აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, ხელმარცხნივ, „ზღაპარს“ რომ დაინახავ, ეგრევე შეუხვიე. ეგ არის ფაღავას ქუჩა. „ზღაპრის“ უკან, 30-50 მეტრში, მშენებარე ეკლესია დგას, არ არსებობს ვერ შეამჩნიო, მუქი წითელი აგურით აპირკეთებენ და ზამთრის მოღვენთილ დილას, ჯერ რომ კარგად არ გათენებულა და კაცმა არ იცის, ბოლომდე გათენდება თუ არა, ეს მშენებარე ეკლესია გახლეჩილი ბროწეულივით ღუის (გასაგებია, რომ ძალიან მდარე ხარისხისა და ამასთანავე, ბანალური ეპითეტია, მაგრამ ეგაა რაცაა).
მოკლედ, გასცდი მაგ ეკლესიას და აუყევი აღმართს. ნელა აუყევიო რო გითხრა, აზრი არ აქვს, ჩქარა მაინც ვერ აუყვები, ისეთი გზა მიდის. ერთ წუთში ისევ ხელმარცხნივ გაუხვიე და წესით კორნელი სანაძის ქუჩაზე, მსუყედ, დაუნანებლად მოტალახებულ ქუჩაზე უნდა აღმოჩნდე.
შეიძლება google map-მა გამცნოს, you have reached your destination-ო, ანუ უკვე ადგილზე ხარო, მაგრამ არაფერი შეგეშალოს, კორნელი სანაძის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დავალებით, 15 დეკემბერს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ათზე მეტი მშენებარე სახლი დაინგრა ან გნებავთ, დემონტაჟი განხორციელდა, თვალუწვდენელია.
აი, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან კორნელი სანაძის ქუჩაა. ან უფრო ზუსტად, გგონია, რომ კორნელი სანაძის ქუჩაა, იმიტომ, რომ ვეღარც აბრას ხედავ სადმე, ვეღარც რაიმე ნიშანწყალს იმისას, რომ ეს დასახლება, პატარ-პატარა, 15, 20, 30, ჰა ჰა 60 კვადრატული, ბლოკითა და ფიცრებით ნაშენები სახლები, რომელიმე ქუჩას, რაიონს, საერთოდ ქალაქს ეკუთვნის.
- უკაცრავად, აქ გუშინ მშენებარე სახლები დაანგრიეს, ამ გზას გავყვეთ?
ვეძახით ქალს, რომელიც ეზოში, ონკანზე, ბავშვის ტალახიან ბოტებს რეცხავს.
- აი, იმ ფაბრიკის თუ რაღაცის ნანგრევებს ხედავთ? - ხელს იშვერს სადღაც 500 მეტრის იქით, - დაახლოებით მანდ იყვნენ.
აქ ხე არ დგას. მართლა არ დგას. არც ბუჩქი. გაშლილი ველია. Maps.tbilisi.gov.ge-ს თანახმად, დაახლოებით 300 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელსაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილ ნაგავსაყრელად და რკინა-ბეტონის ქარხნის ტერიტორიად მოიხსენიებს, ათობით პატარ-პატარა, 30-დან 60 კვადრატამდე, ბლოკითა და ფიცრებიც ნაშენები სახლები დგას.
ამ ტერიტორიაზე, ბარაკული ტიპის სახლების გაშენება, სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მათი ამბები ერთმანეთს ჰგავს - არ აქვთ საკუთარი ბინა, წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ქირით, აქვთ მწირი შემოსავალი, შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მიწები, სადაც ხალხი პატარა სახლებს აშენებდა და ზოგმა ახლობლების დახმარებით, ზოგმა ბანკიდან გამოტანილი სესხით, მშენებლობები დაიწყეს. იცოდნენ, რომ მათი წამოწყებული საქმე უკანონო იყო, მაგრამ მაინც რისკავდნენ, რადგან გაგონილი ჰქონდათ, რომ ამ ტერიტორიაზე ზოგიერთ მოსახლეს ფართს უკანონებდნენ და იმ იმედით, რომ სამომავლოდ დედაქალაქის მთავრობა მათაც დაუკანონებდა მიწებს, სახლების აშენება გადაწყვიტეს.
ზუსტად ასე ამოაშენა სახლის კედლები ზაზა კურტანიძემაც. გადახურვა ვეღარ მოასწრო. მისი მშენებარე სახლი ბულდოზერმა 15 დეკემბერს წამოაქცია. ზაზა ირწმუნება, რომ მას არანაირი საკუთრება არ გააჩნია და მისი ერთადერთი თავშესაფარი სწორედ ის სახლი უნდა ყოფილიყო, რომელსაც აფრიკის დასახლებაში აშენებდა:
„აიღეთ ჩემი პირადობის დამადასტურებელი ნომერი, წადით და სადაც გინდათ შეამოწმეთ და თუკი სადმე, ჩემს სახელზე, რაიმე საკუთრებას აღმოაჩენთ, მაშ, მომცენ სამუდამო პატიმრობა, თანახმა ვარ. ვიცი, რომ უკანონოდ ვაშენებდი, ვიცი, რომ მიწა მე არ მეკუთვნოდა, ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ არ მქონდა სხვა გზა. წლებია ქირით ვცხოვრობ. ეს პანდემია წამოგვეწია და სამუშაოც აღარ მაქვს, მშენებლობაზე ვმუშაობდი მუშად. ახლა დროებით ჩემი დის გარაჟში ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი, მაგრამ როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე?“
არანაირი სახლ-კარი, არანაირი საკუთრება არ გამაჩნიაო, - იფიცება ვალერი სოლომნიშვილი. ვერც მისი მშენებარე სახლი გადაურჩა დემონტაჟს. ვალერი და მისი ოჯახი 2009 წლიდან აფრიკის დასახლებაში, ყოფილი რკინა-ბეტონის ქარხნის ტერიტორიაზე ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ, ნაგავსაყრელი მოვასუფთავეთ და შეკოწიწებული ფულით, ნაწილ-ნაწილ პატარა სახლების მშენებლობა გადავწყვიტეთო:
„მეგობრებიც მეხმარებოდნენ, თითო-თითო პარკ ცემენტს მაძლევდნენ, თითო-თითო ბლოკს და აი ასე ავაშენეთ, რაც ავაშენეთ. გუშინ მივიდნენ და დაგვინგრიეს. ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, აქ სახლს ნუ აშენებო. გადახურვა ვერ მოვასწარი. სამი შვილი მყავს. ორი არასრულწლოვანია. არანაირი საკუთრებას არ ვფლობ. ყველას პირადობა კარგად იციან. გადაამოწმონ და ნახონ, რისი მფლობელი ვარ“.
მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, დაკავებებისა, ორსული ქალის დაშავებისა, 15 დეკემბერს, აფრიკის დასახლებაში, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა მაინც დაანგრია. ტერიტორიაზე ბულდოზერი დაახლოებით ორ საათს მუშაობდა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მშენებლობა არ შეწყდა და შედეგად, გადაწყდა ნაგებობების დემონტაჟი.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იმ შენობებში, რომელთა დემონტაჟიც 15 დეკემბერს განხორციელდა, არავინ ცხოვრობდა, რადგან ისინი მშენებარე სახლები იყო. 16 დეკემბერს კი იმ პირების სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც მისი თქმით, უკანონოდ იტაცებენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებს, არ არიან არც უსახლკაროები, არც სოციალურად დაუცველები და სხვა ქონებასაც ფლობენ.
კახა კალაძე შეუვალი იყო და აცხადებდა, რომ ის, როგორც დედაქალაქის მერი, არ დაუშვებდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების მიტაცების ფაქტს. მერს საფუძვლიანი ეჭვიც აქვს, რომ საქმე ეხება „თაღლითურ სქემას, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ“. ის ამბობს, რომ თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა.
„მე რომ სხვა ქონებას ვფლობდე, აქ მოვიდოდი საცხოვრებლად?“ - გვეუბნება 36 წლის დიანა. რამდენიმე თვეა, რაც ორ შვილთან და ქმართან ერთად, აფრიკის დასახლებაში, რკინა-ბეტონის ქარხნის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი ქმარი, ალექსანდრე, შორიდანვე გვიქნევს ხელს, გვანიშნებს, „მანქანით არ შემოხვიდეთ, შეიძლება, ჩავარდეთ“. ბოტები ტალახში, როგორც ჭაობში, ისე ეფლობა. ინსტიქტურად თითის წვერებზე იწყებ სიარულს, ვითომ, არიქა, ტალახს მოვერიდოო. სულ ტყუილად.
დიანა ამბობს, რომ ეს მათი ერთადერთი სახლია. აქამდე ქირით ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც უმცროს შვილს, 4 წლის გოგოს, გულის მანკის ოპერაცია გაუკეთეს, მკურნალობის თანხისა და ბინის ქირის მოგროვებას ვეღარ ახერხებდნენ. ბანკიდან 15 ათასლარიანი სესხი გამოიტანეს და ამ ტერიტორიაზე სახლი ააშენეს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, ქმრის ხელფასი, 400 ლარია. ისინი სოციალურ დახმარებას არ იღებენ:
„ქირით რომ ვცხოვრობდით, მოვიდნენ და ისეთი მაღალი ქულები დაგვიწერეს, სოციალურ დახმარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ბავშვს ერთი ოპერაცია კიდევ სჭირდება. გუშინ იმ სახლებს რომ ანგრევდნენ, ჩვენც გული გაგვისკდა, ალბათ ნელ-ნელა აქეთაც გადმოვლენ. სახლი ისე ავაშენეთ და ისე შევედით საცხოვრებლად, არავის გავუფრთხილებივართ, ნუ აშენებთო. მერე მოვიდნენ და ჯარიმა დაგვიწერეს, დღეს ჩვენი ჯარიმა75 ათას ლარს შეადგენს. ჩვენ რომ გვცოდნოდა, ამხელა ჯარიმას გამოგვიწერდნენ, ასეთ რისკს ხომ აღარ გავწევდით. დღეს არ გვინგრევენ სახლს, მაგრამ ხვალ ხომ დაგვინგრევენ. სიმწრით, საკუთარი ხელებით ვაშენეთ ეს სახლი. აბა კარგად გაიხედ-გამოიხედეთ, თქვენ რომ სხვა საცხოვრებელი გქონდეთ, ფული გქონდეთ, აქ მოხვიდოდით საცხოვრებლად? თუ მოწვიმს, გარეთ ვერ გახვალ, მუხლამდე ტალახში ეფლობი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ გვაჩუქონ ეს მიწები. იქნებ მოვილაპარაკოთ, ისევ ავიღებთ ვალს, კიდევ უფრო გავიჭირვებთ და შევისყიდით იმ ტერიტორიებს, სადაც ვცხოვრობთ“.
არც 31 წლის სოფია სთხოვს დედაქალაქის მერიას მიწას საჩუქრად. სოფია ორსულადაა. სახლის ზღურბლზე დგას, ფანჯრიდან მისი ორი მცირეწლოვანი შვილი იყურება. ერთი წელია, რაც შვილებთან ერთად, აფრიკის დასახლებაში ცხოვრობს. 60 კვადრატულ მეტრ სახლს რამდენიმე თვე აშენებდა. როგორც კი სახლი გადახურა, მასაც, ისევე, როგორც ამ ტერიტორიაზე აშენებული სახლების პატრონების უმრავლესობას, 75 ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ახლა, დედაქალაქის მერთან ერთი კითხვა აქვს, დაანგრევენ თუ არა მის სახლსაც:
„გუშინ ის სახლები დაანგრიეს, სადაც ჯერ ხალხი არ იყო შესახლებული, მაგრამ როგორც ვიცი, მალე აპირებდნენ შესახლებას. ზოგი ამბობდა, საახალწლოდ უნდა გადმოვსულიყავითო. თქვეს, რომ აქეთ, ქარხნის ტერიტორიისკენ მოიწევენ და მალე ამ სახლებსაც აიღებენო. მე ვერ მოვისმინე ზუსტი პასუხი, მართალია გუშინ არ დაგვინგრიეს სახლები, მაგრამ როდის აპირებენ, რომ დაანგრიონ? თუ ჩვენც ასე უეცრად მოგვდგებიან? მე არ ვთხოვ მთავრობას, რომ ეს მიწა მაჩუქონ, უბრალოდ იმ ფასად მოგვყიდონ, რისი გადახდის თავიც გვექნება“.
სექტემბრიდან ცოტა დროა გასული, ამიტომ აფრიკის დასახლების მკვიდრთ კარგად ახსოვთ წინასაარჩევნოდ, მათთან მისული "ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი და მისი დაპირება, მიწების რეგისტრაციის შესახებ. 16 დეკემბერს, დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ სუბარი ლაპარაკობდა არა იმგვარი მიწების დაკანონების შესაძლებლობაზე, რომელიც უკანონოდ არის მიტაცებული, არამედ იმ სახლების დაკანონებაზე, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ საკუთრებაში არ არის:
„წინასაარჩევნოდ გავახსენდებით ხოლმე, ჩვენც იმედი მოგვეცემა და რეალურად, აი, რა დღეშიც ვართ, თავად ხედავთ“ – 31 წლის ნინო, 4 შვილის მარტოხელა დედა წლებია ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცხოვრობს. პროდუქტის საყიდლად არის გამოსული. ცდილობს შარვლის ტოტები ზევით აიწიოს. ხელში პარკი უჭირავს:
„ღმერთისგან მიტოვებული ადგილია. აქ რა გინდა, თუ გაჭირვებული არ ხარ. მაღაზიაში რომ გახვიდე კილომეტრები უნდა იარო ტალახში. ახლა სკოლა არ არის, თორემ ბავშვი რომ სკოლაში წაიყვანო, ან ხელში აყვანილმა უნდა ატარო, ან ქვევით, „ზღაპართან“ რომ ჩახვალ, იქ გამოუცვალო ფეხსაცმელი და ისე გაუშვა. ზაფხულში ტალახი შრება, სამაგიეროდ, გველებით ივსება აქაურობა. გარეთ ვერ გაუშვებ ბავშვს. და თურმე, სხვა ქონება და სახლ-კარი გვქონია და მაინც აქ გვინდა ცხოვრება“.
სანამ კორნელი სანაძის ქუჩიდან არ გამოაღწევ, ფეხების ბერტყვას, ფეხსაცმლიდან ტალახის მოცილებას აზრი არ აქვს. მოდიხარ, მოდიხარ და ორი ძალიან გულუბრყვილო კითხვა გიტრიალებს თავში, ნეტა, ან ამ ხალხმა როგორ მოაგნო აქაურობას და მერე, ამ ხალხს როგორ მოაგნო დედაქალაქის მერიამ.
და ჰო, გუშინ, დედაქალაქის მერმა მიაგნო არა მხოლოდ კორნელი სანაძის ქუჩას, არამედ მიაგნო იმ მამა-შვილსაც, რომელთა ფოტოც 15 დეკემბერს, სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელდა - მობუზული მამა და მასზე აკრული პატარა ბიჭი მშენებარე სახლების დემონტაჟს უყურებენ. იქვე, მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები მამა-შვილის სახლი 15 დეკემბერს არ დაუნგრევიათ.
ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას, კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ მამა-შვილისთვის ბინა ეჩუქებინა დევიზით: „როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები“...