Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი საქართველოში შემოშვებაზე საიდუმლო საფუძვლით


თბილისის აეროპორტში პოლიცია აკვირდება მგზავრების ჩამოსვლას თვითმფრინავიდან.
თბილისის აეროპორტში პოლიცია აკვირდება მგზავრების ჩამოსვლას თვითმფრინავიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ იკვლევს თბილისის აეროპორტში ქართველი მესაზღვრის მიერ თურქმენი ქალის დამცირებისა და ქვეყანაში მისი არშემოშვების ფაქტს. ეს არაა საქართველოს საზღვარზე მომდგარი უცხოელის - დიდწილად, აზია-აფრიკის რეგიონებიდან ჩამოსულთა - უკან გაბრუნების უნიკალური შემთხვევა. 

„კანონის გამოყენება დაიწყეს აბსოლუტურად დაუსაბუთებლად - მესაზღვრეს არ მოეწონა, იმიტომ, რომ ვიღაცა მოდიოდა აზიური ან აფრიკული ქვეყნიდან და ჩათვალა, რომ ეს რომ არ შემოვუშვათ, არაფერი დაშავდება“, - ამბობს იურისტი შოთა თუთბერიძე.

უარი განმარტების გარეშე

ბოლო წლებში მედიაში გავრცელდა არაერთი ამბავი, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. მაგალითად:

იურისტი შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას უყვება შემთხვევის შესახებ, როცა საქართველოში აკრედიტებულ სასწავლებლებში რეგისტრირებული ინდოელი სტუდენტები გაიჭედნენ საქართველო-აზერბაიჯანს შორის, ნეიტრალურ ზონაში.

„საქართველოში მათ უბრალოდ არ უშვებდნენ, ხოლო აზერბაიჯანში ვერ ბრუნდებოდნენ, რადგან ერთჯერადი, ტრანზიტული ვიზა ჰქონდათ, რომელიც უბრალოდ გავლის საშუალებას აძლევს ერთჯერადად და შემდეგ უქმდება. დღეების განმავლობაში იყვნენ იქ“, - ამბობს ის.

იურისტის თქმით, ნეიტრალურ ზონაში სატელეფონო კომუნიკაციის პრობლემის მიუხედავად, სტუდენტებმა მოახერხეს მასთან დაკავშირება და ადვოკატის დახმარებით საქართველოში შემოსვლა.

ასეთი შემთხვევების უმრავლესობაში სახელმწიფო განმარტავს, რომ მიზეზი არის „კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა“, რაც, როგორც წესი, საიდუმლო ინფორმაციაა ხოლმე. იურისტების განმარტებით, ეს არის უარის თქმის ძალიან ბუნდოვანი საფუძველი და ხშირად ადამიანი სასამართლოშიც ვერ იგებს, რა საფუძვლით ეთქვა უარი საზღვრის გადმოკვეთაზე.

ქსენოფობიის ტენდენცია?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად, 2014-2017 წლებში, საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე ხშირად უარს ეუბნებოდნენ აზიური სახელმწიფოების მოქალაქეებს. უფრო ახალი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

წყარო: IDFI
წყარო: IDFI

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მას არ ჰქონია შეხება შემთხვევასთან, როცა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ევროპის რომელიმე სახელმწიფოს ან აშშ-ის მოქალაქეებს. მისივე პრაქტიკიდან გამომდინარე, თუთბერიძე ამბობს, რომ რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური დისკრიმინაცია დიდი კომპონენტია, თუმცა ერთიანი მიდგომა მაინც არ იკვეთება.

„დისკრიმინაცია იქნებოდა გამოკვეთილი იმ შემთხვევაში, თუ უარს ეტყოდნენ, მაგალითად, ყველა ირანელს ან ინდოელს და არა უბრალოდ დიდ ნაწილს. ეს არის უბრალოდ არაორგანიზებული, არაკვალიფიციური მითითება ზემოდან“, - ამბობს თუთბერიძე და ამატებს: „ქართველი მესაზღვრე გერმანელ ტურისტს ვერ გაუბედავს მაგ ტონით საუბარს, იმიტომ, რომ იცის, რომ მაგის გამო შეიძლება სამსახურიდან გააგდონ“.

გასაჩივრების სირთულე

წითელი ხიდი აზერბაიჯანთან საზღვარზე ერთადერთი ადგილია, სადაც ადვოკატი შეიძლება დაეხმაროს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ისე, რომ მას არ მოუწიოს სამშობლოში დაბრუნება. თურქეთთან, სარფის საზღვარზე უცხოელები ცალკე ოთახში შეჰყავთ და მათთან ადვოკატებს არ უშვებენ. ასე ხდება აეროპორტებშიც.

ერთადერთი მაკონტროლებელი აეროპორტში არის თავად ის მესაზღვრე, რომელმაც უარი უთხრა შესვლაზე და სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც, დიდი ალბათობით, მთელი ამ კონტროლის მექანიზმის უკან დგას“, - ამბობს თუთბერიძე.

იურისტი განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადვოკატმა მოითხოვოს არგუმენტაცია სასამართლოში ან შსს-ში, თუ რატომ არ შემოუშვეს უცხოელი, საჭიროა მინდობილობა. ამისთვის ის უნდა წავიდეს წარმოშობის ქვეყანაში, გააკეთოს დოკუმენტები და ფოსტით გამოგზავნოს საქართველოში. ეს პროცესი ხშირად ძალიან იწელება, წერილობით პასუხის გამოთხოვის ვადა კი რამდენიმე დღეა.

შოთა თუთბერიძის თქმით, უცხოელებმა უკვე იციან, რომ კონკრეტულ გამშვებ პუნქტზე პრობლემები ექმნებათ. მაგალითად, ზოგი ჯერ მიდის რუსეთში და შემოდის ლარსიდან, იმიტომ, რომ იციან, რომ სხვაგვარად შეიძლება უკან გააბრუნონ.

„თუ ადრე უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა, მარტივია ბიზნესის კეთება და ა.შ., ახლა, როცა უცხოელები „გუგლავენ“ საქართველოს, პირველი, რასაც ნახულობენ, არის მიმოხილვები ადამიანების, რომლებიც ჩამოვიდნენ და მიიღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი - გააგდეს, არ შემოუშვეს“, - ამბობს თუთბერიძე.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG