Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იბადება თუ არა სამოქალაქო პროტესტის ახალი კულტურა, ცხინვალის აქციების ფონზე


ინალ ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო დემონსტრაცია. 2020 წლის 7 დეკემბერი, ცხინვალი.
ინალ ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო დემონსტრაცია. 2020 წლის 7 დეკემბერი, ცხინვალი.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი ყოველ დილით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიდის და ერთი საათით აქციის მონაწილეებთან რჩება - იმ აქციის მონაწილეებთან, რომლებიც, მერვე დღეა, უწყვეტ რეჟიმში ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიან და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

„ჯაბიევის ოჯახი ამ შემთხვევაში გამოხატავს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობრივ პოზიციას. ისინი იბრძვიან არა მარტო საკუთარი სიმართლისთვის, არამედ ჩვენი საერთო მომავლისთვისაც. მე ჩემი მცირე წვლილი ამ საქმეში ასე შემაქვს - ყოველდღიურად ერთი საათი მათ გვერდით ვდგავარ“, - ამბობს თემურ ცხურბათი.

ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ყოველდღიურად 50-100 ადამიანი იკრიბება ჯაბიევებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. როგორც პოლიტოლოგი დინა ალბოროვა აცხადებს, ეს არ არის კრიტიკული მასა, მაგრამ პანდემიისა და ზამთრის სიცივეების ფონზე ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი:

ინალ ჯაბიევის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია ცხინვალში. 2020 წლის 7 დეკემბერი.
ინალ ჯაბიევის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია ცხინვალში. 2020 წლის 7 დეკემბერი.

„ბევრი ამბობს, რომ 50 ადამიანი - ეს არ არის კრიტიკული მასა, რომელმაც შეიძლება რამე შეცვალოს, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს არის გზავნილი ჯაბიევის ოჯახის მხარდასაჭერად. ასევეა მდუმარე პროტესტი და ის, რომ არავის სჯერა ობიექტური გამოძიების, არავის სჯერა ხელისუფლების არც ერთი სიტყვის, რომელსაც ის მედიის საშუალებით ავრცელებს“.

როგორც ჩანს, ეს გზავნილი ცხინვალში სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის. სოციალურ ქსელში ასობით კომენტატორი აკრიტიკებს ბიბილოვის ხელისუფლებას იმის გამო, რომ მკვლელობის გამოძიების სამართლიანობა ეჭქვეშ დააყენა, როცა უარი თქვა დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებაზე. არ მოსწონთ ცხინვალელებს, რომ პლედებში გახვეული, სიცივისგან აკანკალებული ქალები „ომონმა“ და მილიციამ ალყაში მოაქცია და მოქალაქეებს მათთან საკვების, ცხელი ჩაისა და გამათბობლების მიტანას უკრძალავს. ვირუსულად ვრცელდებოდა ვიდეოები იმის შესახებ, თუ როგორ უქმნიდნენ ძალოვანები აქციაზე მიმსვლელ ადამიანებს ბარიერებს.

ალყაშემორტყმული აქციის სიახლოვეს ძალოვანების ქცევა ასე აღწერა „კავკაზსკი უზელის“ ცხინვალელმა ბლოგერმა ალან ფარასტაევმა. იგი სვამს კითხვას:

„-რატომ იყენებენ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებს? გარდა ერთი ვერსიისა, „შეგაშინოთ“, სხვა არაფერი მაფიქრდება.

სამშობიარო სახლისკენ მიმავალი მეც გამაჩერეს (მილიციელებმა). მკითხეს, რა მედო პაკეტში. მე გულწრფელად ვაღიარე, რომ პური მიმქონდა.

-სად? -იყო შემდეგი კითხვა. მე ვუპასუხე, რომ სახლში.

-და იმათთან არა? სად მიგაქვს? - მკაცრად გამიმეორა კითხვა მილიციონერმა.

-არა, მათთან არა.

-თუ მათთან არა, გადადი ქუჩის მეორე მხარეს. იმ მხარეს იარე. ამ მხარეს არ იარო.

-კარგი, მე ისედაც სახლისკენ გზა ქუჩის მეორე მხარეს მაქვს“, - წერს ბლოგერი.

ძალოვანთა ქცევას მძაფრი კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა სოციალურ ქსელებში და ბიბილოვის ხელისუფლებაც იძულებული გახდა პირველ დათმობაზე წასულიყო. „ომონმა“ და მილიციამ ერთი კვირის წინ თეატრალურ მოედანთან მისასვლელი ჩაკეტილი გზები გახსნეს, ალყაც ცოტა მოშორებით გადაიტანეს, თუმცა იქ მიმსვლელთა თვალთვალი ისევ გააგრძელეს. იქ მიმსვლელებს კი სახელისუფლებო ტროლები ლანძღავენ და მათი დისკრედიტაციისთვის რას აღარ აბრალებენ. მაგალითად, „პროქართულ“ განწყობებს. ასეთ განწყობას კი ცხინვალში უმრავლესობა ე.წ. მტერთან თანამშრომლობად აღიქვამს. აქციის მონაწილეებიც და იქ მიმსვლელებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ მხოლოდ სამართლიანი გამოძიება უნდათ. ამიტომ ტროლ-ბოტებისა და პროპაგანდის დეზინფორმაციული შტურმი არცთუ წარმატებული აღმოჩნდა.

