Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი გარდაცვლილი ოკუპირებულ ახალგორში


ახალგორი
ახალგორი

მანანა სტეფანოვი ახლა გარდაცვლილი ძმის სურათებს კომპიუტერში ათვალიერებს და თან  დასტირის.

63 წლის გურამ სტეფანოვი წუხელ ახალგორში გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა. ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში იწვა, ახალგორის საავადმყოფოშიც მძიმე მდგომარეობაში ორჯერ მოხვდა, მაგრამ გადარჩა, წუხელ კი ადგილობრივმა სასწრაფომ მისი დახმარება ვეღარ შეძლო. მანანა სტეფანოვი რუსთავში ცხოვრობს და გარდაცვლილ ძმას უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილებს. გურამ სტეფანოვს ახალგორში ყველა იცნობდა. მას, როგორც სიკეთით სავსე ადამიანს, ისე ახასიათებენ. ახლა წეროვანში მცხოვრები ახალგორელები მის ნათესავებს სოციალური ქსელებით უსამძიმრებენ. 15 თვეა, დაბა ახალგორისკენ გზა ჩაკეტილია და, ჩაკეტილიც რომ არ იყოს, მანანას გადასაადგილებელი სპეციალური საშვის ვადაც ამოეწურა.

„ვერ შევალ, არც ცნობა მაქვს და არც არაფერი, თან გზა ჩაკეტილია. კომპიუტერთან ვზივარ და აქ ფოტოებზე დავტირი. აბა, რა ვქნა! ერთადერთი ძმა მყავდა და მას იქ ვერ ვტირივარ“.

როგორც გარდაცვლილის და რადიო თავისუფლებას უამბობს, გურამ სტეფანოვი ჯანმრთელობის პრობლემების გამო პირველად ცხინვალში ზაფხულში გადაიყვანეს. ოჯახს სურვილი ჰქონდა, რომ ის წითელი ჯვრის დახმარებით თბილისის რომელიმე კლინიკაში გადმოეყვანათ და მკურნალობა იქ გაეგრძელებინათ, მაგრამ, როგორც მანანა სტეფანოვი ამბობს, გურამს იმისი უფრო შეეშინდა, რომ ჩაკეტილი გზის გამო სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა და უარი თქვა, დე ფაქტო რესპუბლიკაში კი მაღალკვალიფიციური დახმარება მას ვერ გაუწიეს.

„ცხინვალში გადაიყვანეს და ცხინვალიდან გვინდოდა წითელი ჯვრით გადმოგვეყვანა, მაგრამ თვითონ უარი თქვა. არაო, ეშინოდა, ვაითუ გადავიდე და მერე უკან აღარ შემომიშვანო. საოპერაციო იყო, პროსტატის სიმსივნე ჰქონდა. ვეუბნებოდი, გაგიყვან, ძმაო, და გიმკურნალებ-მეთქი და არ წამოვიდა. ექიმი ონისე გათენაშვილი რომ იყო, მაგან გამოიყვანა როგორღაც მდგომარეობიდან. ახლა კიდევ დაემართა სისხლდენა და გუშინ სასწრაფოს გამოუძახეს, ძალიან დასუსტებული იყო. გაუკეთეს ნემსი, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს. სექტემბრიდან ჩაკეტეს გზა და ვეღარავინ ვერც შევდიოდით და ვერც გამოვდიოდით. აღარც ცნობა (სპეციალური საშვი) მაქვს, გაუვიდა ვადა. გზა რომ გახსნილი ყოფილიყო, წამოვიყვანდი, ვიდრე ასე გაურთულდებოდა. აბა, ეგრე ხომ არ დავტოვებდი?“- ამბობს მანანა სტეფანოვი.

ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ დაბაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია და იქ მცხოვრები ადამიანები მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. თინიკაშვილმა სტეფანოვის გარდაცვალება დღეს შეიტყო. მისი თქმით, ოჯახს მისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.

რამდენიმე თვის წინ გურამ სტაფანოვს ახალგორელი ექიმი ონისე გათენაშვილი შეძლებისდაგვარად დაეხმარა.

68 წლის ონისე გათენაშვილი ახალგორის საავადმყოფოს ქირურგი იყო. ნოემბერში იგი კორონავირუსით დაინფიცირდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გაგზავნა, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალელმა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა.

დაბა ახალგორი, 1 წელი და 3 თვეა, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონრებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ. ახლა ახალგორში სხვა რეალობაა, ჰუმანიტარული კრიზისია და დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს. საქართველოს სახელმწიფო უწყებების ცნობით, მას შემდეგ, რაც ბიბილოვის ხელისუფლებამ ახალგორი სრულ იზოლაციაში მოაქცია, 16 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ ვერ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება თბილისის კლინიკებში. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა ორ ათეულზე მეტია. ახალგორელები შექმნილი ვითარების გამო როგორც საქართველოს, ისე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვენ.

XS
SM
MD
LG