Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთვარის მანკიერება


"მთვარე" ("La luna", 1979, იტალია, რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი)

16 მარტს ბერნარდო ბერტოლუჩი 80 წლის გახდებოდა. დაკვირვებული ვარ, არ არსებობს კინოს მოყვარული, ბერტოლუჩის რომელიმე ერთი ფილმი მაინც რომ არ უყვარდეს მაშინაც კი, როცა გადაჭარბებულად მიიჩნევს ამ რეჟისორის აღიარებას კინოს ისტორიაში. ყველას თავისი ფილმი აქვს - ზოგს "კონფორმისტი" მოსწონს, ზოგს "უკანასკნელი ტანგო პარიზში", ახალგაზრდებს, თუ არ ვცდები, განსაკუთრებით "მეოცნებეები" უყვართ. "ჩემი ბერტოლუჩი" ეს ნაკლებად პოპულარული სურათია. 1983 წელს, როცა მოსკოვის კინოსაცავში უნივერსიტეტის სტუდენტებს “მთვარე” არალეგალურად ვუჩვენეთ, რამდენიმე ახალგაზრდამ ვერ გაუძლო სეანსს და კატეგორიულად მოგვთხოვა ფილმის გაჩერება. გასაგებიცაა, რატომ. სკანდალურია არა იმდენად ფილმი, რამდენადაც ფილმის თემა - სისხლის აღრევა, იგივე ინცესტი.

“მთვარის” გმირი, ჯულია, ოპერის სახელგანთქმული მომღერალია. მართალია, ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ სამშობლოდ იტალიას მიიჩნევს, ჯუზეპე ვერდის კი - მამად, ნათლიად, რადგან სწორედ იტალიამ და იტალიურმა ოპერამ განსაზღვრა მისი ცხოვრება. პროფესია ოჯახზე მეტად უყვარს - უფრო მეტად, ვიდრე ამერიკელი ქმარი და თავისი 15 წლის ვაჟი, ჯო, რომელიც, თავის მხრივ, სრულიად გულგრილია ოპერის მიმართ, მას უფრო ბეისბოლი და დისკო აინტერესებს (70-იანი წლების მეორე ნახევარია - მსოფლიო ცეკვავს "შაბათის ციებ-ცხელების" მუსიკის რიტმზე). ჰო, კიდევ ერთი ვნება აქვს - ნარკოტიკები. ჯულია და მაყურებელი ჯოს დაბადების დღეზე შეიტყობენ, რომ ბავშვი პროფესიონალი ნარკომანია. ამის მერე ჯულია იტყვის, რომ მას აღარ უნდა სიმღერა.

დეტალებს არ გიამბობთ. ვიცი, რომ, მიუხედავად ბერნარდო ბერტოლუჩის პოპულარობისა, "მთვარე" ბევრს არ უნახავს. აქ კი სიუჟეტი, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია - ბერტოლუჩი შესანიშნავი მთხრობელია. თუმცა ერთ ეპიზოდზე მაინც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო - იმ სცენაზე, რომლის დაწყებისთანავე მოგვთხოვეს სტუდენტებმა სეანსის შეწყვეტა. არადა, სწორედ ამ ეპიზოდში ჩანს, რომ ბერნარდო ბერტოლუჩი არა მარტო შესანიშნავი მთხრობელია, არამედ შესანიშნავი პოეტიც.

მას მერე, რაც ჯულია, ახლა უკვე იტალიაში, ყველაფერს გააკეთებს შვილის გადასარჩენად, მაგრამ ჯოს ნარკოტიკებს ვერ გადააჩვევს, ყმაწვილის ერთ-ერთი მორიგი "ლომკის" დროს დედა მზად ხდება მისცეს მას საკუთარი თავი - ფაქტობრივად, საკუთარი სხეული.

პარიზში ბერტოლუჩის ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე გამოფინეს “მთვარის” სარეკლამო პოსტერები, რომლებზეც ფრანგი მხატვრის, ედგარ დეგას, "მობანავე ქალების" ერთ-ერთი კომპოზიცია იყო გამოხატული.

თავის დროზე საბჭოთა რეჟისორმა სერგეი ეიზენშტეინმა დეტალურად გამოიკვლია დეგას "მობანავე ქალების" სერია. "ეს არის არა მარტო წიაღში ჩაფლობა, - წერდა ეიზენშტეინი, - არამედ შეერთება მის მატარებელთან, დედასთან... ეს ქალები შედიან საკუთარ წიაღში. მათ ენატრებათ სივრცე, სადაც დაცულები იყვნენ დედის სიყვარულით. ეს იყო სამოთხის ბაღი, რომელზეც ოცნებობენ დეგას ქალები" და რაც ასე აკლია ჯოს.

ჯულიას სწორედ "წიაღში" შეჰყავს შვილი, თითქოს სურს ხელახლა შობოს ბავშვი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - როგორც კი დედა ამას ახერხებს, ჯოს "ლომკები" ეხსნება, იგი განიცდის სიამოვნებას, რომელიც აკლდა ცხოვრებაში (და ნარკოტიკებისგან იღებდა) - სიყვარულის სიამოვნებას. ჯო უბრუნდება დედას, თუმცა ეს არ აღმოჩნდება საკმარისი. მას მამაც სჭირდება.

ფილმის ფინალური ეპიზოდი მთლიანად თამაშდება ოპერის ღია სცენაზე, სადაც ჯუზეპე ვერდის "ბალ-მასკარადის" რეპეტიციები მიმდინარეობს. ჯულიასთვის ეს ბოლო სპექტაკლი უნდა იყოს - პირობა პირობაა, მან თავი უნდა დაანებოს საყვარელ საქმეს. უცნაური რამ ხდება. ველოდებით ჰეპი-ენდს "ბალ-მასკარადის" ტრაგიკული სცენის ფონზე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულისა ოპერის ისტორიაში. ირონია და ორაზროვნება, რომელიც დამახასიათებელია ბერნარდო ბერტოლუჩისთვის, აქ განსაკუთრებით ძლიერ გამოჩნდება - რეჟისორმა არ დაინდო თავისი თაობა და, რაც მთავარია, ის სოციალური ფენა, რომელსაც თავად მიეკუთვნებოდა - გასული საუკუნის 70-იანი წლების დასავლელი ლიბერალები. აღმოჩნდა, რომ მათი გონიერება, მათი ნიჭი, ცხოვრებისეული გამოცდილება სრულიად უსუსურია, როცა საქმე ეხება არა კულტურას, არა მუსიკას, არა ვერდის, არამედ ულმობელ ცხოვრებას, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.

ბერტოლუჩიმ "მთვარის" სცენარზე მუშაობა ჯერ კიდევ 1976 წელს დაიწყო, თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმის, დიდი კინოეპოსის, "მეოცე საუკუნის", გადაღების დროს. ეს ორი სურათი აუცილებლად ერთად უნდა გავიხსენოთ. "მეოცე საუკუნე" ერთგვარი კომენტარია ფილმისთვის "მთვარე". "მეოცე საუკუნე", თავისებური ეკრანიზაცია მარქსის "კაპიტალისა", გამოხატავს რა კლასთა ბრძოლას, როგორც ისტორიის "მთავარ კონფლიქტს", ამავე დროს ასახავს 68 წლის თაობის უტოპიურ იდეათა მსხვრევის პროცესსაც.

1968 წელს ბერტოლუჩი თავის მეგობრებთან ერთად ქუჩაში გამოვიდა "დამპალი ბურჟუაზიისა" და მომხმარებლური საზოგადოების წინააღმდეგ. მას სჯეროდა, რომ "რბილი რევოლუცია" ამბოხებული ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდებოდა. მაგრამ ასე იყო "რევოლუციის წინ" (ბერტოლუჩის ადრეული ფილმის სათაურს თუ გავიხსენებთ). 70-იანი წლების დასაწყისში კი ამ ახალგაზრდებმა პოსტები მიიღეს იტალიის მთავრობაში, დაწინაურდნენ, გამდიდრდნენ, “ღიპი დაედოთ”... ბერტოლუჩისთვის ეს მარცხი კატასტროფა იყო. თითქმის ნათელი გახდა, რომ ამქვეყნიური "სამოთხე" მიუღწეველია, რადგან ძალაუფლებას, რომელსაც ამბოხებული ადამიანი უპირისპირდება, სახის შეცვლა, ნიღბის შეცვლა ( "ბალ-მასკარადი" შემთხვევით არ არის არჩეული) ახასიათებს. ადამიანი კი ერთი პატარა ხრახნია ისტორიის ამ ბალ-მასკარადში.

მთვარე, რომელიც ასე ძლიერ აჯადოებს ჯოს, ფილმის ერთ ეპიზოდში გადაიქცევა სიმბოლოდ არაცნობიერისა, რომლის ამოცნობა ოპერის სახელგანთქმულ "დივებსაც" კი უჭირთ. ინტელიგენტურობა, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანმა სწორად იცხოვროს. მან შეიძლება სწორად იმღეროს, ბრწყინვალედაც იმღეროს, მაგრამ მთვარის მანკიერების საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩასწვდეს. ამიტომაც, დეგას მობანავე ქალებივით, შეიძლება ყელში ამოუვიდეს ეს წინააღმდეგობრივი, გაურკვეველი, აუხსნელი, ტკივილით აღსავსე რეალობა და საკუთარ "წიაღში" ჩაეფლოს - სამოთხის ბაღში, რომელშიც იგი დაბადებამდე ნეტარებდა - სითბოსა და სიყვარულში ნეტარებდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG