Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: როგორი იქნება მსოფლიო პანდემიის შემდეგ?


ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მუშაობას აახლებენ სკოლები და მაღაზიები; სხვა სახელმწიფოები მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ და როდის უნდა შეამსუბუქონ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველი მკაცრი ზომები. ჟურნალისტები ბევრს წერენ იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც კრიზისის მწვავე ფაზის შემდეგ არის აუცილებლად დასანერგი.

ის ფაქტი, რომ ამ კრიზისის დროს სახელმწიფოები ადამიანების სიცოცხლეს ეკონომიკაზე მაღლა აყენებენ, მოწმობს, რომ სოლიდარობასა და ჰუმანიზმს ალტერნატივა არ აქვსო, წერს ფილოსოფოსი ფრენსის ვოლფი საფრანგეთში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ გამოცემა Libération-ში 20 აპრილს: „ევროპის ქვეყნებს და შემდეგ კონტინენტებს შორის სოლიდარობა აღარაა მხოლოდ ეთიკის საკითხი, ეს უკვე გადარჩენის ამბავია. დღეს თვალს ვადევნებთ მსოფლიოში აღმაფრთოვანებელ თანამშრომლობას მეცნიერთა შორის, რასაც ხვალ შესაძლოა მოჰყვეს ნიღბებისა და სუნთქვის აპარატების დარიგება ევროპის მასშტაბით, ან, კიდევ უკეთესი, აფრიკაში. შემდეგ კი ყველასათვის ხელმისაწვდომი ვაქცინის ან წამლის დრო დადგება. ამ დღის მერე კი - რატომაც არა? - გლობალური ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების, რომლებიც დაფინანსდება მსოფლიოს ერთობლივი დაზღვევით. ... ეს არარეალისტურიაო, მეტყვით. მაგრამ ნუთუ ვერ ხედავთ, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანისტური გზაა რეალისტური?“

შვეიცარიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული Tages-Anzeiger-ი 19 აპრილს აქვეყნებს ეთიკის პროფესორის, პეტერ შაბერის, წერილს, რომელშიც ის საკითხის პოლიტიზაციის დასრულების საჭიროებაზე წერს: „მსოფლიო არ იყო მზად კორონავირუსის პანდემიისთვის - ზოგიერთი სახელმწიფო კიდევ უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვები, მაგრამ, საერთო ჯამში, საჭირო მზაობა არავის აღმოაჩნდა. თუმცა პანდემიის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობდა. ... პოლიტიკოსებს არ სიამოვნებთ ყურადღების ასეთ პრობლემებზე მიპყრობა. მათ ურჩევნიათ, უბრალოდ, განაცხადონ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა გადავსინჯოთ და მეტად პესიმისტები უნდა გავხდეთ. ... მაგრამ თან ისეთ პასიურ პესიმიზმშიც არ უნდა ჩავვარდეთ, რომელშიც მომავალი მხოლოდ უიმედოდ გამოჩნდება და მოგვეჩვენება, რომ ამის შესაცვლელად არაფრის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ პარალელურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველაზე უარესი სცენარის თავიდან ასარიდებლად“.

პოლონეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის Rzeczpospolita 19 აპრილს გამოდის მთელი სოციალური სისტემის რეფორმირების მოწოდებით: „ყველაზე უარესი ის იქნება, ამჟამინდელ კრიზისს, უბრალოდ, ერთ ეპიზოდად თუ ნივიჩნევთ, რომელიც მალე შეიძლება დავივიწყოთ, რადგან ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ ჯანდაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოების ნაკლებად მნიშვნელოვანი სექტორია, რომლის პრობლემების გადაჭრა პრივატიზაციასა და მენეჯმენტის დეცენტრალიზაციას შეუძლია. ... საიმისოდ, რომ სისტემა შეიცვალოს, ხელახლა უნდა აშენდეს სოციალური სოლიდარობის მთელი ჯაჭვი, რომელიც, კონკრეტული ფორმით, მაგალითად, საგადასახადო სისტემაში ვლინდება. ამჟამინდელი კრიზისი შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი სახელმწიფოს სერიოზული რეფორმირებისთვის“.

შვეიცარიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Le Temps-ი 17 აპრილს იმ ზიანზე წერს, რომელსაც კორონავირუსის პანდემია კულტურის ინსტიტუტებსა და ხელოვანებს აყენებს: „საკარანტინო ზომების დაწყებიდან ყველა ჩვენგანმა ინტერნეტში აღმოაჩინა რაღაც, რამაც პირველ ეტაპზე მიგვიზიდა და შემდეგ მელანქოლიის ბუნდოვანი განცდით დაგვტოვა. ეს შეგვახსენებს, რომ ბერძნული თეატრიდან მოყოლებული, კულტურა კოლექტიური ემოციის გარშემო განვითარდა. პანდემიის შემდგომი მსოფლიო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს გარემოს დაცვას, ვიდრე მანამდე. და ის ადამიანური უნდა იყოს უფრო მეტად, ვიდრე ვირტუალური. როცა ამ ვირუსის მიერ მოტანილი ირიბი ზარალის გაანალიზების დრო მოვა, ტრაგიკული ვითარება შეიქმნება, თუკი ყველაზე მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ისედაც ყველაზე მყიფე ფესტივალები და კულტურული ინსტიტუტები, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონის საზოგადოებრივი ქსოვილის განუყოფელ ნაწილს და არ ოცნებობენ ხელოვნურ სამოთხეებზე“.

სლოვაკეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ერთადერთი უნგრულენოვანი გაზეთი Új Szó 18 აპრილს შენიშნავს, რომ ვითარების ზედმეტი დრამატიზაციაც არ უნდა მოხდეს: „რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მომავლის პესიმისტურ ხედვებზე, რომლებიც მასშტაბურ არეულობებს წინასწარმეტყველებენ? ალბათ, საჭიროა ამ არგუმენტებზე დაფიქრება, მაგრამ, ამავე დროს, ის ემოციები და შიშებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც მათ უკან დგას ხოლმე. რთულ სიტუაციებში ყველას სურს რაღაც საინტერესო თქვას და, რა თქმა უნდა, ამას ზედმეტად დრამატულ განცხადებებთან მივყავართ. არავინაა დაცული ყოველდღიური ცხოვრების შეცვლის შედეგებისგან, მაგრამ ვითარების შესაფასებლად ცოტაოდენი ობიექტურობა მაინც საჭიროა. ... ასეთი არეულობის დროს ფრთხილად უნდა ვიაზროვნოთ. ვირუსი შეიძლება ერთ დღეს გაქრეს, მაგრამ ჩვენ იგივენი დავრჩებით: ჩვენი ჩვევების მძევლები. ამიტომაც არ მჯერა, რომ ზრდასა და მოხმარებაზე ორიენტირებული მსოფლიო უკვე მართლაც წარსულს ჩაბარდა“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.

XS
SM
MD
LG