უფლებადამცველები აღშფოთებულები არიან იმით, რომ მდიდარმა ქვეყნებმა მსოფლიოში წარმოებული ვაქცინების ნახევარზე მეტი შეიძინეს, არადა, იქ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 16% ცხოვრობს. ამ დროისთვის მდიდარ ქვეყნებზე მსოფლიოში გაკეთებული აცრების 60% მოდის, მაშინ, როდესაც ასზე მეტ ქვეყანას ვაქცინაცია ჯერ არ დაუწყია.
ხელისუფლებების კრიტიკასთან ერთად, ორგანიზაცია მოუწოდებს ფარმაგიგანტებს Pfizer-ს, AstraZeneca-ს, Johnson&Johnson-ს და სხვებს, გააზიარონ თავიანთი ტექნოლოგიები და ცოდნა, რათა COVID-19-ის ვაქცინა სხვა კომპანიებმაც აწარმოონ და მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინონ.
როგორ ნაწილდება ვაქცინები?
2020 წლის მიწურულს ევროკავშირმა სხვადასხვა მიმწოდებელთან რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა და ახლა 600 მილიონ დოზას ელოდება ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ისგან, ამერიკული Moderna-სა და ბრიტანული AstraZeneca-სგან.
მაგრამ შეკვეთები იგვიანებს. მწარმოებლები ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებას ვერ ასწრებენ. მაგალითად, AstraZeneca-მ (რომელმაც წარმოებული ვაქცინის უდიდესი ნაწილი დიდ ბრიტანეთს მიაწოდა) განაცხადა, რომ იძულებულია, ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდება 60%-ით შეამციროს.
ამ სირთულეების ფონზე, აცრები იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ვაქცინაციის ტემპით ევროკავშირი ჩამორჩება აშშ-ს, ისრაელსა და სხვა ქვეყნებს.
ამ დროისთვის, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ას მოსახლეზე გაკეთებული აცრებით, მსოფლიოს პირველ ათეულში შედის, გერმანიაა. მას ცალკე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული Pfizer-თან 30 მილიონი დოზის შემოტანაზე. არადა, ევროკავშირის წევრებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ყველა ქვეყანა მზად იყო, „ცალკე არ შეეძინა ვაქცინა იმ მწარმოებლისგან, რომელთანაც ევროკავშირი ითანამშრომლებდა”.
12 მარტის მონაცემებით, აშშ-ში უკვე გაკეთებულია თითქმის 96 მილიონი აცრა.
Pfizer/BioNtech-ის 100 მილიონი დოზა (1 ადამიანს 2 დოზა სჭირდება) აშშ-მ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში შეუკვეთა, მაშინ, როდესაც ვაქცინა კლინიკური ცდების მესამე ეტაპს გადიოდა.
ამ დროისთვის ამერიკას შეკვეთილი აქვს 600 მილიონი დოზა Pfizer-ისა და Moderna-სგან (აშშ). პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ივლისის ბოლოსთვის ქვეყანას 300 მილიონი ამერიკელის სამყოფი ვაქცინა ექნება. არადა, Washington Post-ის ინფორმაციით, აცრას მხოლოდ 260 მილიონი ამერიკელი ექვემდებარება.
ამასთანავე, 10 მარტს ჯო ბაიდენმა დააანონსა, რომ ქვეყანა დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს. ამჯერად კომპანია Johnson&Johnson-ისგან (ეს ვაქცინა 1 ნემსად კეთდება).
„ჯერ ამერიკელებზე ვიზრუნებთ. შემდეგ კი ვეცდებით, დანარჩენ მსოფლიოს მივხედოთ”, - ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კრიტიკულ კითხვას. მისივე თქმით, აშშ ზედმეტ ვაქცინას აუცილებლად გაუზიარებს დანარჩენ მსოფლიოს.
თუმცა, ბაიდენის აზრით, Johnson&Johnson-ის ვაქცინაზე განაცხადს „ზედმეტი” არ ეთქმის.
„ჩვენ მაქსიმალური მოქნილობა გვჭირდება. ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ მოულოდნელ სირთულეებს გადავაწყდებით, ანდაც დამატებითი ვაქცინაცია იქნება საჭირო”, - თქვა მან.
