Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდოვანია, რას აკეთებს სახელმწიფო ონლაინსწავლების ხარვეზების გამოსასწორებლად


სასწავლო დღე იწყება დილის 10 საათზე და, დაახლოებით, 1-ზე მთავრდება. ხშირად გაკვეთილი საათზე მეტხანს გრძელდება. შეხვედრების უმეტესობა, რომელიც მესენჯერის ზარით ტარდება, რესურსების გამოუყენებლობის გამო, მოსაწყენი და უნაყოფოა. არის საკითხები, რომლებსაც სრულფასოვნად ვერ გავდივართ და მასწავლებელი ხშირად გვეუბნება: "ბავშვებო, თუ გვეღირსა სკოლაში მისვლა, იქ უკეთესად აგიხსნით და გაგაგებინებთ", - გვეუბნება მეცხრეკლასელი თაზო ჯოჯუა, რომელიც გურიის სოფელ ასკანაში ცხოვრობს.

თაზოს, ერთი მხრივ, მოსწონს დისტანციურად სწავლა, წელს ბევრი ახალი ციფრული პროგრამის და პლატფორმის გამოყენება ისწავლა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისი კლასელების ნაწილი ონლაინგაკვეთილებს, უბრალოდ, ვერ ესწრება. ამ პრობლემის გადასაჭრელად თაზოს უნდა, რომ თავისი სოფლის სკოლაში “ციფრული სივრცე” შეიქმნას. ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ჰყვება, რომ მის სკოლაში ციფრული რესურსები არ აქვთ, რის გამოც მასწავლებლებიც წვალობენ და მოსწავლეებიც. “პრობლემა აუცილებლად იყო მოსაგვარებელი და რეალობა - შესაცვლელი”, - ამბობს ის და ფულის შეგროვებაში დახმარებას ითხოვს.

თაზოს თანაკლასელების მსგავსად, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს, ანუ 50 400 ბავშვს სახლში ინტერნეტი არ აქვს. ეს ციფრი გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ერთობლივმაკვლევამ გამოავლინა.

UNICEF- ვარაუდობს, რომ ვითარება, სავარაუდოდ, უფრო მძიმეა, ვიდრე, თუნდაც, ამ კვლევაში ჩანს.

სიტუაციას ართულებს ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა, ასევე ბევრი ხელმოკლე ოჯახისთვის მობილური ტელეფონი და ინტერნეტი ისევ ფუფუნებაა და ვერ აძლევს თავს უფლებას ამაზე დახარჯოს ფინანსური რესურსი.

6 წლის ნუცას ინტერნეტიც აქვს და ძალიან მონდომებული მასწავლებელიც ჰყავს, მაგრამ სწავლა ონლაინ მასაც უჭირს. “გაკვეთილი გრძელდება, დაახლოებით, 40-60 წუთს მაინც. ნუცა სიაში პირველია. შესაბამისად, ყველაზე ადრე მას ეკითხება, თან მასწავლებელი ცდილობს 28 ბავშვს სათითაოდ გამოკითხოს და დაეხმაროს, რაც კარგია, მაგრამ ასეთ დროს ნუცას უჭირს მთელი საათი კომპიუტერთან ჯდომა და მოსმენა. 15-20 წუთის შემდეგ ხან ხატავს, ხან ტელევიზორს რთავს”, - ამბობს ნუცას დედა, მარიამი.

ზოგადი გაიდლაინები ყველა ნიუანსის გათვალისწინებას ვერ ახერხებს და, როგორც წესი, გაკვეთილის სწორად წარმართვა დიდწილად მასწავლებლის მოტივაციაზე, ინიციატივასა და მოხერხებაზეც კია დამოკიდებული.

“მაგალითად, მუსიკის გაკვეთილი 15 წუთს გრძელდება. აქედან 10 წუთი ეთმობა ბავშვების კომპიუტერებთან შეკრებას და 5 წუთი რამე მუსიკას. წინაზე მუსიკის მასწავლებელმა “jingle bells” ჩაურთო და ამით მორჩა მთელი გაკვეთილი.

ნუცას მამიდაშვილი მესამე კლასშია და დიდად მოტივირებული მასწავლებელიც არ ჰყავს, იმისთვის რომ რამე აუხსნას. მათი გაკვეთილი 20 წუთს გრძელდება”, - ამბობს მარიამი.

ონლაინ გაკვეთილების დაბალი ხარისხი ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც "იუნისეფიც" აღნიშნავს.

“ ბევრ მასწავლებელს ონლაინ გაკვეთილების ტექნიკურად მართვაც კი უჭირს. მეორე საკითხია, თუ ლეპტოპი ჩართო, მას [მასწავლებელს] არ აქვს ის ცოდნა, რომ გაკვეთილი მოყვეს საინტერესოდ. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს”, - ამბობს იუნისეფის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე.

განათლების სამინისტრომ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და კოალიციამ “განათლება ყველასთვის” რამდენიმე სახელმძღვანელო შექმნეს, რომელიც მასწავლებლებს უფრო სახალისო, ინტერაქტიული გაკვეთილების ჩატარებაში დაეხმარებოდა. ეს რესურსები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან თანხვედრაშია და ღია უფასო პლატფორმაზეც დევს, თუმცა არც ამ რესურსებზეა დიდი მოთხოვნა.

განათლების მიღების ხარისხზე მსჯელობა შესაძლებელია მაშინ, როცა მოსწავლეს ამ განათლების მიღების შესაძლებლობა აქვს. ვინც ინტერნეტით ვერ ესწრება გაკვეთილებს, მათთვის განათლების სამინისტრომ “ტელესკოლა” დაიწყო. სკოლის პროგრამის სხვადასხვა საფეხურის შესაბამისად, მასწავლებლები ვიდეოგაკვეთილებს წერენ, რომლებსაც შემდგომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უჩვენებს.

ტელესკოლა - კორონავირუსის პანდემიის დროს
please wait

No media source currently available

0:00 0:04:58 0:00

UNICEF ეხმარება მთავრობას ჩაატაროს კვლევა, რომელიც სწავლობს ონლაინ გაკვეთილების ეფექტიანობას. შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რადიო თავისუფლებას UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ყუფარაძემ რამდენიმე დაკვირვება გაუზიარა:

მაია ყუფარაძე - UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი
მაია ყუფარაძე - UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

“წინასწარი მოსაზრებებით შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვების და მშობლების დიდი ნაწილი, რომლებიც ჩართულები არიან ტელესკოლაში და ბავშვებს ეხმარებიან გავკეთილების მომზადებაში, არიან კმაყოფილები, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა არის წუხილი იმის შესახებ, რომ ბავშვები ხშირად აცდენენ, მალე ბეზრდებათ, არ აინტერესებთ და ვერ კონცენტრირდებიან”.

მიუხედავად არაერთი მიმართვისა, რადიო თავისუფლებამ განათლების სამინისტროსგან ვერ მიიღო პასუხი კითხვებზე, რომელიც მისცემდა საზოგადოებას იმის შეფასების საშუალებას, რა იღონა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბავშვებს, ერთი მხრივ, განათლება მიეღოთ, მეორე მხრივ კი, რთულ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას გამკლავებოდნენ.

როგორია უცხოეთის პრაქტიკა

პანდემიამ გამოცდა მოუწყო საგანმანათლებლო სისტემას მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყანა, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ცდისა და შეცდომის მეთოდებით ირჩევდა პანდემიის პირობებში რა გეზი აეღო განათლების სისტემას. განათლების

სიმონ ჯანაშია- განათლების ექსპერტი
სიმონ ჯანაშია- განათლების ექსპერტი

ექსპერტი სიმონ ჯანაშია რადიო თავისუფლებასთან ამ მეთოდების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ, მაგალითად, ევროპაში ცდილობენ, რომ სასწავლო პროცესი სკოლაში დატოვონ და უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვაზე იზრუნონ.

ამერიკაში ყველა შტატში განსხვავებული მიდგომაა. მაგალითად, ნიუ იორკში თავიდან ღია იყო სკოლები და ნებაყოფლობითი იყო დასწრება, მერე დაკეტეს ყველასთვის, ახლა ისევ გააღეს და არჩევანი დაუტოვეს მშობლებს, რადგან, როდესაც ბავშვები სკოლაში დადიან, მშობლებს სამსახურებში სიარულის შესაძლებლობა აქვთ და, შესაბამისად, შემოსავალიც. ბავშვებზე ზრუნვასთან ერთად ბევრი ეკონომიკური და სოციალური ფაქტორია, რომლის გათვალისწინებაც უწევთ ქვეყნებს.

გერმანიაშიც დიდხანს იყო ღია და ახლა დაიკეტა სკოლები, რადგან პიკს მიუახლოვდნენ. ბევრგან არის მოცემული რაღაც ნიშნული, პანდემიის გავრცელების პროცენტი ან გარდაცვლილების რიცხვი, რის შემდეგაც იკეტება სკოლები. ჩვენთან ასე არ არის. ერთ დღეს კეტავენ და მიახლოებით როდის გაიღება, ისიც არ იციან.

შვედეთში გახსნილია ყველაფერი, მათ შორის სკოლებიც და ჰიგიენური ნორმების დაცვით ხდება პროცესის მიმდინარეობა.

იაპონიის შემთხვევაში, ისევე როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სკოლებსა და უმაღლეს დაწესებულებებში მონაცვლეობითი დასწრება დანერგეს. ეს გულისხმობდა იმას, რომ ერთ დღეს ნახევარი კლასი ესწრებოდა, ნახევარი - მეორე დღეს. დღეგამოშვებით, მონაცვლეობით დადიოდნენ სკოლაში, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვით.

სკოლების დახურვა 30 ქვეყანაში 572 მილიონ მოსწავლეს შეეხო.

საქართველოს განათლების სისტემაში რეგისტრირებულია 600 000-მდე ბავშვი, ანუ პანდემიამდე ისინი სკოლაში დადიოდნენ.

ახლა, როცა 50 400 ბავშვს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, მათი ერთადერთი რესურსი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორი აქვთ, “ტელესკოლაა”.

გაეროს ბავშვთა ფონდი შიშობს, რომ პანდემიის გრძელვადიანმა ზემოქმედებამ შესაძლოა ბავშვების „დაკარგული თაობა“ გააჩინოს, რისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იქნება, რომ ამ პერიოდში მათ განათლების მიღების უფლება მნიშვნელოვნად შეეზღუდათ.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG