Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის პროცესის დასრულება 5 თებერვალს იგეგმება


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში დღეს გაგრძელდა ზაზა გახელაძის საქმის განხილვა. სხდომაზე ისევ მოწმეეები დაკითხეს და ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები მოისმინეს.

დე ფაქტო სასამართლოს მოსამართლემ შემდეგი სხდომა 5 თებერვლისთვის დანიშნა. ეს ინფორმაცია ოსურმა მხარემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიაწოდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ე.წ. უზენაესი სასამართლო განაჩენს 5 თებერვალს გამოაცხადებს.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა 18 იანვარს დაიწყო. წინა სხდომაზე მოწმეებთან ერთად ზაზა გახელაძეც დაკითხეს. მას ბრალი წაყენებული აქვს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ეხება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 322-ე მუხლი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ეხება. ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ცხინვალიდან დამატებით ინფორმაციას ელოდება. ის ადვოკატს, სავარაუდოდ, საღამოს საათებში დაელაპარაკება.

ირმა ბუთხუზმა რადიო თავისუფლებას წინა სხდომაზე განვითარებული მოვლენების შესახებაც უამბო. სხდომაზე რამდენიმე მოწმე და თავად განსასჯელი დაკითხეს. მოწმეები

ირმა ბუთხუზი, ზაზა გახელაძის ცოლი
ირმა ბუთხუზი, ზაზა გახელაძის ცოლი

საოკუპაციო ძალების ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ირმა ბუთხუზის თქმით, რუსმა სამხედრომ განაცხადა, რომ გახელაძეს მისთვის გამიზნულად არ უსვრია.

გახელაძეების ოჯახისთვის ცხინვალელი ადვოკატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ყველაზე მძიმე მუხლი, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, შესაძლოა ცხინვალელმა მოსამართლემ მოწმის ჩვენების საფუძველზე მოხსნას, რადგან, მოწმის ჩვენებით, გახელაძეს მისი მიმართულებით დამიზნებით არ უსვრია და, შესაბამისად, არც სიცოცხლის მოსპობის მცდელობა ყოფილა. საქმეში დარჩება ერთი მუხლი, რაც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ამ ე.წ. მუხლით ბოლო დროს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ჯარიმის (2000 რუბლი) გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ ან 2-თვიან პატიმრობას უსჯიან. ასე იყო სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრების, მირიან თაზიაშვილის, შემთხვევაში. მას ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ცხინვალის ციხე თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ დატოვა. არის კიდევ ერთი პრეცედენტი, რომელიც გენადი ბესტაევს უკავშირდება. მას ბრალად ე.წ. საზღვრის არაერთხელ დარღვევის ბრალდება წაუყენეს და ორი წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ზაზა გახელაძისთვის ეს ე.წ. საზღვრის დარღვევის პირველი შემთხვევაა, ამიტომ, წესით, ცხინვალის სასამართლომ მკაცრი სასჯელი არ უნდა გამოიყენოს და, პრეცედენტებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, მაქსიმუმ ორი თვე უნდა მიუსაჯოს, თუმცა ეს სასჯელიც გახელაძეს, დიდი ხანია, უკვე მოხდილი აქვს. იგი, 6 თვეზე მეტია, ცხინვალის ციხეში იმყოფება. სწორედ ეს გარემოებები უჩენს ოჯახს იმედს, რომ დაკავებულს მალე გაათავისუფლებენ. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ცხინვალის ციხეში 48 დღე გაატარა, ვარაუდობს, რომ ზაზას ჯერ პატიმრობას მიუსჯიან და შემდეგ გაათავისუფლებენ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ, თუმცა, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

XS
SM
MD
LG