COVAX-ი და გლობალური უთანასწორობა
ამასთან, გაპრეზიდენტების შემდეგ ბაიდენის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებით საერთაშორისო პლატფორმა COVAX-ს 4 მილიარდი დოლარი გამოეყო.
COVAX-ის მისიაა, ვაქცინაზე წვდომა მსოფლიოში მცხოვრებ ნებისმერ ადამიანს ჰქონდეს, განურჩევლად მისი ფინანსური შესაძლებლობებისა. ინიციატივის ფარგლებში, ვაქცინას პირველ რიგში დაბალი შემოსავლის მქონე 92 ქვეყანა მიიღებს.
სულ 2021 წლის ბოლოსთვის პლატფორმაზე 2 მილიარდი დოზა უნდა განთავსდეს, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაზე გადანაწილდება, მათ შორის - საქართველოზე. COVAX-ის გათვლებით, ეს საკმარისი იქნება სამედიცინო პერსონალისა და რისკჯგუფში მყოფი ადამიანების ასაცრელად. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად COVAX-ს დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი სჭირდება. ამ ეტაპზე კი მათ მხოლოდ 6 მილიარდს მოუყარეს თავი.
ამასთან, ვაქცინების ნაწილი COVAX-ს მდიდარმა ქვეყნებმა უნდა გადასცენ. თუკი ისინი დოზებს დროულად ვერ მიიღებენ, შესაბამისად, დაგვიანდება COVAX-ისთვის მათი გადაცემაც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ COVID-19-ის შესაჩერებლად, იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ს მაინც. ნავარაუდებია, რომ 2021 წელს ჯამში 2 მილიარდი აცრა გაკეთდება. ამ ტემპით, 7.8 მილიარდი ადამიანის აცრას და პანდემიის დასრულებას წლები დასჭირდება. შესაძლოა, 85-მა ღარიბმა ქვეყანამ ეს მხოლოდ 2023 წელს მოახერხოს.
ამ უთანასწორობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იანვარში „კატასტროფული მორალური მარცხი” უწოდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კი დიდი ოცეულის ქვეყნებს მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „ამ კრიტიკულ მომენტში თანასწორობა ვაქცინის მიღებაში უდიდესი მორალური ტესტია მსოფლიო თანამეგობრობისთვის”, - განაცხადა მან 18 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
უარი ცოდნის გაზიარებაზე
ვაქცინების საკმარისი რაოდენობით დროულად დამზადება რომ გაჭირდებოდა, ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის დაწყებისთანავე ივარაუდა. ამიტომაც, 2020 წლის მაისში მან შექმნა პლატფორმა C-TAP, რათა ვაქცინებზე მომუშავე კომპანიებს გაეზიარებინათ სხვებისთვის საკუთარი მონაცემები, ცოდნა და ტექნოლოგია. შედეგად, ვაქცინის წარმოებას უფრო მეტი კომპანია შეძლებდა და უფრო მეტი ადამიანი აიცრებოდა.
თუმცა, როგორც Amnesty International-ი აღნიშნავს, ამ დროისთვის ინიციატივას არცერთი ფარმაცევტული კომპანია არ შეერთებია.
კომპანიები მილიონობით დოლარს იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან. ამასთან, ცნობილია, რომ Pfizer/BioNTech-ი და Moderna ვაქცინის გაყიდვით მოგების მიღებას აპირებენ, მაშინ როდესაც AstraZeneca და Johnson&Johsnson-ი მილიონობით დოზას არაკომერციულ ფასად გაყიდიან.
Amnesty International-ში ფიქრობენ, რომ კორპორაციების უარი, გააზიარონ საკუთარი ცოდნა და ტექნოლოგია, საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებებს, აამოქმედონ სხვადასხვა ბერკეტი ფარმაგიგანტებზე ზეგავლენისთვის და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, დაიცვან ადამიანის უფლებები.
იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის გაცილებით უფრო გადამდები ახალი შტამები სულ უფრო სწრაფად ვრცელდება, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია მილიონობით ადამიანისთვის.
პანდემიის დაწყებიდან, მსოფლიოში დაფიქსირდა კორონავირუსის 120 მილიონი შემთხვევა. გარდაიცვალა 2.65 მილიონი ადამიანი.