დე ფაქტო ძალოვანების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრებმა ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტთან გამართულ მიტინგზე ინალ ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, განაცხადა. გასული წლის დეკემბერში ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ინალ ჯაბიევის ოჯახმა უწყვეტი საპროტესტო აქცია წამოიწყო. მათი მოთხოვნა დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენება და მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიებაა.
„ის, რომ მოედანს ვტოვებთ, არ ნიშნავს, რომ ბრძოლას შევწყვეტთ. მათ (პროკურატურას) სურთ, რომ საქმე სასამართლოს მესამე ექსპერტიზის გარეშე გადასცენ, სასამართლო კი საქმეს გამოძიებაში დააბრუნებს. არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მაინც დაველოდებით და საჭიროების შემთხვევაში ისევ გამოვალთ მოედანზე“, - თქვა დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე ინალ ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ.
მისი თქმით, აქციების შეწყვეტა, პირველ რიგში, ინალის დედის ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობას უკავშირდება. ის ახლა ცხინვალის საავადმყოფოში ინსულტის ნიშნებით არის მოთავსებული.
ინალ ჯაბიევის ძმამ განმარტა, რომ მისი მშობლები საავადმყოფოში იმყოფებიან და აპირებს ცხინვალიდან მათ სამკურნალოდ გაყვანას.
"მამაჩემს ფეხის ამპუტაცია სჭირდება. დედაჩემის ჯანმრთელობა დიდი ხნის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ყოფნის გამო გაუარესდა. მე ისინი სამკურნალოდ უნდა გავიყვანო. ოქსანამ უნდა იზრუნოს სამ მცირეწლოვან ბავშვზე. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იყავით", - თქვა აცამაზ ჯაბიევმა.
თუ რაიმე პროვოკაცია იყო, ეს ხელისუფლებიდან მოდიოდა - მაგალითად, მაშინ, როცა ავტომატიანები მოიყვანეს და გზები გადაკეტეს ცენტრალური მოედნის გარშემო...თემურ ცხურბათი
ინალ ჯაბიევის ცოლმა წინა დღეებში სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას მოუწოდა პარლამენტის დარბაზშ შეკრებილიყვნენ, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად შექმნილ ვითარებას განიხილავდნენ და გამოსავალზე იმსჯელებდნენ. თავიდან საპარლამენტო დარბაზის დათმობაზე თანხმობა განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ალან ტადტაევმა, თუმცა ბოლო წუთს გადათქვა და შეკრებილებს სხვა დარბაზში შეკრება ურჩია. სტიქიური მიტინგი კი პარასკევს ე. წ. პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ალექსანდრ პლიევმა, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ხელისუფლება ჯაბიევების ოჯახს უსამართლოდ ექცევა.
„ჩვენი მიზანი იყო ის, რომ მოგვეწვია პარლამენტში ჯაბიევის ოჯახი და გვეკითხა მათთვის, კიდევ რამდენ ხანს აპირებენ საპროტესტო აქციის გაგრძელებას. გვინდოდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ მოედნიდან სახლში წასულიყვნენ. საქმე ისაა, რომ მათი ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. ინალ ჯაბიევის დედა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით მოხვდა, ინალის მამაც ჰოსპიტალიზებულია. ინალის ცოლის ჯანმრთელობაც, როგორც ექიმი, გეუბნებით, რომ განადგურებულია. აი, ამ საკითხებზე გვინდოდა ოჯახის მოწვევა, მაგრამ პარლამენტში არ შეგვიშვეს, კარი ჩაკეტეს და სახელმწიფო დაცვა დააყენეს“.
საპროტესტო მიტინგზე იმყოფებოდა ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, თემურ ცხურბათი, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია მოუმზადებელი იყო.
„თითქმის სამ თვეს გრძელდებოდა მოედანზე უწყვეტი აქცია და ამ ხნის განმავლობაში თუ რაიმე პროვოკაცია იყო, ეს ხელისუფლებიდან მოდიოდა - მაგალითად, მაშინ, როცა ავტომატიანები მოიყვანეს და გზები გადაკეტეს ცენტრალური მოედნის გარშემო. ეს ხალხი ახლა პარლამენტში არ შეუშვეს, მაგრამ ღონისძიება სუფთა ჰაერზე მაინც ჩატარდა. ჩემი შთაბეჭდილებით, ოპოზიცია ოდნავ უკეთ უნდა ყოფილიყო მომზადებული. მათ უფრო მეტი ისაუბრეს მმართველი პარტიის შეცდომებზე, ხალხი კი სხვა რამეს ელოდა - ის დეპუტატებისგან მოელოდა რაიმე სახის სამოქმედო გეგმას, კონკრეტულ ზომებს. ზოგადად, უფრო მეტი კრიტიკა იყო, ვიდრე წინადადებები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია მზად არ იყო. მე მათ მხარს ვუჭერ, მჯერა, რომ სწორად იქცევიან, მაგრამ საკუთარ თავზე მეტი უნდა აიღონ”.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.
გასული წლის 4 დეკემბერს ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით. აქცია უწყვეტ რეჟიმში 26 თებერვლამდე გაგრძელდა.