Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკანასკნელი იუნკერის“ ჩანაწერები: ნიკოლოზ მათიკაშვილი


1990 წლის ნოემბერში მწერალმა და ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა, ყოფილი იუნკრის, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების მონაწილე ნიკოლოზ მათიკაშვილისგან პოლონეთიდან წერილი მიიღო. კონვერტს ქართულად და პოლონურად ეწერა ადრესატის სახელი.

69 წლის განმავლობაში ემიგრაციაში მყოფი ნიკოლოზ მათიკაშვილი (იმ დროს 90 წლისა) პაატა ნაცვლიშვილს წერდა, რომ წაეკითხა „სამშობლოში“ დაბეჭდილი მისი წერილი კიდევ ერთი ემიგრანტის, თანამებრძოლის და შემდგომ, 1924 წლის აჯანყების მონაწილის, ალექსანდრე სულხანიშვილის საქართველოში დაბრუნების ამბავი.

„სამშობლოს“ მორიგი ნომრიდან გავიგე, რომ თქვენი მცდელობით მას ნატვრა აუსრულდა და დღეს ის უკვე საქართველოშია. ამ ცნობამ ისე იმოქმედა ჩემზედ, თითქოს მისი ბედნიერება მე შემეხებოდეს“, - წერდა ყოფილი იუნკერი.

ნიკოლოზ მათიკაშვილს ამავე კონვერტში ალექსანდრე სულხანიშვილისათვის გადასაცემი წერილიც ჩაედო:

„ძმაო საშა!

გამეხარდა შენი ნატვრის ასრულება და საქართველოში დაბრუნება. „სამშობლოში“ მოთავსებულ სურათებიდან ჩანს, რომ სიბერეს ცოტა დაუჯაბნიხარ, მაგრამ მახლობლებთან ყოფნა, საქართველოს ბუნება

და მის მიმდინარე მოვლენებში ტრიალი მალე ჯანმრთელობას დაგიბრუნებს და ფეხზე დაგაყენებს. მოხარული ვიქნები, თუ ძალა შეგწევს და წერილს მომწერ“...

თუმცა ამ წერილის მიღების დროს თავად ალექსანდრე სულხანიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო - მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხოლოდ 18 დღეს იცოცხლდა. ამიტომ პაატა ნაცვლიშვილმა ვერც ეს წერილი გადასცა ადრესატს და არც მათიკაშვილისთვის უპასუხია და უცნობებია ეს მისთვის სამწუხარო ამბავი.

პაატა ნაცვლიშვილი წლების შემდეგ პასუხობს ნიკოლოზ მათიკაშვილს, მისივე მემუარების, პუბლიცისტური წერილების, მიმოწერის და თარგმანებისგან შემდგარი წიგნის შესავალ წერილში და ამბობს, „ნიკოლოზ მათიკაშვილი ისე სურათოვნად აღწერს ომში მიმავალ იუნკერთა სვლას, თითქოს მართლა შენს თვალწინ ხდებოდეს ყველაფერიო“.

„უკანასკნელი იუნკერის“ (როგორც მას პაატა ნაცვლიშვილი უწოდებს) ნიკოლოზ (ნიკა) მათიკაშვილის მიერ დატოვებული მასალა წიგნად საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის მიერ დაისტამბა (შემდგენელი ლალი ცომაია) და დღეს, 2021 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, ამ წიგნის გადაფურცვლით თბილისთან ახლოს და თბილისში ასი წლის წინ მომხდარი ამბები კიდევ ერთხელ ცოცხლდება.

ტაბახმელასთან

„რაშია საქმე, გვგზავნიან ომში თუ არა? ტფილისთან ზარბაზნები ჰქუხს და ჩვენ კი აქა ვართ! არა, ლოდინი აღარ შეგვიძლიან! თუ ყველას არ გაგვგზავნიან, თითოობრივ მაინც წავიდეთ ან ჯგუფ-ჯგუფათ! - ასე აღწერს ნიკოლოზ მათიკაშვილი სამხედრო სკოლის ეზოსა და „სამოსწავლო“ ოთახებში შეგროვილ ჯგუფებში არსებულ განწყობას.

