Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები იმაზე ცუდად არიან, ვიდრე გვგონია - მშობლები” გამოკეტილი” შვილების პრობლემებზე ჰყვებიან


7 წლის თუთას დაწერილი წერილი თოვლის ბაბუას
7 წლის თუთას დაწერილი წერილი თოვლის ბაბუას

ეკრანდამოკიდებულება და მხედველობის პრობლემები, ჭარბი წონა, D ვიტამინის ნაკლებობა და ფსიქოლოგიური აშლილობები - ეს არასრული სიაა იმ პრობლემებისა, რომელთაც პანდემიის დაწყების შემდეგ ბავშვები ებრძვიან. რადიო თავისუფლება საერთო სურათის დასანახად მშობლებს და ექიმებს ესაუბრა.

ანა წურწუმიას 7 წლის თუთამ ახალ წელს მხოლოდ ერთი სურვილი ჩაიფიქრა - „კორონა რომ აღარ იყოს”. კარგა ხანია, თუთა არც სკოლაში ყოფილა, არც მეგობრები უნახავს და არც პარკში უთამაშია მათთან ერთად. აღშფოთებულმა ანამ, რომელიც იანვრის ბოლოს აკრძალვების მოხსნას თუ არა, მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას მაინც ელოდა, თანამოაზრეები შემოიკრიბა და საპროტესტო აქცია მოაწყო.

„ჩემთვის პროტესტის გამოხატვის მოტივაცია იყო დანაშაულის შეგრძნება ჩემი შვილის მიმართ, რომ მათ პრობლემებზე არავინ საუბრობს. მთელი გაზაფხული მახსოვს, რომ მას თამაში უნდოდა, მე კი სამსახურის გამო მიწევდა იმის თქმა, რომ ახლა არ მცალია, რაც ჩვენთვის, მშობლებისთვისაც, ფსიქოლოგიური სტრესია. პარკში რომ მივდივართ, მხოლოდ სეირნობის უფლებას ვაძლევთ თავს და თუთას უკვე ოცნებად ექცა საქანელაზე დაჯდომა”.

7 წლის თუთას შექმნილი პლაკატი, მიმართვით - "სკოლები გახსენით, კარგი იქნება"
7 წლის თუთას შექმნილი პლაკატი, მიმართვით - "სკოლები გახსენით, კარგი იქნება"

ბავშვის ემოციური სირთულეების მოსაგვარებლად ანას ფსიქოლოგთან კონსულტაცია და არტთერაპიის გამოყენება დასჭირდა.

„ბევრი ბავშვი სიტყვით ვერ გამოხატავს პრობლემებს. მაგალითად, რაც მის ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახა, იყო ის, რომ ბავშვს შეექმნა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რაზეც ფსიქოლოგმა მითხრა, რომ ეს არის სხეულის პასუხი სტრესზე. ასევე არტთერაპიის ფარგლებში დავახატვინეთ ნახატები, სადაც ჩანდა, რომ მას ძალიან სურდა წარსულში დაბრუნება“.

5 წლის გოგას დედამ, მარიამმა, ბავშვის ექიმთან მიყვანამდე დახმარება ერთ-ერთ ფეისბუკჯგუფში ითხოვა. მის გამოქვეყნებულ ვიდეოში ბიჭი კომპიუტერის ყურებისას რამდენჯერმე აფართოებს თვალებს და შემდეგ მაგრად ხუჭავს. ოფთალმოლოგმა გოგას მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოზი დაუსვა და თვალის წვეთებით ერთთვიანი მკურნალობა დაუნიშნა.

„კომპიუტერმა გამოიწვია ჩვენი პრობლემა. როცა 2 შვილი მთელი დღე სახლში მყავს, რთულია, უარი ვუთხრა და სრულებით ავუკრძალო.

გამოსავალი იმაში ვნახეთ, რომ ექიმთან ვიზიტის შემდეგ არ ამიკრძალია კომპიუტერი. უბრალოდ, კიდევ უფრო მეტად ვარ ჩართული მასთან ერთად სხვა აქტივობებში - ვხატავთ, ვძერწავთ, ვაშენებთ სახლებს, მათემატიკურ სავარჯიშოებს ვაკეთებთ”.

