Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოკში ვიყავი - თურქმენეთის მოქალაქე ჰყვება, როგორ გააბრუნეს იგი საქართველოს საზღვრიდან


თურქმენეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქართველი მესაზღვრეები მას შეურაცხყოფას აყენებენ. ეს ინციდენტი იმიჯს ულახავს ქვეყანას.

თურქმენეთის მოქალაქე აიშა რაიმოვა საქართველოში პირველად ნოემბერში ჩამოვიდა. აპლიკაციის ფორმის შევსებაში მეგობარი დაეხმარა და იგი ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში “იმუშავე საქართველოდან”. ხელისუფლებამ ეს პროგრამა საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად შარშან ზაფხულში აამუშავა.

საქართველოს მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ ეპატიჟებოდა 95 უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლით “ციფრულ მომთაბარეებს” პოტენციურად, საქართველოში 24 მილიონამდე აშშ დოლარი უნდა დაეხარჯათ.

სამთვიანი მუშაობის შემდეგ აიშა რაიმოვა სამკურნალოდ თურქეთში წავიდა, იქიდან კი საქართველოში ტურისტული ვიზით დაბრუნებას 23 მარტს აპირებდა, თუმცა აეროპორტში მესაზღვრეებმა ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. აიშა რაიმოვა ჰყვება, რომ უართან ერთად მას მესაზღვრემ შეურაცხყოფაც მიაყენა.

რადიო თავისუფლებას რაიმოვა უყვება, რომ იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც თურქმენეთის მოქალაქეს, საქართველოში შემოსვლა უვიზოდაც შეეძლო, მესაზღვრეებმა, თურქეთში გაცემული პირადობის დამდასტურებელი მოწმობა და საქართველოში სასტუმროს ჯავშანი მოსთხოვეს. მეზობელ ქვეყანაში გაცემული მოწმობა არ ჰქონდა, საქართველოში დარჩენას კი მეგობართან გეგმავდა.

„თავიდანვე არანორმალური დამოკიდებულება ჰქონდა. ისე მესაუბრებოდა, თითქოს მის სახლში დამლაგებელი (მოსამსახურე) ვარ, ან მართლაც, თითქოს მეძავი ვარ. ეს ეტყობოდა მის საუბარს, გამოხედვას“, - ამბობს რაიმოვა და ჰყვება, რომ ის არ ყოფილა ერთადერთი, ვისაც ქართველი მესაზღვრეები ასე მოექცნენ. იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ირანელ მგზავრთანაც.

“შოკში ვიყავი, არ მეგონა, რომ მესაზღვრე, არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, სახელმწიფო მოხელე მოქალაქეებს ასე მიმართავს. ავიღე ტელეფონი, რომ ეს ყველაფერი ჩამეწერა, მან კი უხეშად, გაფრთხილების გარეშე გამომგლიჯა ტელეფონი, გამაგდო ოთახიდან და კარი მოხურა“, - იხსენებს ის.

აიშა რაიმოვამ საუბრის ფრაგმენტის ჩაწერა მაინც მოახერხა და ტელეფონით გადაღებული ვიდეო ფეისბუქზე გააზიარა.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის ქართველი მესაზღვრის აგრესიული ტონი და თურქმენეთის მოქალაქის უპასუხოდ დატოვებული კითხვები.

მესაზღვრე: ახლა ისევ გაფრინდები თურქეთში. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა. უარს გეუბნებით. გესმის? ან ირანში წადი ან სტამბოლში, სულ ესაა. ახლა იქ დაჯექი. შენთან ლაპარაკი არ მინდა. იქ დაჯექი.

თურქმენეთის მოქალაქე: შეკითხვა მაქვს.

მესაზღვრე: ეს დაკითხვა არაა, ეს საზღვარია. დაჯექი იქ. ავიაკომპანია მოვა და მიგიყვანთ თვითმფრინავთან. გაიგეთ ახლა?..

თურქმენეთის მოქალაქე: თქვენი გვარი მითხარით.

მესაზღვრე: არ გეტყვი იმიტომ, რომ არავინ ხარ.

თურქმენეთის მოქალაქე: ვინ ხართ თქვენ?

მესაზღვრე: საქართველოს მესაზღვრე ვარ.

თურქმენეთის მოქალაქე: მერე რა? ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვთ.

მესაზღვრე: ისე ვილაპარაკებ, როგორც მინდა.

თურქმენეთის მოქალაქე: სამ ასოზე გამიშვით. ასე შეიძლება?

მესაზღვრე: არ მომწონს, როცა ვინმე რუსულად მელაპარაკება.

თურქმენეთის მოქალაქე: არ მაინტერესებს, რა გინდათ და რა - არა.

მესაზღვრე: ამიტომ გაგაბრუნეთ.

თურქმენეთის მოქალაქე: იმიტომ გამაბრუნეთ, რომ რუსულად ვსაუბრობ. რატომ არ მიღებთ?

მესაზღვრე: იმიტომ, რომ ბო..ბს არ ვიღებთ.

თურქმენეთის მოქალაქე: ეს ლამაზი გგონიათ?

მესაზღვრე: არა, ეს სიმართლეა!..

„კარგი, რომც ვიყო მეძავი, ეს არ გაძლევს უფლებას ასე მესაუბრო, რომც არ მქონდეს საბუთების ნაწილი წესრიგში, რომც მიიღო გადაწყვეტილება გამაძევო ქვეყნიდან, ასეთი ტონით არ შეგიძლია მესაუბრო – მხოლოდ იმიტომ, [აძლევ თავს ამის უფლებას] რომ მესაზღვრე ხარ?!. საქართველოში აღარ მინდა დაბრუნება. თუ სასამართლოსთვის ჩამოსვლა იქნება საჭირო, ამასაც გამოვრიცხავ“, - ამბობს რაიმოვა და რადიო თავისუფლების კითხვის საპასუხოდ აზუსტებს, რომ აქ არც სამუშაოდ დაბრუნებას აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გენერალური ინსპექცია იძიებს. კითხვებზე, არის თუ არა მესაზღვრე დადგენილი ან მუშაობს თუ არა ისევ საზღვარზე, ყოფილა თუ არა მსგავსი ინციდენტები, შინაგან საქმეთა სამინისტროში გვპასუხობენ - „მიმდინარეობს შესწავლა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აიშა რაიმოვა ქვეყნიდან ზოგადი მუხლით გააბრუნეს. მესაზღვრემ უარის სათქმელად გამოიყენა კანონის ის ნორმა, სადაც ასეთი ჩანაწერია: „უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.

XS
SM
MD
LG