„ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ერთი შეხედვით, იოლი არ არის ამ ანდაზის მორგება COVID-19-ისთვის, მაგრამ როგორც ყველა კრიზისში, წლევანდელ პანდემიაშიც შეიძლება დადებითი მხარეების გამოძებნა.
პანდემიის პირობებში აშკარად უფრო სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, ვიდრე მანამდე გვქონდა. ბევრმა ადამიანმა შეძლო წონასწორობის აღდგენა სამსახურსა და ოჯახს შორის მას შემდეგ, რაც მათთვის ოჯახი იქცა სამუშაო ადგილად. არის უფრო ფართო მასშტაბის დადებითი ტენდენციებიც - მაგალითად, გაიზარდა თანამშრომლობისა და სოლიდარობის გრძნობა არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებსა და ადამიანების ჯგუფებს შორის, არამედ სახელმწიფოების ურთიერთობებშიც.
უფრო სუფთა გარემო პირველი დადებით ცვლილება იყო, რაც შენიშნა ხალხმა პანდემიის დროს.
მის საწყის ეტაპზე, მარტში, NASA-ს თანამგზავრებმა დაადგინეს, რომ მთელ მსოფლიოში დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება დრამატულად შემცირდა, ზოგან 30%-ითაც კი.
მსოფლიო იმედოვნებს, რომ არც ისე დიდი ხნის შემდეგ განახლდება ტურიზმი და მოგზაურობა. თუმცა ე.წ. არააუცილებელი მგზავრობა - განსაკუთრებით კი მივლინებები - ალბათ მალე არ დაუბრუნდება პანდემიამდელ დონეს.
ოფიციალური მოგზაურობის გამართლება უფრო რთულია
პანდემიამ გვასწავლა, რომ ოფიციალური შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის არ არის აუცილებელი დროისა და ფულის ხარჯვა და ჰაერის დაბინძურება.
პანდემიამ გვასწავლა, რომ ოფიციალური შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის არ არის აუცილებელი დროისა და ფულის ხარჯვა და ჰაერის დაბინძურება.
პოტენციურ დამსაქმებელთან ინტერვიუ, თანამშრომელთა შეხვედრები, საერთაშორისო სამიტები - მსოფლიო სულ უფრო მეტად ეჩვევა ყველაფერ ამის ონლაინრეჟიმში კეთებას.
ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ფიქრობს, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში „გარკვეული დონის შემცირებაა“ მოსალოდნელი დიპლომატებისა და მთავრობის წარმომადგენელთა მივლინებებში.
„ყველაფერი არ დაუბრუნდება თავის ადგილს“, განაცხადა ბორელის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ.
სტანოს თქმით, პირად შეხვედრას ვერაფერი შეცვლის, როცა ლაპარაკია კონფიდენციალობასა და მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებების ეფექტიანობაზე.
„მაგრამ როცა საქმე ეხება... მოსამზადებელ შეხვედრებს, დისკუსიებს და სხვა ტიპის შეხვედრებს, უფრო დაბალ დონეზე, ტექნიკური და სამუშაო დონის შეხვედრებს... დავფიქრდებით, ყველა თვალსაზრისით უფრო ეფექტიანი ხომ არ არის შინ დარჩენა და ამის დისტანციურად გაკეთება. ან აუცილებელია თუ არა თვითმფრინავით ფრენა, დროის გახანგრძლივება და ემისიის გაზრდა“, უთხრა სტანომ რადიო თავისუფლებას.
პანდემია რომ ჩაივლის, მაღალი რანგის ოფიციალური პირები კვლავ გზას დაადგებიან და განაგრძობენ შეხვედრიდან შეხვედრაზე ფრენას და მათ კვლავაც ახლდებიან თან მათი გუნდის წევრებიც.
მაგრამ ლიდერებს სულ უფრო მეტად გაუჭირდებათ გაამართლონ გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვა ძვირად ღირებული მოგზაურობებისთვის. როცა ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, განსაკუთრებით მწვავე დილემის წინაშე აღმოჩნდებიან ის ოფიციალური პირები, რომლებიც გარემოს დასაცავ ზომებს უჭერენ მხარს.
შრომის ჰიბრიდული მოდელი
როცა კომპანიები იძულებული გახდნენ, თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაეყვანათ, ოფისები ლამის ერთ ღამეში დაცარიელდა და აჩრდილების სამფლობელოს დაემსგავსა.
ის კომპანიებიც კი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ დროდადრო შინიდან მუშაობას, ახლა აღიარებენ, რომ ეს ახალი გარდაუვალი რეალობაა.
კომპანია Slack-მა ოფისებში მომუშავე 4700-მდე ადამიანი გამოკითხა. უმრავლესობა აცხადებს, რომ აღარასოდეს სურს მხოლოდ ოფისში მუშაობა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ნათელყოფს, რომ ბევრ ადამიანს მოსწონს შინიდან მუშაობა - ეს მათ საშუალებას აძლევს, ერთგვარი წონასწორობა დაიცვან სამსახურსა და ცხოვრებას შორის, ნაკლებ სტრესში იმყოფებიან და მეტი დრო აქვთ ოჯახისთვის. მუშაობის ასეთი რეჟიმი თანამშრომლებს მგზავრობის ფულსაც აზოგვინებს.
კომპანია Slack-მა ოფისებში მომუშავე 4700-მდე ადამიანი გამოკითხა. უმრავლესობა აცხადებს, რომ აღარასოდეს სურს მხოლოდ ოფისში მუშაობა.
გამოკითხვამ, რომელსაც Future Forum-ი ეწოდება, აჩვენა, რომ რესპონდენტების 72%-ს ურჩევნია ჰიბრიდული მოდელი, როცა სამსახურში მხოლოდ გარკვეულ დროს ატარებენ.
მხოლოდ 13%-ს სურს მხოლოდ შინიდან მუშაობა და მხოლოდ 12%-ს - მხოლოდ სამსახურიდან.
ეს იმის დასტურია, რომ მომავალში მრავალი კომპანია გადავა ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე, ყოველ შემთხვევაში - განვითარებულ ქვეყნებში.
ადამიანის საუკეთესო მეგობარი
შინიდან მუშაობის წყალობით ბევრ ადამიანს ეზოგება შინიდან სამსახურში მგზავრობის, საკვებისა და ტანსაცმლის ფული.
მაგრამ, ამავე დროს, ბევრს ენატრება ადამიანებთან კონტაქტი და უჭირს იმ აკრძალვების პირობებში ცხოვრება, რომლებსაც პანდემიის გამო აწესებენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მარტოობასა და უკონტაქტობასთან გამკლავებაში მათ ძალიან დიდ დახმარებას უწევენ შინაური ცხოველები.
მას მერე, რაც პანდემია დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებში უპრეცედენტოდ გაიზარდა უპატრონო ცხოველების აყვანის მსურველთა რიცხვი.
მას მერე, რაც პანდემია დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებში უპრეცედენტოდ გაიზარდა უპატრონო ცხოველების აყვანის მსურველთა რიცხვი.
„ამერიკაში ცხოველების მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოება“ იტყობინება, რომ მარტიდან მოყოლებული, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში 70%-ით გაიზარდა უპატრონო ცხოველთა აყვანის შემთხვევები.
თუმცა ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ახალმა პატრონებმა კვლავ მიატოვეს აყვანილი ცხოველები, რადგან მათთვის საკმარისი დრო აღარ ჰქონდათ. მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია.
რეალობაში დაბრუნება
პანდემიის პირობებში უკიდურესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებში მუშაობით ირჩენენ თავს. მათ, ფაქტობრივად, შემოსავლის წყარო დაკარგეს.
ეს პრობლემა საკუთარ თავზე გამოცადა საქართველოს მრავალმა მოქალაქემ, რომელიც მეზობელ თურქეთში მოკლევადიანი მუშაობით ირჩენს თავს. მას მერე, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მრავალმა ადამიანმა წამოიწყო საპროტესტო გამოსვლები. ისინი სახელმწიფოსგან ითხოვდნენ იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მათ საკარანტინო ზომების შემოღებამ მიაყენა.
ასეთი ვითარება მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის - ბევრად უფრო შეძლებულებშიც, ვიდრე საქართველოა. თუმცა განსაკუთრებით გაუჭირდათ ღარიბი ქვეყნების მცხოვრებლებს.
მაგრამ ამ გასაჭირს ყველა სხვადასხვანაირად ართმევს თავს და ზოგი ახერხებს, რაღაც დადებითიც დაინახოს კრიზისულ ვითარებაში.
პანდემიამ კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება ეკონომიკურად გაჭირვებული ტაჯიკეთის 9,5-მილიონიან მოსახლეობას. ქვეყნის ეკონომიკაზე განსაკუთრებით აისახა მოგზაურობის აკრძალვა, ვინაიდან ათასობით ტაჯიკი უცხოეთში, ძირითადად რუსეთში, მუშაობს და ამით არჩენს ოჯახს.
მაგრამ როგორც ჩრდილოეთ ტაჯიკეთის ქალაქ ხუჯანდის მკვიდრი, ნეკრულ ამონზოდა ამბობს, „ზოგი ჭირი მარგებელია“.
წელს ამონზოდამ თავისი ეზოს ყოველი კუთხე-კუნჭული გამოიყენა ბოსტნეულის, გოგრისა თუ მწვანილის მოსაყვანად.
გოგრა არასოდეს ყოფილა ასე გემრიელი. სტაფილოც ასეა, ხახვიც კი... იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ყველაფერი ჩვენით მოგვყავს?
„სწრაფად შევისწავლე ბევრი რამ ფერმერობის შესახებ და ეს დამეხმარა, ორჯერ ამეღო მოსავალი“, ამბობს 32 წლის ამონზოდა. „მაგალითად, საადრეო ბოსტნეულის ან ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ შეგიძლიათ ნაკელი გამოიყენოთ სასუქად და რამე სხვა დათესოთ, მაგალითად, სიმინდი ან სორგო“.
„გოგრა არასოდეს ყოფილა ასე გემრიელი. სტაფილოც ასეა, ხახვიც კი“, ამბობს ის და ხუმრობს: „იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ყველაფერი ჩვენით მოგვყავს?“.
ამონზოდას თქმით, საღამოობით ის შვილებს საშინაო დავალებების მომზადებაში ეხმარება, რაც ადრე არასოდეს გაუკეთებია.
პანდემიამდე ის 8-9 თვე მუშაობდა რუსეთის სამრეწველო ქალაქ სურგუტში. ტაჯიკეთში მხოლოდ ზამთრის თვეებში ბრუნდებოდა ხოლმე.
ახლა მისი ოჯახი ძირითადად მისი ცოლის მოკრძალებული ხელფასის ამარა დარჩა. თუმცა საშუალო სკოლის მასწავლებლის ხელფასი ოჯახის გამოსაკვებად არ ჰყოფნით და სახლის რემონტისთვის გადადებული მცირე დანაზოგიდანაც უხდებათ ფულის წამატება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამონზოდამ ისევ რუსეთს უნდა მიაშუროს, როგორც კი გაუქმდება მოგზაურობის აკრძალვა.
„კარგი იყო საკუთარ ოჯახთან ყოფნა, კარგი იყო ბოსტნეულის მოყვანა“, შენიშნავს ამონზოდა. მისი თქმით, ის სიამოვნებით გააკეთებდა ამას მუდმივად.
„მაგრამ რეალისტურად რომ შევხედოთ საქმეს, რუსეთში მუშაობის გარეშე თავს ვერ გავიტანთ“, დასძენს ამონზოდა.