თუმცა, როგორც მარი გვეუბნება, მისი 3 წლის შვილს უფრო მეტად აქვს ეკრანზე მიჯაჭვულობა და ნაკლებად უყვარს გარეთ თამაში, მისი ახლობლის შემთხვევაში კი სიტუაცია უფრო კრიტიკულია:

„8 წლის ბავშვს თუკი ვინმე გამოურთავს კომპიუტერულ თამაშს, იწყებს ყვირილს და სახლში ნივთების მტვრევას. რადგანაც ბებია ვეღარ უძლებდა ასეთ ქცევებს, დედას სამსახურის მიტოვება მოუწია, მაგრამ არაფერი შეცვლილა. რას აპირებენ, არ ვიცი, თუმცა ოჯახს უჭირს და როდესაც იმაზე ფიქრობ, საჭმელი როგორ იშოვო, თუ რამე ძალიან არ აგტკივდა, არ მიდიხარ ექიმთან. ფსიქოლოგის მომსახურება კი ფუფუნებაა”.

თუკი 5 წლის გოგას თვალებს სამკურნალო წვეთებმა უშველა, 10 წლის სანდროს ეკრანის ხანგრძლივად ყურების გამო მიოპიის (ახლომხედველობის) დიაგნოზი დაუსვეს. ახლა მას სათვალე უკეთია.

სანდროს დედა, სალომე, ამბობს, რომ პანდემიამდე მისი შვილი უფრო აქტიური იყო, ცურვაზე დადიოდა, გაზაფხულზე საყოველთაო ჩაკეტვამ კი თავისი შედეგი გამოიღო.

„პრობლემის მიზეზი კომპიუტერული თამაშები და სულ ტელეფონის ხელში ჭერა იყო. ძილიც აერია და კვებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. სამსახურს დიდი დრო მიაქვს. მარტო ვზრდი და ყოველ წუთს ყურადღების მიქცევა მიჭირს. ონლაინგაკვეთილზეც სულ ეკრანთან უწევს ყოფნა, მერე ზოგიერთი დავალებისთვის ინფორმაცია კომპიუტერში აქვს მოსაძებნი და ფაქტია, რომ მხედველობაზე აისახა”.

და რადგან ასეთი ამბები ხშირია, რადიო თავისუფლებამ პედიატრებსა და სხვა დარგის ექიმებს ჰკითხა, ძირითადად რა ჩივილებით მიდიან მათთან, რა პრობლემები იკვეთება ყველაზე ხშირად ბავშვებთან და რა რჩევები აქვთ ექიმებს მათი მშობლებისთვის:

ეკრანდამოკიდებულება

ეს პრობლემაა, რომელზეც ერთნაირად ხშირად ლაპარაკობენ როგორც მშობლები, ასევე ექიმები. პასიური ცხოვრების წესი, სასწავლო პროცესის ონლაინ გადატანა, ტელეფონების და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ფიზიკური კომუნიკაციის ციფრულით ჩანაცვლება, თავად მშობლების „დამოკიდებულება” ონლაინაქტივობებზე - ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ბავშვები ეკრანს ეჯაჭვებიან.

ეკრანდამოკიდებულება, ერთი მხრივ, ფიზიკური, მეორე მხრივ კი, ფსიქოლოგიური პორბლემების მიზეზი ხდება. „4-5 წლის ბავშვებს ტანტრუმები, ანუ მრისხანების შეტევები აქვთ, თუკი ვინმე ტელეფონს წაართმევს”, - ამბობს ფსიქიატრი ციცო სირბილაძე.

ექიმების აზრით, ეკრანდამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს აგრესია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობები...

„ძირითადი პრობლემა არის ეკრანდამოკიდებულება. ამან გამოიწვია შემდეგ მხედველობის პრობლემები, ტანდეგობის დარღვევა, რადგან ერთ პოზაში სხედან ეკრანებთან. არასწორმა კვებამ გამოიწვია გაცხიმოვნება, სიმსუქნე. სახლში გამოკეტილობის გამო გაჩნდა, ასევე, D ვიტამინის დეფიციტი, რის გამოც საპროფილაქტიკე დოზას ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს. ამ პრობლემებმა პანდემიის მერე უფრო იჩინა თავი“, - გვეუბნება პედიატრი თემურ მიქელაძე.

ჭარბი წონა

პანდემიის გამო სახლში „ჩაკეტილი” ბავშვებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჭარბი წონა გახდა. „50 %-ით გაიზარდა ჭარბი წონის მქონე პაციენტების მომართვიანობა. ფაქტობრივად, ყოველი მეორე მოდის წონის პრობლემებით”, - გვეუბნება პედიატრი ნინო ხელაძე.

