20 ნოემბერს ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ის გაურკვეველი ვადით გადაიდო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ თარიღზე, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისი იქნება.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში ბოლო, 97-ე, შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაზე უკანონო „ბორდერიზაციისა" და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა. ერგნეთის შეხვედრის გამართვას მოუთმენლად ელოდნენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. გახელაძე, მეხუთე თვეა, ცხინვალის ციხეში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმი მას სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმასა და მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხინვალის ციხეში გაუმჯობესებულია და ის ყავარჯნებისა და ჯოხის გარეშე გადაადგილდება. გარდა ამისა, მან სახაზინო ადვოკატისგან შეიტყო, რომ საქმე ცხინვალის სასამართლოს უკვე გადაეცა და ახლა ამ პროცესის გამართვის მოლოდინშია.
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები გულისტკივილით აცხადებენ, რომ დაკავების დღიდან ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხოლოდ ის ესმით, რომ ზაზას გასათავისუფლებლად მუშაობენ, მაგრამ რაში გამოიხატება ეს მუშაობა, ოჯახი ვერ ხვდება. ირმა ბუთხუზის თქმით, ბოლო დროს ინფორმაციასაც კი აღარ აწვდიან.
რამდენიმე დღის წინ ზაზა გახელაძის საქმის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, პანდემიამ არ უნდა შეაჩეროს პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარების პროცესი.
„მოვუწოდებთ რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებებს, გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“, - განაცხადა გილმორმა. საერთაშორისო რეაქციისა და მოწოდებების მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ჯერ არ აპირებს. მისი დაკავებიდან 132 დღე გავიდა. ბოლო დროს მის შესახებ საქართველოში აღარც ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ლაპარაკობენ და აღარც სამოქალაქო სექტორის. ის, ოჯახის წევრების გარდა, თითქოს ყველას დაავიწყდა.
ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ზაზას ოჯახში ახლა სასამართლოს გამართვას ელოდებიან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.