბიუროებიდან დასკვნები და რეკომენდაციები 17 და 18 მარტს აქვს მიღებული. მეწყრული პროცესი ლისის ქედზე დაახლოებით 1 მარტიდან უნდა იყოს გააქტიურებული. მერიისავე შეფასებით, მეწყრული პროცესი ახლა უკვე კრიტიკულ ზღვრამდეა მისული.

იმის მიუხედავად, რომ როცა ლისის ფერდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, თბილისის მერიას უკვე ჰქონდა სამხარაულის ბიუროს დასკვნაც და გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებიც, დეტალური ინფორმაცია ქალაქის მთავრობას ამ ადგილას ჩატარებული ექსპერტიზების შესახებ არ გაუსაჯაროებია.

მხოლოდ 25 მარტს თქვა მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა რა გეგმა ჰქონდა ქალაქს ამ ადგილას პრობლემის მოსაგვარებლად. მან ისაუბრა იმაზე, რომ პირველი ამოცანა მეწყრული ფერდისთვის “ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებაა”.

"ჩვენი პირველი ამოცანაა ამ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეყწყრის გადაადგილება.

წინაღობა გაკეთდება, ეს იქნება დროებითი, ამის შემდეგ მოხდება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა უშუალოდ მეწყერულ ადგილას, შემდეგ მოხდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს გარკვეული სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდეს ე.წ. დაანკერების პრინციპი. რაც იმას ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით. ეს პრინციპი გამოყენებული გვაქვს შეშელიძის მეწყერთან, წყნეთი-ბეთანიის გზაზე" - თქვა ირაკლი ბენდელიანმა. მის მიერ წარმოდგენილი გეგმა გარკვეულწილად ემთხვევა სამხარაულის ბიუროს სპეციალისტების რეკომენდაციებს, თუმცა როგორც სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე ამბობს, ეწინააღმდეგება მერიის მიერ თბილისში მოწვეული გერმანელი ინჟინერ-გეოლოგების ხედვას, რომლებიც მისი თქმით, მეწყრულ სხეულზე დაანკერებას საჭიროდ არ თვლიან და მხოლოდ მონიტორინგის სისტემის გაძლიერებას და მეწყრის სიჩქარის შესამცირებლად ბარიერების მოწყობის რეკომენდაციას იძლევა. მათი შედგენილი რეკომენდაციები ან დასკვნა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, არც თავად სპეციალისტებს გაუკეთებიათ თბილისის დატოვებამდე განცხადება მათ მიერ თბილისისთვის შემოთავაზებული გეგმის შესახებ.

25 მარტსვე, როცა მერია სატენდერო დოკუმენტაციას ამზადებდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ისაუბრეს იმაზე, რომ პირველადი დასკვნით არა მხოლოდ მოწყვეტილი მეწყრული სხეული, გვერდითა ქანებიც მოძრაობენ და გადაადგილდებიან, რაც ადგილზე ვითარებას გართულებას.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

XS
SM
MD
LG