1921 წლის თებერვლის დღეებია.

დროდადრო ამ ჯგუფს თურმე ვიღაც მოსწყდებოდა ხოლმე თურმე და ოთხად მოკეცილ ქაღალდს კლასის ოფიცერს გაუწოდებდა. ქაღალდში ეწერა: „ვინაიდგან სკოლას ფრონტზედ არა ჰგზავნიან, გთხოვთ დაუყონებლივ მიმავლინოთ მომქმედ ნაწილში“.

ქართველი იუნკერები
ქართველი იუნკერები

მათიკაშვილი წერს, რომ თხოვნები უპასუხოდ რჩებოდა და „იუნკერთ სახეთ მოლოდინში შფოთისა და მღელვარების ნიღაბი ეკვროდათ“... ხმები დადიოდა, რომ იუნკრები ფრონტზე არ წავიდოდნენ, ან მხოლოდ უფროს კურსელებს შეეხებოდათ გაწვევა. ან - ყველა წავიდოდა.

„მღელვარება შესწყდა ღენ. კვინიტაძის მთავარსარდლათ დანიშვნის დღიდგან. აქ ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ვალდებულების მოხდის სურვილში მისგან თანაგრძნობის მეტს ვერას მიიღებდნენ. მართლაც 16 თებერვალს ყველამ იცოდა, რომ ფრონტზედ გავდივართ. 17-ს დილიდგანვე სკოლა მოეწყო სამგზავრო სამზადისით“.

ყოფილ იუნკერს ნიკოლოზ მათიკაშვილს, ჩემს სიამაყეს სახსოვრად და მოსაგონებლად. გენ. კვინიტაძე (ნიკოლოზ მათიკაშვილის არქივი, თბილისი)
ყოფილ იუნკერს ნიკოლოზ მათიკაშვილს, ჩემს სიამაყეს სახსოვრად და მოსაგონებლად. გენ. კვინიტაძე (ნიკოლოზ მათიკაშვილის არქივი, თბილისი)

”არ დაივიწყოთ ველზედ ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმეთ ეყოლება იგივე მიწა, ცა და ბუნება, რომელიც არა ერთხელ გაკვირვებულა ქართველთ გმირობით და უდრეკელობით სიკვდილის წინაშე“ - ასე მიმართა გენერალმა შეკრებილებს.

სამხედრო სკოლა მიდის ფრონტზეო - ელვასავით გავარდა ქალაქში თურმე ხმა ქალაქში და მთელი თბილისი მიხაილოვის და შოთა რუსთაველის ქუჩაზე გამოეფინა...

აი, როგორ აღწერს ამ სცენას თავად ნიკოლოზ მათიკაშვილი:

”მუდამ მშვიდი ღენერალი ანდრონიკაშვილი თავისი ამალით, სკოლას წინ მიუძღოდა. უკან პოლკოვნიკ ჩხეიძის ბუხრიანი ქუდი მიქანაობდა. შემდეგ ქვეითი გუნდები, მეზარბაზნენი, ცხენოსანნი - ბოლოს ზემდეგი ოდიშელიძე, უკან ნაცვალთა ათასეულის ახალი გუნდები. ვერის დაღმართის დამლევიდგან ხალხმა იმატა, აღტაცების და მისალმების ყიჟინი ბედნიერ დედათა, შვილების უკანასკნელ ლოცვასა და ალერსში აირია“...

17-ში საღამოს უკვე ტაბახმელაში იყვნენ.

„18-ს ჟინჟღლიანი და ცივი დღე იყო. პირველი და მეორე მწყობრი ხაზში ყარაულს ეწეოდნენ, მესამე და მეოთხე ტაბახმელის განმარტოებულ შენობაში იყვნენ და ძალას იკრეფდნენ წინამდებარე მოვლენებისათვის. მეტ წილს ეძინა, ზოგნი თოფებსა სწმენდნენ“.