საგრძნობლად ნაკლები ფიზიკური დატვირთვა და ზედმეტი ჭამა, როგორც სტრესთან გამკლავების საშუალება, ასევე არაჯანსაღი პროდუქტით - სხვადასხვა სასუსნავით - გატაცება, რაც, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე პასიურ ცხოვრებას, ამ პრობლემის ძირითადი მიზეზებია.
პედიატრი ხაზგასმით ამბობს, რომ ჭარბმა წონამ, მისმა ქრონიკულმა ფორმამ, შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრობლემებიც, მაგალითად, მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა, დეპრესია, სახსრების ტკივილი.

ზრდის შეფერხება

არანორმირებული რეჟიმის გამო ბავშვებს ძილის პრობლემები აქვთ, ზრდის ჰორმონი კი სწორედ ძილის დროს გამოიყოფა.

  • სკოლის ასაკის ბავშვმა მინიმუმ 5-6 სანტიმეტრი უნდა მოიმატოს წელიწადში;
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი, გარდატეხის ასაკში, უცბად უნდა „აიყაროს ტანი” - წელიწადში 10-12 სანტიმეტრით.

ექიმები მშობლებს გვირჩევენ, სათანადო ყურადღება მივაქციოთ ამ საკითხს - წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც უნდა გავზომოთ შვილის სიმაღლე და წარმოდგენა ვიქონიოთ ბავშვის ზრდის დინამიკაზე.

ოფთალმოლოგიური პრობლემები

„პანდემიის დროს ნამდვილად იჩინა თავი ბავშვების მხედველობის პრობლემებმა. ძალიან ბევრი ბავშვი მოდის თავის ტკივილით, ცრემლდენით, თვალის სიმშრალით”, - გვეუბნება ოფთალმოლოგი გელა ობერიუხტინი. მისი დაკვირვებით, თუ ადრე ახლომხედველობის პრობლემები ძირითადად 10-11 წლის ასაკში იჩენდა თავს, ახლა ასაკმა 7-8 წლამდე დაიწია, საერთო ჯამში კი, პანდემიის პერიოდში ექიმს ამ პრობლემებით 10-15 პროცენტით მეტი ბავშვი მიმართავს.

რა უნდა ვქნათ?

ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ექიმების რჩევების გაერთიანებული ნუსხა ასეთია:

  • ჰაერზე და მზეზე სეირნობა - სულ მცირე 15-20 წუთი დღეში;
  • დღის რეჟიმის შექმნა - დილით ადრე ადგომა და დაძინება არაუგვიანეს საღამოს 10 საათისა;
  • გაკვეთილებს შორის ეკრანისგან მოწყვეტა - რამდენიც უნდა იყოს დასვენება, იქნება ეს 5, 15 წუთი თუ ნახევარი საათი, ჯობია ბავშვი სკამიდან ადგეს;
  • ციფრულ ხელსაწყოებზე (ტელეფონზე, კომპიუტერზე, აიპადზე) წვდომის შეზღუდვა - ეს მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანაა;
  • თავისუფალ დროს საერთო ფიზიკური აქტივობა - სახლში ერთად რამის კეთება, აქტიური თამაში, საჭმლის მომზადება;
  • შეამოწმეთ D ვიტამინის რაოდენობა. შესაძლოა, ზამთრის და სახლში ჯდომის გამო ბავშვს დასჭირდეს პროფილაქტიკის მიზნით დამატებითი დოზის მიღება;
  • სწორი კვება

რამე კარგი თუ მოხდა

  • შემცირდა ნაწლავური, ასევე რესპირატორული დაავადებები და ტრავმები.
  • თუ საყოველთაო ჩაკეტვებიდან პირველი ორი კვირა, ტრავმატოლოგ ამირან შარაბიძის დაკვირვებით, ბავშვები ხშირად იტეხდნენ კიდურებს, განსაკუთრებით კი ხელებს, ახლა პირიქით ხდება - ეს ჩივილები საგრძნობლად შემცირდა.

„ზოგი სკამიდან ჩამოვარდა, ზოგს დედმამიშვილმა ატკინა ხელი და ა.შ. ახლა მომართვიანობა საგრძნობლად არის შემცირებული. თუ მოგვმართავდა 10 ადამიანი, ახლა მოდის 2. ალბათ, თავიდან ვერ ჩერდებოდნენ სახლებში და ახლა მიეჩვივნენ ჩაკეტილ მდგომარეობას”, - ამბობს ექიმი ამირან შარაბიძე.

ექიმები ფიქრობენ, რომ ბავშვების პრობლემების მთელ სპექტრს უკეთ მაშინ დაინახავენ, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება. მათი დაკვირვებით, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, ჩივილების მიუხედავად, ბევრი ოჯახი ექიმთან ვერ მიდის.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG