სტატიაში 24 ნოემბერს შეტანილია შესწორება. შეცვლილია მასალის სათაური (ძველი ვერსია იყო - მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში მკურნალობდა) და სტატიის დასაწყისშივე დამატებულია პენიტენციური სამსახურის განცხადების ძირითადი ფრაგმენტი.
როსტომ ჩხეიძესთან ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, რადიო თავისუფლებას პენიტენციური სისტემიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მწერალი მათ სამკურნალო დაწესებულებაში არ მოხვედრილა და, სავარაუდოდ, მან სამედიცინო დახმარება კლინიკა „ვივამედში” მიიღო, სადაც იმავე პერიოდში ორი კოვიდინფიცირებული ბრალდებული მკურნალობდა.
რადიო თავისუფლებისთვის უწყებიდან გამოგზავნილ განცხადებაში წერია: „სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოცემული პირი არ ყოფილა N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, რომელსაც ხშირად "ციხის საავადმყოფოდ" მოიხსენიებენ. შესაძლოა მოცემული პირი მკურნალობის კურსს გადიოდა სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედში", სადაც რამდენიმე დღის წინ გადაყვანილი იყო ორი ახალდაკავებული ბრალდებული, რომლებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში covid-19 დაუდგინდა. ეს პირები მოცემულ კლინიკაში ვირუსის სამკურნალოდ მოთავსდნენ, ვინაიდან "ვივამედი" სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკად არის გადაკეთებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში სამკურნალოდ ვერ მოხვდება პირი, რომელიც არ არის თავისუფლებააღკვეთილი (ბრალდებული/მსჯავრდებული), მით უმეტეს, covid-19-ის სამკურნალოდ“.
მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე, რომელიც კოვიდ-19-ით არის ავად, ამჟამად სახლში მკურნალობს. კრიზისულ პერიოდში დახმარება მას რამდენიმე კლინიკაშიც აღმოუჩინეს, მათ შორის, ადგილების უქონლობის გამო, რამდენიმე დღით, მწერალი ციხის საავადმყოფოშიც კი მოხვდა. თავისი გამოცდილება მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა.
„თავიდან არ ვიცოდი, ციხის საავადმყოფო რომ იყო. უადგილობის გამო კოვიდიანებისთვის ჰქონდათ გამოყოფილი პალატები. ტომოგრაფიაზე რომ ჩავყავდით, რამდენიმე კაცი შემხვდა, თქვენ რაზე ზიხართო. ვერ გავიგე რას მეკითხებოდნენ. მე მეექვსე პალატაში ვარ-მეთქი. არა, რაზე ზიხართო. კიდევ ვერ გავიგე და ფანჯარასთან ვწევარ-მეთქი. აა, ფანჯარასთანო. ზოგი კარგად რომ დამაკვირდებოდა, მეტყოდა, ალბათ სამეურნეო საქმეებზე ზიხარო, ბუღალტერია და მსგავსი რაღაცეები. თან მერე გადაძახილები იყო საავადმყოფოში, კაკუნი, ბრახუნი, ციხეში როგორც ხდება. სანამ გავიგებდი, სად ვიყავი, ვფიქრობდი, რაღაც ხომ არ მეჩვენება-მეთქი.
მე 1832 წლის შეთქმულების ამბავს ვიკვლევ. სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდე ორბელიანი და სხვები ყაზარმაში რომ წაიყვანეს, ერთმანეთს წერილებს უყრიდნენ: სოლომონ, აქა ხარ? ელიზბარ, აქა ხარ? რომ გაეგოთ ვინ იყო დაპატიმრებული და სად იჯდა. ამ გადაძახილებზე სულ ისინი მახსენდებოდა“.
ბოლოს, როდესაც გაირკვა, სად მიიყვანეს სამკურნალოდ, როსტომ ჩხეიძე თავადაც გაეხუმრა პატიმრებს - ახლა მძევლად არ ამიყვანოთო.
„რა უნდა აგიყვანოთ, თვითონ აგვიყვან ყველას ერთადო, ავად იყვნენ ისინიც, ერთმანეთს ეყუდებოდნენ. რომ გამომწერეს და გამოვდივარ საავადმყოფოდან, საბუთები წარმოადგინეო. არაფერი საბუთი თან არ მქონდა. ატყდა სტვენა, გნიასი, შემომარტყეს ალყა, პატიმარი გარბისო. თან ისე მეცვა, მართლა კატორღელს ვგავდი: სპორტული შარვალი, ზემოდან ქურთუკი, კეპიანი ქუდი, გაუპარსავი წვერი... მძღოლი მანქანით მელოდებოდა ქვევით. გაიგო, პატიმარი გარბისო და გადმოვიდა, აინტერესებდა, ვინ გარბოდა, შევრჩი მე. მერე ექიმი ჩამოვიდა და დაადასტურა, რომ არ ვიყავი პატიმარი.
ახლა სახლში ვაგრძელებ მკურნალობას, სუსტად ვარ, მაგრამ მაგის არ შეგეშინდესო, მითხრეს. წამლებს ისევ ვსვამ, სიცხე არ მაქვს. გადავრჩი, ექიმებმა გადამარჩინეს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი რისკის ფასად მუშაობენ, ფაქტობრივად ფრონტზე არიან“.
ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც საქართველოში გამოვლენილი შემთხვევების (3 958) ნახევარზე მეტია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 პაციენტი.