ტაბახმელამდე აღწევდა სოღანლუღში მიმდინარე ბრძოლის ხმა და იუნკერები ძლივს იკავებდნენ თავს „ჩაშველების სურვილისგან“.

ქართველი ოფიცრები პოლონეთის ჯარში, მარცხნიდან მეორე დგას: სვიმონ კობიაშვილი. გადაღების თარიღი უცნობია
ქართველი ოფიცრები პოლონეთის ჯარში, მარცხნიდან მეორე დგას: სვიმონ კობიაშვილი. გადაღების თარიღი უცნობია

19-ში გამარჯვების და 1500 ტყვის ხელშე ჩაგდების ამბავი მიუვიდათ ტაბახმელაში. ეს დღე მოლოდინის დღე იყო. მალე ბრძოლა იქაც გაჩაღდა: „იუნკერთა ფრონტი ვულკანივით სდუღდაო“, - წერს ყოფილი იუნკერი.

ფრაგმენტი ნიკოლოზ მათიკაშვილის ხელნაწერიდან
ფრაგმენტი ნიკოლოზ მათიკაშვილის ხელნაწერიდან

„სკოლა ამოიყვანეთ საჩქაროთ ტაბახმელაზედ, მდგომარეობა გართულდა“... სკოლა დაიძრა. გზაში კიდევ მოვიდა ბრძანება: „აჩქარდით, ფრონტი გაირღვა!“

ღამით სამხედრო სკოლის უბნიდან 25 გვამი გაიტანესო, წერს მათიკაშვილი: „ტფილისისკენ კი მიგორავდა 4 მტრის საველე ზარბაზანი და ერთი დაზიანებული ჯავშნოსანი. უკან დაგლეჯილი ტყვეები მისდევდნენ“.

თბილისიდან ტაბახნელისკენ მიმავალი გზის აღწერისას ნიკოლოზ მათიკაშვილი იხსენებს, მიხაილოვის ქუჩით, ვერის აღმართით, გოლოვინის პროსპექტით და სოლოლაკით მივემართებოდითო.

გამცილებლებს შორის მათიკაშვილმა ვასილ ბარნოვსაც მოჰკრა თურმე თვალი:

„მოდიოდა მგვრალ ცილინდრ დახურული, სათვალებიანი, ჭაღარა წვერ მოშვებული, როგორც ყოველთვის, ჩაფიქრებული და დაბლა მზირალი.. მისი დანახვა ღრუბლიან დღეში მზის გამოკაშკაშებას უდრიდა.. ის ხომ წლების მანძილზე ჯერ სასულიერო სემინარიაში და შემდეგ იუნკერთა სასწავლებელში ქართულ ლიტერატურას გვასწავლიდა და გონებასა და გულში სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდა“.

კოჯორში დიდი თოვლი დახვდათ. უბრძანეს ადგილების დაკავება, სანგრების მოწყობა, დარაჯების წინ წაწევა და ყოველგვარი მოძრაობის აღკვეთა.

„მახსოვს, პირველ ღამესვე ტაბახმელის მიმართულებიდან ურმის ჭრიჭინი მოგვესმა. ვინ იყო? სად მიდიოდა? რამ აიძულა ამ შუა ღამეში, შუა ზამთარში თავი შეეწუხებინა? გვიბრძანეს ცეცხლის გაჩენა.. ჭრიჭინი შესწყდა.. ტაბახმელაზე სიჩუმე ჩამოვარდა, ოღონდ სუსხიანი, მწივანა ქარი გვაყრიდა პირში თოვლს, ტანსაცმელს გვისველებდა და ჩვენ სანგრებისკენ განუწყვეტელი ნაკადი თოვლის შხეფს მოერეკებოდა“, - იხსენებს მათკაშვილი.