სწორ სამოქალაქო საქციელად მიიჩნევს კომენტატორების ნაწილი ადგილობრივი ტელევიზიის უკვე ყოფილი ჟურნალისტის, ალან თიბილოვის, ქცევას, თიბილოვისა, რომელმაც პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. მან ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თიბილოვის თქმით, მისთვის მიუღებელია იმ მედიაორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას არ აშუქებს.

„მინდა ვუპასუხო იმ კითხვას, რომელსაც მეგობრები და ნაცნობები ხშირად მისვამენ. რატომ არ არის რეპორტაჟი იმ მოედნიდან, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს? ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტის ამოცანაა მოსახლეობის ინფორმირება და არა გაჩუმება ასეთ სიტუაციებში. მე არასოდეს მიმუშავია მოგებისა და ფულისთვის. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა რესპუბლიკისთვის. სამწუხაროდ, რეპორტაჟის გადაღება ვერ მოვახერხე, თუმცა მსურდა. მე ბოდიშს ვუხდი ინალის დედას. ბავშვობაში ფეხბურთზე (ინალ ჯაბიევთან) ერთად დავდიოდი. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამორალურია ამ ამბის დამალვა. დიახ, გუშინდელი დღიდან აღარ ვმუშაობ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „ირ"-ში. მადლობა ყველას, ვინც ჩემთან თანამშრომლობდა ადამიანური დამოკიდებულებისთვის", - წერს ალან თიბილოვი.

ოკუპირებულ ცხინვალში მედიასაშუალებების უმრავლესობა ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გავლენა ასეთ მედიაზე დიდია. სწორედ ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „ირ“-ში მუშაობდა ალან თიბილოვი.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, ჯაბიევის ოჯახს სურვილი აქვს, რომ საკუთარი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გააგონოს და მათგანაც მიიღოს მხარდაჭერა, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ აცხადებენ, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება მათ მაშინვე უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადებს და სოციალური ქსელებით მათ დისკრედიტაციას

დაიწყებს. პროპაგანდამ კი ასეთი დეზინფორმაციული კამპანია უკვე დაიწყო იმ პოლიტიკოსების მისამართით, ვინც ოჯახის მიმართ სოლიდარულია და დე ფაქტო პარლამენტის ბოიკოტის ერთგული რჩება. მაგალითად, დე ფაქტო დეპუტატ დავით სანაკოევს ტროლები და ბოტები „პროქართულ“ პოლიტიკოსს უწოდებენ, თემურ ცხურბათს კი ე.წ. „მტერთან“ (ქართველებთან) თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და ბრალს იმაშიც სდებენ, რომ ცხინვალის მოედანზე გადაღებულ ვიდეომასალებს ქართულ მედიას აწვდის.

ცხინვალში მიმდინარე პროცესებს თბილისიდან თვალს ადევნებს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი. მისი თქმით, სოციალური პრობლემები და უსამართლობის განცდა ადგილობრივ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობას ზრდის და ამის გამო ცხინვალელები სოლიდარობას გამოხატავენ ჯაბიევის ოჯახის მიმართ.

„ზოგადად, ძლიერი საპროტესტო განწყობაა ცხინვალში და ეს განწყობა ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული. მათ შორისაა იზოლაცია, რაც პანდემიამ გამოიწვია, და ამან უმუშევრობა და ბევრი ეკონომიკური პრობლემა გააჩინა. ამას დაემატა უსამართლობა, რაც მუდმივად თანმდევი პროცესია ცხინვალში არსებული რეჟიმის. და ეს ყველაფერი მოსახლეობის განწყობებზე აისახება და მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს ჯაბიევის ოჯახს უჭერს მხარს. ოჯახის მიმართ ძალიან დიდი სოლიდარობის განცდაა, რაც, პირველ რიგში, ამ ტრაგედიის მასშტაბმა გამოიწვია და ხელისუფლების უსამართლობამ. მთლიანობაში, ამ ყველაფერს ემატება ნეგატიური განწყობები ბიბილოვის ხელისუფლების მიმართ, რაც მოსახლეობაში რეალურად არსებობს. ოსური საზოგადოების შეგნებაც ამაღლდა იმ გაგებით, რომ ამ პროტესტს არა აქვს ის რადიკალური ფორმა, რაც ადრე უფრო იყო ხოლმე. სამოქალაქო პროტესტის ფორმა აქვს, რაც ამ საზოგადოების უფრო მომწიფებულობაზე მეტყველებს“.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ამ დრომდე მოითხოვს ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა.

გასული კვრის ბოლოს, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში დაიწყო უწყვეტი საპროტესტო აქცია სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG