გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს, ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაა. დაკავებულის ცოლს, ცისანა თაზიაშვილს, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. ცისანა თაზიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა მისი მეუღლის გასათავისუფლებლად, რადგან იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, სხვა შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმედღიანი პატიმრობის და ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ ხოლმე. ამიტომ ცისანა თაზიაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მირიან თაზიაშვილის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
„ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ეს ერგნეთის შეხვედრებზე საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ შემატყობინა. ცხელი ხაზით გვესაუბრნენ და ორთვიანი შეუფარდესო. რას ედავებიან-მეთქი რომ შევეკითხე, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასო. მაგ ამბავზე ყველას ჯარიმით ათავისუფლებენ ხოლმე, ამ კაცს კი თავის სიცოცხლეში არაფერი დაუშავებია ისეთი. ისე ბერდება ეს კაცი, რომ არაფერი დანაშაული არ ჰქონია და ასე რატომ მოექცნენ, არ ვიცი. ანთაძემ მითხრა, პირისპირ შეხვედრა როცა გვექნება ერგნეთში, ამ საკითხზეც ვილაპარაკებთო. ხელისუფლება რამდენად აქტიურად იყო ჩართული მირიანის გათავისუფლების საქმეში, ეგ მე არ ვიცი. ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს. მხოლოდ ანთაძემ დამირეკა რამდენჯერმე და მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ხელისუფლება რომ ჩართულიყო, საქმე აქამდე არ მივიდოდა, იმიტომ რომ ყველას ჯარიმით ათავისუფლებენ. თუ მარტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეედავნენ და ორთვიანი პატიმრობა მისცეს მაგის გამო, ეს იშვიათი რაღაცაა, იმიტომ რომ ყველას ათავისუფლებენ. უამრავი შემთხვევა ვიცი, რომ ჯარიმით ათავისუფლებენ და ჩემი ქმრის ამბავში, ალბათ, ისე არ იყო ჩართული ხელისუფლება, რომ მალე გაეთავისუფლებინათ, იმიტომ რომ საწყლები ვართ, ღარიბები ვართ და არავინ მოგვხედა“, - ამბობს ცისანა თაზიაშვილი.
მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს ზარდიაანთკარის განაპირას, მეზობელ ოსურ სოფელ ხელჩუას სიახლოვეს დააკავეს და ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს, თუმცა ამ ბრალდებით აქამდე საქართველოს მოქალაქეებს 2-3 დღეში, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ათავისუფლებდნენ ხოლმე, თაზიაშვილის შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს დაკავებული მოქალაქეები გარკვეული პერიოდით ჯერ საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ და ამის შემდეგ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ათავსებენ, სადაც სასამართლო სხდომის მოლოდინში კიდევ რამდენიმე დღეს ამყოფებენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. 2008 წლის ომის დროს სოფელი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა, მათი სახლები კი გაძარცვეს და დაწვეს. ზარდიაანთკარელები დევნილებად იქცნენ და 4 წლის განმავლობაში გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ სოფელზე კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, როცა პოლიციური საგუშაგო სოფლის სიღრმეში გადაიტანა. 2012 წელს ზარდიაანთკარელების ნაწილი საკუთარ კერას დაუბრუნდა. სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. დაზიანებულ სახლში დაბრუნდნენ მირიან და ცისანა თაზიაშვილებიც. მირიანი ტაქსაობდა და ასე არჩენდა ოჯახს.
ოკუპაციის ხაზთან არსებულ სოფელში ერთი წლის წინ გენადი ბესტაევიც დააკავეს. 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ის უკვე მეხუთედ იყო დაკავებული. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს. და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით დასახმარებლად მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ.
ადვოკატისგან ის ვიცით, რომ 23 ნოემბერს გაიყვანეს სასამართლოზე, მაგრამ მტკიცებულებები სრულად არ არისო. ვინც დააკავა, იმათი ჩვენებები არ არისო საქმეში...ნანა ბუნტური
საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს განსხვავებულად და არათანმიმდევრულად უდგება. მაგალითად, ორი დღის წინ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შევიტყვეთ, რომ 30 ნოემბერს საქართველოს სამი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. საუბარი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის 2 მცხოვრებზე და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის ერთ მოქალაქეზე, თუმცა ისინი ცხინვალში არ გადაუყვანიათ და, კორონავირუსის გამო შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ე. წ. საზღვრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გამოაძევეს. ზოგს ციხე და ზოგს გაძევება - ვერც დაკავებულთა ნათსავები და ვერც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ერკვევიან, რითაა გამოწვეული ასეთი არათანმიმდევრული მიდგომა.
11 დეკემბერს 5 თვე შესრულდება, რაც სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ზის და უშედეგოდ ელოდება სასამართლოს გამართვას. 23 ნოემბერს პირველი სხდომაც ჩანიშნული იყო, მაგრამ გადაიდო. ზაზას დედა, ნანა ბუნტური, ამბობს, რომ გამოძიებას ჯერ ჩვენებებიც არა აქვს შეგროვებული:
„ადვოკატისგან ის ვიცით, რომ 23 ნოემბერს გაიყვანეს სასამართლოზე, მაგრამ მტკიცებულებები სრულად არ არისო. ვინც დააკავა, იმათი ჩვენებები არ არისო საქმეში. ამის გამო გადადეს სასამართლო პროცესი. ახლა ამბობენ, რომ დეკემბერში გაიმართებაო სასამართლო. პირველივე დღიდან ვითხოვდით ზაზას გამოშვებას, მაგრამ 5 თვე გადის უკვე და არ ვიცით, რა იქნება“.
ერგნეთის შეხვედრები ჩაშლილია და ახლა იმედს ჟენევის ფორმატზე ვამყარებთ. სასამართლო ცხინვალში 24 დეკემბრამდე გადადეს...ირმა ბუთხუზი
ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, იმედით ელოდება ჟენევის დისკუსიის გამართვას, რომლის ჩატარებაც 10-11 დეკემბერს არის დაგეგმილი. ჟენევის დისკუსია მიმდინარე წელს რამდენჯერმე ჩაიშალა, მათ შორის რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების უარის გამო. ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ და ბიბილოვის ხელისუფლებისგან შეხვედრაში მონაწილეობაზე თანხმობა მიიღეს. ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ შესაძლოა ჟენევის დისკუსიის შემდეგ ზაზა გახელაძის საქმის განხილვა ცხინვალში დაჩქარდეს:
„იმის შესახებ ვიცი, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში იყვნენ და შეხვედრა, დიდი ალბათობით, ჩატარდება. ერგნეთის შეხვედრები ჩაშლილია და ახლა იმედს ჟენევის ფორმატზე ვამყარებთ. სასამართლო ცხინვალში 24 დეკემბრამდე გადადეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ მასალები ბოლომდე არა აქვთ შეკრებილი და რუსებსაც ვერ გააცნეს. იმედია, ამას მალე გააკეთებენ და ახლა მხოლოდ ჟენევის იმედს ვებღაუჭები. ხელისუფლებიდან მპირდებიან, რომ ამ საკითხს ჟენევაში აუცილებლად დააყენებენ და იქნებ ახალ წლამდე ზაზას გათავისუფლებაც მოხერხდეს“.
ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ზაზას ოჯახში ახლა ჟენევის დისკუსიისა და სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ჟენევის დისკუსია 10-11 დეკემბერს გაიმართება.