ყოფილი იუნკერი მოგონებებში წერს, თხელ საზაფხულო ტანისამოსზე იტალიური ფარაჯები გვეცვა, მოლურჯო ნაცრისფერი, ქსოვილი ნამდვილი მატყლის მაგიერ, „ქიმიურად რძისგან მიღებული ძაფებით იყო ქსოვილი“. არავითარი სითბო იმას არ გააჩნდა, თოვლით, წვიმით და ნესტით ადვილათ იჟღინთებოდაო:

„განსაკუთრებით დღისით, სანგრებში რომ ვიმყოფებოდით. საღამოობით მზისგან დამდნარი თოვლის გუბეებს, სველი თოვლი ემატებოდა. დაუბერავდა კოჯორის ცივი ქარი, სანგრებს ახალ-ახალი მოხვეტილი თოვლით ავსებდა, იქ ჩამდგარ დამდნარი თოვლის გუბეებს და ჩვენ დასველებულ ფარაჯებს გაჰყინავდა“.

გარშემო ტყვიები ზუზუნებდა. ყუმბარები ფეთქდებოდა. თუმცა, სულისკვეთება იმდენად მაღალი იყო, რომ სიკვდილზე არავინ ფიქრობდა და ხანდახან ვმღეროდით კიდეცო.

სიმღერებიც ახსოვს, რასაც მღეროდნენ:

1) ”რათ გინდა ქალი ლამაზი, ჰოი ორი დილა, ვარალო!“

2) „ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, ჰარალო, ჰარალე, ჰარი არალო!“

3) „გაფრინდი შავო მერცხალო, დაჰყევ ალაზნის პირსააო, დელაოო!“

4) „ჰე მუმლი და მუხასაო გარს ეხვევოდაო!“

და ამას უსათუოთ მოჰყვებოდა საცეკვაო რამ სიმღერა და ცეკვებიო...

თუმცა 25 თებერვალს სასიმღეროდ აღარავის ეცალა. აი, კიდევ ერთი ამონარიდი მისი მოგონებებიდან, სადაც სწორედ იმ ღამეს აღწერს:

„ტაბახმელაზე მძვინვარე ქარიშხალი ბობოქრობს. ჰხვეტავს და პირში გვაყრის ხორხოშელასა და თოვლს. თოვლით ამოავსო ჩვენი სანგრებიცა და ირგვლივ ყველა დედამიწის უსწორ მასწორობაც. გაყინულები ვდარაჯობთ თავ თავის ადგილზე. ბუნების მძლეთამძლეობა ჩვენ სულისკვეთებაზე ზედგავლენას ვერ ახდენს. ამ ვითარებაში იუნკერი გელაშვილი გვიბრძანებს: მათიკაშვილი, ლომკაცი, სომხიანცი და ანდრონიკაშვილი, წახვალთ საუფროსოში და იქ მიიღებთ განკარგულებას... მივდივართ, ქარბუქში მოძრაობა გვიმძიმს, ყოველ ფეხის გადადგმაზე თოვლში ვეფლებით. მიწაზე დაყრილი და თოვლში მიმალული ტელეფონის მავთულები ფეხებში გვედება... მხარი გვეცვალა. არ ვიცით, სადა ვართ და საით მივდივართ. ძნელათ, მაგრამ ნელ ნელა წინ მივდივართ; ჩვენა გვგონია, რომ წინ მივდივართ. თურმე ადგილზე გვიტრიალია და ჩვენ ნატკეპნ თოვლს გარეშემო ვუვლით. არ ვიცი, რა ბედმა, რომელი ჩვენთაგანის ალღომ, როგორც იყო, მიგვიყვანა საუფროსოსთან...“

სწორედ იქ გაიგეს, რომ პოზიციები უნდა დაეტოვებინათ და მცხეთისკენ დაეხიათ. ეს ბრძანება კი გვარდიელთა ათასეულის უფროსისთვის გადაეცათ.

