Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელთა ახალი წელი. მოგონებებში დარჩენილნი


ვინ წავიდა, ვინ გაიყვანეს, ვინ გაიპარა, ვინ დარჩა? - ოკუპირებულ ახალგორში ახალი წლის მილოცვის ნაცვლად ერთმანეთს იმას ეკითხებიან, დაბა ვინ დატოვა და ადგილზე ვინ დარჩა.

სახელებს აღარც ახსენებენ, გვარებით მოიხსენიებენ წამსვლელებსაც და დამრჩენებსაც. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ გვარები ქართულიცაა და ოსურიც. მისი თქმით, დაბის მოსახლეობა უკვე განახევრებულია.

ახალგორი
ახალგორი

ახალგორიდან ორიოდ კილომეტრში მდებარეობს სოფელი ბოლი. 2002 წლის აღწერით სოფელში 212 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ათამდე ოჯახია დარჩენილი. რუსუდან მორბედაძე წარმოშობით სოფელ ბოლიდანაა. მას ახლა სულაც არ უხარია ახალი წლის მოსვლა და მხოლოდ შვილების განწყობის ამაღლებაზე ფიქრობს. მისი საახალწლო მოგონებები ოკუპირებულ ბოლს უკავშირდება, ახალი წელი კი მისთვის თოვლთან ასოცირდება. ბოლში დიდი თოვლი მოდიოდა, წეროვანში კი აღარ თოვს. რუსუდანი ბავშვობის მოგონებებით ცხოვრობს. ოკუპაციის ხაზს მიღმა ახალ წელს ბიძას და ბიცოლებს მიულოცავს, გზის გახსნას და ერთმანეთთან შეხვედრას ისურვებენ.

სოფიო ბერიანიძე ახლა ფრეზეთის დასახლებაში ცხოვრობს, ის ახალგორიდან 2008 წლის ომის შემდეგ გამოვიდა. ყოველ ახალ წელს დაბაში გატარებულ დღესასწაულებს იხსენებს და იქიდან წამოყოლილ მეკვლეობის ტრადიციას არ ღალატობს. სოფიოს ახალგორში მეგობარი დარჩა. იქ ტელეფონს ყველგან მიღება არა აქვს, ამიტომ მეგობარმა სპეციალური ადგილი უნდა შეარჩიოს, რომ კონტაქტი შედგეს, ეს კონტაქტი კი სულ უფრო იშვიათი ხდება.

ლელა გვრიტიშვილმა ოკუპირებული ახალგორი 2019 წლის სექტემბერში დატოვა და მას შემდეგ ჩაკეტილი გზის გამო უკან ვეღარ დაბრუნდა. ამბობს, რომ დაბაში გატარებულ წლებს სხვა ხალისი ჰქონდა, თუმცა ეს ომამდე იყო, ომის შემდეგ კი იზოლირებული დაბა მხოლოდ გაჭირვების, გაყოფილი ოჯახების, ავადმყოფობისა და ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა, ამიტომ წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებსაც ნაკლებად აქვთ საზეიმო განწყობა, რადგან მათი ნათესავები ოკუპაციის ხაზს მიღმა უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

ახალგორი
ახალგორი

ახალგორელების მთავარი საახალწლო სურვილი გზის გახსნაა. გზა ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან მისასვლელად სჭირდებათ. ხანში შესულებს გზა პენსიის ასაღებად და ექიმთან მისასვლელად უნდათ, ახალგაზრდებს კი - განათლებისა და განვითარებისთვის, თუმცა ეს გზა, 15 თვეა უკვე, ჩაკეტილია. დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებს იზოლაციაში ამყოფებს, იზოლაციას კი ბევრი ვეღარ უძლებს. ნაწილი წითელი ჯვრის დახმარებით სამედიცინო კლინიკებში გადმოჰყავთ, 50-მა ადამიანმა ოჯახების გაერთიანების პროგრამით ისარგებლა და ასე გამოვიდა, ნაწილი გამოიპარა, ნაწილი კი გარდაიცვალა. ჩაკეტილი გზისა და სამედიცინო სერვისზე ხელმიუწვდომლობის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ეს ადამიანები ბიბილოვის პოლიტიკის მსხვერპლნი არიან.

ახალგორელები თავს მიტოვებულებად გრძნობენ და თანაბრად აკრიტიკებენ როგორც დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლებას. ოკუპირებული დაბა, 1 წელი და 3 თვეა, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონრებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალგორის იზოლაციის მოხსნას და გზის გახსნას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს.

XS
SM
MD
LG