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და შეფიცულები. ნიკოლოზ მათკაშვილის ნახატი
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და შეფიცულები. ნიკოლოზ მათკაშვილის ნახატი

4-ნი მიდიოდნენ ამ ბრძანების გადასაცემად. ყველა 20 წლამდე ასაკისა.

”არ ვიცი, რა შემთხვევამ, რომლის გამჭრიახობამ, ბოლოს და ბოლოს მიგვიყვანა ნაბდებში გახვეულ მძინარე გვარდიელების სანგრებამდის“.

ბრძნება გადასცეს და „რის ვაი ვაგლახით, ოღონდ კმაყოფილნი, რომ ბრძანება შევასრულეთ, დაბრუნდნენ საუფროსოში“:

„ოთახი ცარიელი დაგვხვდა, იქ აღარავინ არის. გარეთ თოვლზე ესვენა მძიმეთ დაჭრილი და მასთან ერთათ კიდევ სხვა მებრძოლი, კვნესოდა, ეშინოდა ბოლშევიკების ხელში ჩავარდნისა. იხვეწებოდა, როგორმე წამოგვეყვანა. შევწუხდით, მაგრამ სად წაგვეყვანა ან როგორ? გამოსავალი არ იყო, ვერც დასამშვიდებელი რამ გამოვნახეთ მის სანუგეშოთ, მოვალეობა ერთეულში დაბრუნებას გვავალებდა. დავტოვეთ ადგილზე, ვინ იყო? რა დაემართა? გადარჩა თუ არა“...

თბილისს რომ ჩააღწიეს იქაურობას მოლურჯო ბოლისა და ნისლის ფერი გადაჰკრავდა თურმე, ქუჩები ცარიელი იყო. მოხუცმეეზოვეს გადაეყარნენ და იმას უთქვამს, იუნკერთა სკოლამ ჩაიარა, მცხეთისკენ მიდიოდნენო...

გემი „მარია“

იუნკერთა ასეულს გორში, რკინიგზის სადგურთან წამოეწია. პოლკოვნიკმა ჩხეიძემ რომ გაიგო, ჩამორჩენილი იუნკერი მოვიდაო, მკაცრი კითხვები დაუყრია, ან ეს დავერცხლილ კონდახიანი „ვინტოვკა“ საიდან გაქვს, ან სკოლის ფეხსაცმლის მაგივრად თბილი „ვალინკები“ რად გაცვიაო.

„ტაბახმელაზე ფეხები შემომაძვრა, გასათბობათ ცეცხლს მიუშვირე, მე სითბო არ მიგვრძნია და ფეხსაცმელები კი ისე დაიხრუკა, სატარებლათ არ ვარგოდა და გზაში შეხვედრილ გლეხს გავუცვალე მეთქი. რა გზით დაბრუნდი ჩვენთან და გზაში ბოლშევიკები ხომ არ შეგიმჩნევიაო? ტირიფონის ველისა, წეროვანის გამოვლით და გზაში ბოლშევიკები არ შემიმჩნევია მეთქი“...

მერე იყო ბათუმი და გემი „მარია“, რომლითაც მათიკაშვილმა და სხვებმა საქართველო დატოვეს.

ქართველი მხედრები კონსტანტინოპოლში, 1921 (გიორგი მამალაძის ფოტოალბომი, დავით ყოლბაიას კერძო კოლექცია, ვარშავა).
ქართველი მხედრები კონსტანტინოპოლში, 1921 (გიორგი მამალაძის ფოტოალბომი, დავით ყოლბაიას კერძო კოლექცია, ვარშავა).

„ტირილით არავის გვიტირია, მაგრამ გულს მოწოლილი სევდა მარყუჟივით სულს გვიხუთავდა და გვახრჩობდა. დიდხანს შუაღამემდის ვიდექით ხმა გაკმენდილნი, გემბანის მოაჯირს მიყუდებულნი... დილით ადრე წამოვიშალენით. ავცვივდით გემბანზე, იქნებ ქართულ მიწისთვის ერთხელ კიდევ მოგვეკრა თვალი. ირგვლივ სუსტი ჯანღი შემოგვკროდა. ნაპირი აღარა ჩანდა“. წინ სტამბოლი ელოდათ. მერე კი ემიგრაცია.

საფრანგეთი ღებულობდა 5 კაცს, საბერძნეთი 13-ს და პოლონეთი ყველა დანარჩენებს. მათიკაშვილი საბერძნეთის სამხედრო სკოლაში მივლინებულთა სიაში მოხვდა. 1921 წლის გვიან შემოდგომაზე მათ სტამბოლი დატოვეს.

სკოლის დასრულებისა და ოფიცრის წოდების მიღების შემდეგ იუნკრები დაიფანტნენ, თუმცა როგორც ნიკოლოზ მათიკაშვილი წერს, მათ კონტაქტი არ გაუწყვეტიათ და „იუნკერთა კავშირიც“ კი შექმნეს,

სამხედრო ჟურნალი „მხედარიც“ დააარსეს, რომელიც მათივე სახსრებით, პარიზში გამოდიოდა და „პარიზში ამ საქმეს ჰპატრონობდა ჩვენი ამხანაგი, იუნკერი დოლიკა ვაჩნაძე“...

„შენ რასა ჰფიქრობ საქართველოში წასვლაზე?

პირად მიმოწერაში, რომლითაც ეს კრებული სრულდება, თითქმის ყველა წერილის მთავარი თემა არის საქართველო. ხან თანამებრძოლების გარდაცვალების ან ჯანმრთელობის ამბებს უზიარებენ ერთმანეთს. თუ იყავი ქართულ წარმოდგენაზე? ხან ამ კითხვით მიმართავენ.

მიხეილ კვალიაშვილის წერილის ფრაგმენტი
მიხეილ კვალიაშვილის წერილის ფრაგმენტი

მიხეილ კვალიაშვილი სწერს ერთ წერილში:

„მე დღე და ღამ ვდარდობ _ ჩასვლა მინდა სამუდამოთ და ჩემს სოფელში (მოხისი) დავბინავდე. ჩვენი ეკლესია სდგას - მოუვლი, ჩემი მიწის სუნთქვით გავძღები სიკვდილის წინ და იქვე მომცემენ მიწას - ამას რა სჯობიან - რას იტყვი?!“

დასაწყისში ნახსენები ალექსანდრე სულხანიშვილი კი ერთ წერილში ნიკოლოზ მათიკაშვილს ეკითხება: „შენ რასა ჰფიქრობ საქართველოში წასვლაზე?

„ჩემო ნიკო, ცოტა რომ გამოკეთდეს საქმე საქართველოში, შენ არ აპირებ წასვლას ჩვენ სამშობლოში? როგორა ბრძანდება შენი მეუღლე? გადაეცი ჩემი გულითადი მოკითხვა. აღარ მახსოვს, მოგწერე თუ არა, ქაქუცას იარაღი _ ხმალი, ხანჯალი და ქამარი ოქროსზარნიშიანი გავგზავნე საქართველოში, რომლებიც ეხლა იმყოფებიან თბილისის საგანძურში. აბა, ჩემო ნიკო, იყავი ყოჩაღათ, სიბერეს და ავადმყოფობას არ დაემორჩილო. საქართველო, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ თავისას მოიპოვებს“, - წერს ალექსანდრე სულხანიშვილი მეგობარს.

ნიკოლოზ მათიკაშვილი საქართველოს სულ სამჯერ ესტუმრა. პირველად გიორგი ლეონიძის დახმარებით ჩამოვიდა. შემდეგ კიდევ ორჯერ ეწვია ძმასა და ძმისწულს. ის 1993 წელს, საკუთარ სახლში, ვარშავის გარეუბან ზალესიეში გარდაიცვალა. დაკრძალეს ვარშავის ბროდნოვსკის სასაფლაოზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG